რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა ძალიან რთულ მომენტში იმყოფება ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, მოწამვლის შემდეგ. ამის შესახებ 5 თებერვალს განაცხადა ჟოზეპ ბორელმა, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან მოლაპარაკების დაწყების წინ.
ჟოზეპ ბორელი, რომელიც რუსეთში პირველად ჩავიდა, ვიზიტის დროს დაგეგმილ შეხვედრებზე ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე გაამახვილებს ყურადღებას.
„ჩვენი ურთიერთობა ამჟამად უკიდურესად დაძაბულია, ხოლო ნავალნისთან დაკავშირებული სიტუაცია წარმოადგენს ყველაზე დაბალ წერტილს“, - განაცხადა ჟოზეპ ბორელმა. სტუმართან შეხვედრის დროს, თავის მისასალმებელ სიტყვაში, სერგი ლავროვმა მთავარ პრობლემად დაასახელა „ნორმალურობის არარსებობა“ ევრაზიული სივრცის ორ უდიდეს მოთამაშეს შორის და დასძინა, რომ ასეთი არაჯანსაღი ვითარება სიკეთეს არავის მოუტანსო.
ვიზიტის წინა დღით რუსული გამოცემა „ინტერფაქსისათვის“ მიცემულ ინტერვიუში ჟოზეპ ბორელმა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, საპატიმროდან გაათავისუფლონ ოპოზიციის ლიდერი, ალექსეი ნავალნი, და საპროტესტო აქციების დროს დაკავებული „ათასობით დემონსტრანტი“.
უფრო ადრე ევროკავშირი რუსეთის ხელისუფლებამ მის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა.