Accessibility links

site logo site logo

თამარ გაბუნიას თქმით, ვაქცინაციისას მძიმე ალერგიული რეაქციები მოსალოდნელი არ არის


საილუსტრაციო ფოტო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით ვაქცინაციის დროს „ალერგია არის საყურადღებო მდგომარეობა“ და ის უნდა შეფასდეს ვაქცინაციამდე, ამის შესახებ თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამარულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჯანდაცვის სამინისტრო ამ კვირაში დაამტკიცებს ალერგიული მდგომარეობების შეფასების და პრევენციის პროტოკოლს, რომელიც მომზადდა ალერგოლოგების ექსპერტთა ჯგუფის მიერ. სადაც არის განსაზღვრული ის შეკითხვები, რაც უნდა დაისვას მდგომარეობის შეფასებისთვის, ვიდრე ვაქცინაცია ჩატარდება და შემდგომ როგორ უნდა მოხდეს შესაძლო ალერგიული რეაქციის მართვა“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი განმარტებით, უკვე დაწყებულია იმ სამედიცინო პერსონალის ტრენინგი ვინც ვაქცინაციის პირველ ეტაპს მოემსახურება, მოგვიანებით კი გათვალისწინებულია სრული მოცვა.

ამასთან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით თითოეულ ვაქცინას აქვს თავისი საინფრმაციო პაკეტი, რაც ცნობილი გახდება დაავადებათა კონტოლის ცენტრის მეშვეობით.

„უმრავლეს შემთხვევში მძიმე ალერგიული რეაქციები მოსალოდნელი არ არის, მილიონში შეიძლება ერთეული შემთხვევა დაფიქსირდეს, ბოლო პერიოდში პრაქტიკულად არ დაფიქსირებულა. მაგრამ მზაობის უზრუნველყოფისთვის ეს ყველაფერი უნდა შესრულდეს“,- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

საქართველოში წლის ბოლომდე მოსახლეობის 60 პროცენტის აცრა იგეგმება. მათ შორის, გათვლილია, რომ პროცენტულად ყველაზე დიდი წილი (65%) სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები იქნებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG