Accessibility links

site logo site logo

რა (ვერ) გავიგეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბავშვი მოკვდა - როგორ ტოვებს სისტემა ძალადობის მსხვერპლს მარტო


ვერც პოლიციამ, ვერც ოჯახმა, ვერც სკოლამ, ვერც სოციალურმა სამსახურმა ვერ დაიცვა 14 წლის გოგო ჯერ სავარაუდო სექსუალური ძალადობისგან, შემდეგ კი თვითმკვლელობისგან.

10 თებერვალს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 14 წლის გოგოს გარდაცვალების გამო შს სამინისტრომ საქმე აღძრა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. იმავე ღამით, რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც პოლიციამ ბავშვის გარდაცვალების შესახებ გაიგო, დააკავეს 23 წლის კაცი, რომელსაც ბრალი ედება არასრულწლოვან გოგოსთან სექსუალურ კავშირში.

გარდაცვლილი გოგოს ბაბუას მონაყოლის თანახმად, პოლიციამ მოზარდზე შესაძლო სექსუალური ძალადობის შესახებ, სულ მცირე, ორი თვით ადრე იცოდა. პოლიციისთვის ასევე ცნობილი უნდა ყოფილიყო იმ ადამიანის ვინაობაც, რომელსაც ოჯახის წევრები ძალადობაში ადანაშაულებდნენ და რომელიც პოლიციამ მხოლოდ ბავშვის სავარაუდო თვითმკვლელობის შემდეგ დააკავა.

ბაბუა ჰყვება, რომ ძალადობის შესახებ პოლიციას ოჯახმა დეკემბერში აცნობა, როდესაც შვილიშვილმა უთხრა, რომ იგი ორჯერ გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, პირველად ჯერ კიდევ ზაფხულში. მისი მონათხრობიდან ირკვევა ისიც, რომ შესაძლო ძალადობის შესახებ დაწყებული იყო გამოძიება.

„თბილისიდან არ ჩამოვიდა ექსპერტის [სამედიცინო ექსპერტიზის] ცნობა მალე. ერთი ცნობა ჩამოვიდა, მეორე არა. გამომძიებელს დავურეკე, თვითონ ბავშვმა ამიკრიფა ნომერი და გამომძიებელს ველაპარაკე. ვკითხე, ცნობა ჩამოვიდა? არაო... გოგომ მითხრა, ბაბუ, რა იქნა, ამდენი ხანი მოსკოვიდან ჩამოვიდოდაო... წავედი სამსახურში დილას და საღამოს აგერ ჩამოკიდული დამხვდა. თავიდან მალავდა, ალბათ ემუქრებოდა, არ თქვა, თორე მოგკლავო. 6 თვის მერე მოაკითხა კიდე და კიდე იძალადა. ამის მერე გაიხსნა საქმე“, - ამბობს მოზარდის ბაბუა.

მე როცა გავიგე, რომ არასრულწლოვანი იყო, კი ვიცით, საქართველოში როგორიცაა და მინდოდა ამ გოგოს პატრონობა. რომ არ გაზვიადებულიყო საქმე. და მერე, როგორც წესი და რიგია, როცა გახდებოდა სრულწლოვანი, უნდა დაგვენიშნა და წამოვიყვანდით. მაგრამ სასტიკი უარი თქვეს...
დაკავებული ბიჭის მამა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს ამ ამბის დეტალების შესახებ არც კომენტარი გააკეთა და არც განმარტება. ერთადერთი, რაც უწყებამ თქვა, ისაა, რომ პოლიციამ სავარაუდო მოძალადე დააკავა.

სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 23 წლის კაცის მშობლები არ უარყოფენ მათი შვილისა და მოზარდი გოგოს ნაცნობობას. მამა ჰყვება იმასაც, რომ „ბავშვის დანიშვნასაც” კი აპირებდნენ, თუმცა ცოლ-ქმარი ამბობს, რომ შვილიშვილზე ბაბუა ძალადობდა.

„ბაბუა სისტემატიურად ძალადობდა ამ გოგოზე, თვრებოდა და ძალადობდა. ეს ყველაფერი გაუმხილა ჩემს შვილს. მეგობრობდნენ ჩემი ბიჭი და ეს გოგო. გაუმხილა და უთხრა, მიშველე, წამიყვანე ჩემს მეგობართანო. ჩემს შვილს თითი არ აქვს ძალადობით დაკარებული“, - ამბობს დაკავებული ბიჭის დედა. მამის მონათხრობი კი მიანიშნებს, რომ ოჯახმა იცოდა, რომ მათ შვილს არასრულწლოვანთან ჰქონდა სექსუალური კავშირი.

„მე როცა გავიგე, რომ არასრულწლოვანი იყო, კი ვიცით, საქართველოში როგორიცაა და მინდოდა ამ გოგოს პატრონობა. რომ არ გაზვიადებულიყო საქმე. და მერე, როგორც წესი და რიგია, როცა გახდებოდა სრულწლოვანი, უნდა დაგვენიშნა და წამოვიყვანდით. მაგრამ სასტიკი უარი თქვეს. დაურეკა ჩემს შვილს, მიშველეო. საშველად გავაგზავნე ხალხი და ეს ხალხი სასტიკი უარით დაბრუნდნენ, არ ღირს მაგათთან გასვლაო. გოგომ ერთხელ დარეკა, მას შემდეგ ტელეფონი მას აღარ ჰქონდა“.

14 წლის მოზარდს მამა რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, დედა მალევე თურქეთში გადავიდა საცხოვრებლად და სამუშაოდ. გოგო სოფელში ბაბუასა და 18 წლის ძმასთან ერთად ცხოვრობდა.

ჩვენთვის არაფერი ცნობილი არ იყო. არც პოლიციამ შეგვატყობინა. გავიგე, როცა გარდაიცვალა, ავედი ოჯახში და იქ გავიგე, რომ ასეთი მძიმე ისტორია ჰქონია...
საჯარო სკოლის დირექტორი

სოფლის სკოლის დირექტორი ამბობს, რომ 1 თებერვალს, მას შემდეგ, რაც სწავლა სკოლის შენობაში განახლდა, ბავშვი გაკვეთილებზე არ მისულა.

„დამრიგებელი დაუკავშირდა მოსწავლეს. გვითხრეს, რომ დადიოდა კბილის ექიმთან. პრობლემები ჰქონდა, სტკიოდა კბილი და ბაბუას დაყავდა ექიმთან”, - ამბობს საჯარო სკოლის დირექტორი.

დირექტორის თქმით, მის მოსწავლეზე შესაძლო სექსუალური ძალადობის შესახებ, რის გამოც გამოძიება სავარაუდოდ 2 თვე მიმდინარეობდა, არაფერი იცოდა და არც პოლიციას დაუკითხავს ვინმე სკოლიდან.

„ჩვენთვის არაფერი ცნობილი არ იყო. არც პოლიციამ შეგვატყობინა. გავიგე, როცა გარდაიცვალა, ავედი ოჯახში და იქ გავიგე, რომ ასეთი მძიმე ისტორია ჰქონია. ოჯახში ჩვეულებრივი, ნორმალური სიტუაცია ჰქონდა. ჩვენამდე ასეთი ინფორმაცია არ მოსულა. თუმცა, პრობლემა რომ ჰქონოდა ბავშვს, როგორც ობოლს და მეურვის ზედამხედველობით მყოფს, სოციალური მუშაკი მიჩენილი ჰყავდა. ის სოცმუშაკი ამოწმებდა მის მდგომარეობას. სკოლაშიც რამდენჯერმე იყო ვიზიტით, მისი ყოფითი პრობლემების შესასწავლად: სკოლაში თუ დადიოდა, თუ სწავლობდა, მოწესრიგებული თუ მოდიოდა“, - ჰყვება საჯარო სკოლის დირექტორი.

რადიო თავისუფლებას სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს პრესსამსახური სოცმუშაკთან ინტერვიუს დაჰპირდა, თუმცა, რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ, სოცმუშაკთან ინტერვიუს ნაცვლად სააგენტოს პრესსამსახურმა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას ინტერვიუ გაავრცელა. პრესცენტრის მიერ ჩაწერილ ვიდეომონოლოგში მინისტრის მოადგილე ლაპარაკობს სამინისტროს მიღწევებზე ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით. თითქმის სამწუთიანი ჩანაწერიდან 14 წლის გოგოს სიკვდილს საჯარო მოხელე მხოლოდ 48 წამს უთმობს:

„ნამდვილად ტრაგიკულია, რომ ჩვენ ყველა ბავშვთან ვერ მივდივართ და თითოეულ ბავშვთან ვერ მივაღწიეთ და შესაბამისი სერვისებით გაძლიერება ვერ მოხერხდა თითოეული ოჯახისა. ბავშვი სახელმწიფო ზრუნვაში არ იმყოფებოდა. იყო მზრუნველ ოჯახურ გარემოში. ნათესავებთან ცხოვრობდა. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა არ ავიღოთ და არ ვუზრუნველყოთ თითოეული ბავშვი, რომელიც ოჯახში ცხოვრობს, მისთვის საჭირო და მხარდამჭერი, გამაძლიერებელი სერვისებით“, - ამბობს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, უწყების მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში.

ჯანდაცვის სამინისტროს მსგავსად, 14 წლის გარდაცვლილი გოგოს საქმეზე გაჩენილ კითხვებს უპასუხოდ ტოვებს შინაგან საქმეთა სამინისტროც. ამ დროისთვის უცნობია:

  • ჰყავს თუ არა გამოძიებას სხვა ეჭვმიტანილები?
  • ვის შეიძლებოდა სცოდნოდა დანაშაულის არსებობის დეტალები და დაეფარა?
  • რატომ ან როგორ გამოეპარა სოციალურ სამსახურს და სკოლას ბავშვის მძიმე მდგომარეობა?
  • რატომ დააკავა პოლიციამ ეჭვმიტანილი მხოლოდ მოზარდის თვითმკვლელობის შემდეგ, როცა, სავარაუდოდ, მისი ვინაობა რამდენიმე თვით ადრე იცოდა?
  • რატომ გაიწელა არასრულწლოვანზე შესაძლო სექსუალური ძალადობის გამოძიება მის თვითმკვლელობამდე?

არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 23 წლის კაცის საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლო ხვალ განიხილავს. ამ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვანზე შეცნობით სექსუალურ ძალადობას ნიშნავს. დანაშაული 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG