Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

14 წლის გოგო სოფელ ქაქუთში დღეს დაკრძალეს


14 წლის გოგო, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში დღეს დაკრძალეს. გარდაცვლილი გოგოს დედა, რომელიც 12 წელია თურქეთში ცხოვრობს, შვილის დაკრძალვას პოლიციის თანხლებით დაესწრო. მას გარდაცვლილთან მიახლოების საშუალება მხოლოდ მას შემდეგ მიეცა, რაც გოგოს მამის ნათესავებმა სასაფლაოს ტერიტორია დატოვეს.

თურქეთიდან გუშინ ჩამოსულმა დედამ განაცხადა, რომ მისი გარდაცვლილი ქმრის ნათესავებმა გოგოს სასტიკად სცემეს მას შემდეგ, რაც მოზარდმა თქვა, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

სექსუალური ძალადობის და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულია 23 წლის მამაკაცი, რომელსაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

14 წლის გოგო 9 თებერვალს სახლთან გარდაცვლილი იპოვა ბაბუამ, რომელთანაც მოზარდი ძმასთან ერთად ცხოვრობდა.

ამ საქმეში შესაძლო დაგვიანებული და არაეფექტიანი რეაგირების მიმართულებით თითოეული სახელმწიფო უწყების პასუხისმგებლობის საკითხს სახალხო დამცველი შეისწავლის.

„ქალთა მოძრაობა“ 14 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის საქმეზე პროკურატურის გულგრილობის გამო უწყების პასუხისმგებლობის საკითხის დასმას მოითხოვს და იწყებს 100-დღიან კამპანიას, სახელწოდებით #ნინისგამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG