Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მელია გავრილოვის კომენტარს გამოეხმაურა: „ეს არის პირდაპირი დირექტივა „ქართული ოცნებისთვის“


ნიკა მელია
ნიკა მელია

სერგეი გავრილოვის კომენტარს, რომელიც მან „მთავარ არხს“ მისცა, გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია.

ნიკა მელიას თქმით, გავრცელდა სერგეი გავრილოვის განცხადება, რომელიც მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ და 2019 წლის 20 ივნისის ეროვნულ გამოსვლას სახელმწიფო გადატრიალებად აფასებს. „ეს არის პირდაპირი დირექტივა „ქართული ოცნებისთვის“, პოლიტიკური რეპრესიების გასაგრძელებლად დემოკრატიული ოპოზიციის წარმომადგენლებისა და 20 ივნისის [აქციის] მონაწილეთა წინააღმდეგ და მათ დასასჯელად. ბევრი ალბათ სალაპარაკო აღარაფერი აღარ დარჩა, წილი ნაყარია, ხაზები გავლებულია, ყველაფერი ნათელია. ერთ მხარეს დგას ოკუპანტი გავრილოვი, მეორე მხარეს - ქართველი ხალხის შეუპოვარი პროტესტი. როდის, თუ არა ახლა, „ქართული ოცნების“ ყველა დეპუტატმა საკუთარ თავს უნდა დაუსვას მნიშვნელოვანი შეკითხვა, რომელზეც პასუხის გაცემა თავად მოუწევს მრავალი წლის განმავლობაში - რომელ მხარეს დგანან? გავრილოვების თუ ანწუხელიძეების, მერაბ კოსტავების, ჟიული შარტავების, ზვიად გამსახურდიების და ეროვნული ღირსების მხარეს“, - თქვა ბრიფინგზე მელიამ.

რუსეთის დუმის დეპუტატი კომუნისტური პარტიიდან სერგეი გავრილოვი კომენტარში, რომლის თარგმანსაც „მთავარი არხი“ ავრცელებს, ამბობს, რომ იმუნიტეტის მოხსნა არ ნიშნავს, რომ ადამიანს აუცილებლად ჩასვამენ ციხეში.

„ქართული პოლიტიკა უფრო ემოციურია და პოლიტიკოსები ხშირად აკეთებენ ემოციურ განცხადებებს. ამიტომ, მე არ მინდა საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა. ჩემი ვიზიტი და ცნობილი კონფლიქტი ერთმანეთთან დაკავშირებული არ ყოფილა. მე ვიცი, რომ 2019 წლის ზაფხულში საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო და თუ ნიკა მელიას აკავებენ, ეს ჩემზე თავდასხმის გამო არ არის. ეს არის უბრალოდ საბაბი, რომ გადატრიალება გაემართლებინათ. მე არ მაქვს საშუალება, რომ საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებს თვალი ვადევნო, მაგრამ ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ (შეიძლება, ვცდებოდე), მაგრამ ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების კარგად დაგეგმილი მცდელობა და მიზანი იყო ხელისუფლების ხელში ჩაგდება სააკაშვილის მიერ“, - აცხადებს გავრილოვი.

2019 წლის 20 ივნისს საქართველოს მოქალაქეებმა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იხილეს რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი. მან პრეზიდენტის რანგში გახსნა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა.

ასამბლეის სხდომა ოპოზიციის ძალისხმევით ჩაიშალა. აღელვებული ხალხი ქუჩაში გამოვიდა და გავრილოვს თბილისის დატოვება აიძულა. პროტესტმა პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლა და გაიმართა მრავალათასიანი ანტისაოკუპაციო აქცია, რასაც პოლიციის მხრიდან დემონსტრანდების დაშლა მოჰყვა. აქციის მონაწილეების ნაწილმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო, მათ შორის, ორმა მოქალაქემ თვალი დაკარგა.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით. 2019 წლის 27 ივნისის სასამართლოს განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 30 000 ლარი და ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური.

ამის შემდეგ, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე შეფარდებული გირაო გაიზარდა 40 000 ლარით და გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. მელიას, ასევე, აეკრძალა ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2021 წლის 5 თებერვალს განაცხადა, რომ ბრალდებულ ნიკა მელიას, რომელმაც გირაოს თანხა, 40 000 ლარი არ გადაიხადა სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში, 2020 წლის 24 დეკემბრამდე, დამატებით ერთ კვირას აძლევს მის გადასახდელად. მელიამ იმავე დღეს თქვა, რომ გირაოს არ გადაიხდის და ვერც დააკავებენ.

ერთკვირიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, 12 თებერვალს გენერალურმა პროკურორმა უკვე მე-10 მოწვევის პარლამენტს მიმართა თანხმობისთვის, რათა პროკურატურამ სასამართლოსგან ითხოვოს ნიკა მელიას მიმართ გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით შეცვლა.

მელიას საკითხის განხილვას პარლამენტი 16 თებერვალს იწყებს.

ნიკა მელია საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრია. მიუხედავად იმისა, რომ მას ოპოზიციიდან არჩეულ კიდევ 50 დეპუტატთან ერთად პარლამენტისთვის ოფიციალურად აქვს მიმართული უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით, 2 თებერვალს პარლამენტმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

კიდევ ერთ, „ქართუ ბანკთან" დაკავშირებულ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ მელიას მე-9 მოწვევის პარლამენტში დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტეს.

საქმე ეხება „ქართუს“ გაკოტრების მცდელობას. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი ნიკა მელია დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, 25 ათასი ლარის ჯარიმა დააკისრა და 2 წლის და 3 თვის ვადით ჩამოართვა თანამდებობის დაკავების უფლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG