Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუდანით შეღებილი წიწაკა ქართულ ბაზარზე ისევ იყიდება 


მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში აკრძალულია იმ პროდუქტის შემოტანა, რომელიც სუდანის ჯგუფის საღებავ დანამატს შეიცავს, მაღაზიებში მაინც იყიდება საკვები, რომლის შემადგენლობა შესაძლებელია კიბოს წინაპირობა გახდეს.

სუდანის ჯგუფის საღებავებს ძირითადად წითელ პროდუქტს ურთავენ, ჩვენთან ეს წიწაკა და აჯიკაა. დანამატი საკვებს ლამაზ წითელ ფერს აძლევს და ამგვარად ის უფრო ადვილად იყიდება. 2018 წელს საქართველოდან გატანილი პროდუქტი ევროპის ქვეყნებში სწორედ ამ საღებავის გამო დაიწუნეს.

მაგალითად, „სუდან 1” არის არასაკვები საღებავი, რომელიც, აშშ-ის მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაცით, ძირითადად საყოფაცხოვრებო ნივთების დამზადებისთვის გამოიყენება. ის ადამიანის დნმ-ზე პირდაპირ მოქმედებს. ცხოველებზე ჩატარებული კვლევების საფუძველზე „სუდან 1“ კიბოს გამომწვევ ნივთიერებად არის მიჩნეული.

თბილისის მაღაზიებში ავიღეთ ნიმუშები, როგორც ჩვეულებრივმა მომხმარებლებმა. წითელი პროდუქტები ავარჩიეთ და 14 მათგანში სუდანი გამოვლინდა, - ამბობს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მომხმარებლის უფლებათა დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი, ვახტანგ კობალაძე. ორგანიზაციამ ასეთი ექსპერიმენტი 2019-2020 წლებში სამჯერ ჩაატარა.

ბაზარი ცალკე გამოიკვლია სურსათის ეროვნულმა სააგენტომ. 2019 წელს შემოწმებული 10 პროდუქტიდან 9 სუდანით შეღებილი აღმოჩნდა. აქედან 7 პროდუქტი იყო უზბეკეთიდან შემოტანილი წითელი წიწაკა, 2 შემთხვევაში წიწაკის იმპორტიორ ქვეყანას ვერ მიაკვლიეს.

შემოწმება ჩაატარეს 2020 წელსაც. ამჯერად 34 ნიმუში აიღეს. მათგან 21 ნიმუში იყო წითელი წიწაკა, 3 - აჯიკა, 2 - სვანური მარილი და 8 - საწებლები (კეტჩუპი, ტყემალი, ტომატის პასტა). სუდანის საღებავი აღმოჩნდა 9 მათგანში, ანუ შემოწმებული მასალის 26.4 პროცენტში. სუდანით შეღებილი წიწაკა ეგვიპტიდან, ჩინეთიდან, უზბეკეთიდან და თურქეთიდან იყო შემოტანილი.

ეს ძალიან მაღალი რიცხვია და ამას მარტო სურსათის ეროვნული სააგენტო ვერ უშველის“, - ამბობს გიორგი მიქაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი, და განმარტავს, რომ ეს პროდუქტი ქვეყანაში საბაჟო კონტროლის გამკაცრებამდეა შემოტანილი.

საზღვარზე ზომები 2019 წლის 3 ოქტომბრიდან გამკაცრდა. იმისთვის, რომ საქართველოში წითელი წიწაკა შემოიტანონ, პროდუქტს თან უნდა ახლდეს დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ ის სუდანის საღებავს არ შეიცავს. დოკუმენტი აუცილებელი არ არის ევროკავშირის და კიდევ სხვა რამდენიმე ქვეყნისთვის.

საბაჟო კონტროლის დეპარტამენტის ვეტერინარული, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფროსი ზურაბ კიკალია ამბობს, რომ წლის განმავლობაში საქართველოში 348 ტონა წითელი წიწაკა შემოვიდა, აქედან 45% ინდოეთიდან, 45% - ჩინეთიდან, დანარჩენი 10 პროცენტი კი სხვა ქვეყნებიდან.

უმეტესობას ჰქონდა სათანადო დოკუმენტი, მაგრამ 7 შემთხვევა იყო ისეთი, როცა გამოკვლევაზე უარი გვითხრეს და 570 კგ. წითელი წიწაკა გავანადგურეთ“, - ამბობს ზურაბ კიკალია.

მიუხედავად იმისა, რომ საზღვარზე, უკვე ერთი წელია, ზომები გამკაცრდა, ქართულ ბაზარზე სუდანით გაჯერებული პროდუქტი მაინც გვხდება. როგორც უკვე ვთქვით, ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ შემოწმებული პროდუქტების 26.4 პროცენტი დაბინძურებული იყო.

ბაზარზე დარჩენილი მომწამლავი პროდუქტის გამოსავლენად 2021 წელს სააგენტო კიდევ 33 სინჯის აღებას გეგმავს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG