Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში გარდაიცვალა იონ მიჰაი პაჩეპა, რომელსაც ჩაუშესკუმ რადიო თავისუფლების რუმინული რედაქციის დირექტორის მოკვლა დაავალა   


იონ მიჰაი პაჩეპა
იონ მიჰაი პაჩეპა

კომუნისტური საიდუმლო სამსახურების უამრავი სხვა ბოროტმოქმედების, მოწინააღმდეგის მოსპობის გზების შესახებ, სხვათა შორის, ალბათ ძალიან ბევრი იცოდა იონ მიჰაი პაჩეპამ, სეკურიტატეს, რუმინეთის უშიშროების სამსახურის, უცხოეთის დაზვერვის ყოფილმა გენერალმა, რომელიც, გავრცელებული ცნობით, 14 თებერვალს 92 წლისა აშშ-ში გარდაიცვალა საავადმყოფოში კოვიდ-19-ის დიაგნოზით მიყვანის შემდეგ.

მას ეჭვი არ ეპარებოდა, რომ „კაგებეს და ეფესბეს ყოფილი ოფიცერი, ალექსანდრ ლიტვინენკო მოკლეს. მოკლეს ის, ვფიქრობ, იმის გამო, რომ მან გასცა პუტინის დანაშაულები და გაამხილა, რომ ალ ყაიდაში მეორე პირმა, აიმან ალ-ზაჰავირიმ, ეფესბესთან გაიარა საიდუმლო წვრთნა“, ამტკიცებდა პაჩეპა, რომელმაც დანამდვილებით იცოდა, რომ „კრემლმა არაერთხელ გამოიყენა ატომური იარაღი უცხოეთში პოლიტიკური მტრების მოსაკლავად“. პაჩეპას სტატია, „მკვლელობის კრემლისეული გზები, ძველი ტრადიცია გრძელდება“, 2006 წელს გამოქვეყნდა.

რუმინელი მზვერავის თანახმად, საბჭოთა კავშირის მაშინდელმა მმართველმა, ლეონიდ ბრეჟნევმა, რუმინეთის ლიდერს, ნიკოლაე ჩაუშესკუს, კაგებეს გზით გადასცა ხსნადი რადიოაქტიური თალიუმის ფხვნილი, რომლის საკვებში გახსნა იყო შესაძლებელი. ეს ნივთიერება, რომელსაც რუმინეთში კოდური დასახელება, „რადუ“, მიანიჭეს, თალიუმი, კაგებეს თანახმად, იმგვარად იხსნებოდა ორგანიზმში, რომ იწვევდა რა დაჩქარებულ კიბოს, ავტოპსიის შედეგად ადამიანის სხეულში ვერავითარ კვალს ვერ აღმოაჩენდნენ. პაჩეპა არაერთ შემთხვევას იცნობს, როცა თალიუმი გამოიყენეს მეტ-ნაკლები წარმატებით და მათ შესახებ უფრო დაწვრილებით წერს თავის წიგნში „წითელი ჰორიზონტები“.

იონ პაჩეპა რუმინეთის სადაზვერვო სამსახურს შეუერთდა 1951 წელს და მის რიგებში გაიზარდა.

ის 1978 წელს გადავიდა მოწინააღმდეგის მხარეს და აშშ-ში თავშესაფარი მოითხოვა. ის იყო კომუნისტური ქვეყნების უშიშროების სამსახურების დასავლეთში გაქცეული ყველაზე მაღალი რანგის ოფიცერი.

თავის არაერთ სტატიასა და წიგნში ის წერს იმაზე, თუ როდის გადაწყვიტა აშშ-ში გაქცევა. რუმინელი დიქტატორი ნიკოლაე ჩაუშესკუ თავის მრჩეველს უშიშროების საკითხებში, პაჩეპას, აშკარაა, ენდობოდა. ერთ-ერთი შეხვედრისას პაჩეპამ, მაშინ დაზვერვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, გენერალ ლეიტენანტმა, დავალება მიიღო რუმინეთის სისხლიანი მმართველისგან, ატომური მინიიარაღით, ზემოხსენებული „რადუს“ გზით, მოესპო რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების რუმინული სამსახურის დირექტორი, ნოელ ბერნარდი, რომელიც აცოფებდა ჩაუშესკუს თავისი კომენტარებით. "არ არის საჭირო მომახსენო შედეგების შესახებ", დაამატა ჩაუშესკუმ, "თავად შევიტყობ დასავლური პრესიდან და..."

„ორი დღის შემდეგ ჩაუშესკუმ ბონში გამგზავნა კანცლერ ჰელმუტ შმიდტისთვის საიდუმლო გზავნილის გადასაცემად და მე იქ პოლიტიკური თავშესაფარი მოვითხოვე შეერთებულ შტატებში“, წერს პაჩეპა.

პაჩეპა ამბობს, რომ ის 27 წელი იმის შიშით ცხოვრობდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს მისი ჯერიც დადგებოდა და მასაც დაავალებდნენ ვინმეს მოკვლას.

ის იხსენებდა: "ათი", აღნიშნა ჩემთან ჩაუშესკუმ. "კრემლმა ათი საერთაშორისო ლიდერი მოკლა ან შეეცადა მოეკლა", ამიხსნა მან და თითებზე ჩამოთვალა ისინი“. ჩაუშესკუმ სხვათა შორის დაასახელა ირანის შაჰი, ჩეხი დიპლომატი, იან მასარიკი, ჩინეთის ლიდერი, მაო ძე დუნი, იტალიელი კომუნისტების ლიდერი, ტოლიატი, და თვით აშშ-ის პრეზიდენტი, ჯონ კენედი, რომლის მკვლელობასთან კაგებეს კავშირის შესახებ დაუდასტურებელი ცნობები ყოველთვის ვრცელდებოდა.

ნოელ ბერნარდი კი, რადიო თავისუფალი ევროპის რუმინული რედაქცია, კვლავაც აგრძელებდა რუმინეთის მოქალაქეების ინფორმირებას ჩაუშესკუს დანაშაულების შესახებ. 1981 წლის 21 დეკემბერს იგი კიბოს სწრაფად განვითარებადი ფორმით გარდაიცვალა.

პაჩეპა რადიო თავისუფლების გარშემო წერს, რომ 1988 წლის 1 იანვარს ვლად გეორგესკუმ, ბერნარდის მემკვიდრემ, "წითელი ჰორიზონტების" კითხვა დაიწყო რადიო თავისუფლების ეთერში.

ორიოდე თვის შემდეგ, როცა კითხვა დასრულდა, გეორგესკუმ აუწყა თავის მსმენელებს, რომ რუმინეთის უშიშროების სამსახურმა „სეკურიტატემ“ რამდენჯერმე გააფრთხილა იგი, რომ მოკვდებოდა, თუკი "წითელ ჰორიზონტებს“ ეთერში გაახმიანებდა.

"თუ ისინი პაჩეპას წიგნის გახმიანებისთვის მომკლავენ, მე სუფთა სინდისით მოვკვდები, რომ მოვიხადე ჩემი, როგორც ჟურნალისტის, ვალი", განაცხადა გეორგესკუმ საჯაროდ. რამდენიმე თვის შემდეგ იგი სწრაფად განვითარებადი ფორმის კიბოთი გარდაიცვალა.

პრეზიდენტ ჯიმი კარტერის მთავრობისგან თავშესაფრის მიღების შემდეგ რუმინელ მზვერავს ორჯერ დასჭირდა გვარის გამოცვლა, როცა მისი ვინაობა გამოაშკარავდა და საფრთხე შეექმნა. გავრცელებულია აზრი, რომ ჩაუშესკუმ ჯილდოდ მილიონი დოლარი დააწესა მისთვის, ვინც პაჩეპას დაიჭერდა ან მოკლავდა. პაჩეპა იხსენებდა ძველ ამბავს, 1965 წელს ჩაუშესკუსთან ერთ საუბარსაც რუმინეთის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელზე, რომელიც კაგებემ აითვალწუნა და აღარ ენდობოდა. საღსალამათი კაცი მოულოდნელად გარდაიცვალა.

ჩაუშესკუს უთქვამს პაჩეპასთვის მოკლედ, ჩუმად: "მოსკოვმა მოკლა", ჩამჩურჩულა ახალმა რუმინელმა ლიდერმა, ნიკოლაე ჩაუშესკუმ ამ ამბის მერე რამდენიმე თვის შემდეგ. "კგბ-ს მიერაა დასხივებული", უთქვამს ჩაუშესკუს, რომელსაც, აშკარად შეშინებულს, ბრძანება გაუცია:

დაუყოვნებლივ შემეძინა რადიაციის დასავლური დექტექტორები და საიდუმლოდ დამემონტაჟებინა მის ყველა ოფისსა და რეზიდენციაში.

1987 წელს გამოქვეყნდა პაჩეპას ცნობილი წიგნი, „წითელი ჰორიზონტები,“ რომელიც მალე ითარგმნა რუმინულად და კონტრაბანდულად შეიტანეს კომუნისტურ რუმინეთში. იმავე პერიოდში, როგორც ითქვა, ნაშრომს ეთერში გადასცემდა რადიო თავისუფლება.

1989 წლის დეკემბერში, როცა რუმინეთი ამბოხმა მოიცვა და ჩაუშესკუ დააპატიმრეს, სამხედრო ტრიბუნალის დროს წაიკითხეს ფრაგმენტები პაჩეპას მოგონებებიდან.

„როგორც უნდა შევხედოთ მას და განვსაჯოთ, მისმა წიგნმა „წითელი ჰორიზონტები“ ხელი შეუწყო დიდი სიცრუის გამოაშკარავებას. მას მერე, რაც ზურგი შეაქცია დიქტატურას, რომელსაც ადრე ემსახურებოდა, ის კომუნიზმის შეურიგებელი მოწინააღმდეგე გახდა“, წერს რადიო თავისუფლების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში ვლადიმირ ტისმანიანუ, მერილენდის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის პროფესორი.

2009 წელს პაჩეპამ გამოაქვეყნა აღიარების წიგნი, სახელწოდებით „პირისპირ,“ რომელიც ეფუძნებოდა რუმინელი ჟურნალისტის, ლუსია ლონგინისთვის მიცემული ინტერვიუების სერიას.

2013 წელს პაჩეპამ რიხლიაკთან თანამშრომლობით დაწერა წიგნი „დეზინფორმაცია“, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი, როგორ მუშაობდნენ საბჭოთა კაგებე და მისი მოკავშირე საიდუმლო სამსახურები დასავლეთის მედიაში ყალბი ინფორმაციის გავრცელებაზე. ნაშრომში პირველ პირშია მოთხრობილი საბჭოთა კავშირის მიერ ორგანიზებული ანტიამერიკული და ანტიისრაელური პროპაგანდისტული კამპანიის შესახებ ახლო აღმოსავლეთში ორმოცი წლის წინ, რის შედეგიც დღეს ისლამური ტერორიზმია, თვლის რუმინელი ყოფილი მზვერავი. რადიო თავისუფლებისთვის ამ წიგნის გამოცემის შემდეგ მიცემულ იშვიათ ინტერვიუში ის ჰყვება, რომ რუმინეთის დატოვების პერიოდში, 1978 წელს, რუმინეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა სხვადასხვა ისლამურ ქვეყანაში გაგზავნა 500-მდე ჯაშუში. მათი უმეტესობა იყვნენ რულიგიური მსახურები, ინჟინრები, ექიმები, მასწავლებლები და ხელოვნებათმცოდნეები.

პაჩეპა იხსენებდა, როგორ აძლევდნენ მას საბჭოთა კოლეგები ინსტრუქციებს და როგორ ეფუძნებოდა დეზინფორმაციის თანამედროვე მეთოდები ცარისტული რუსეთის მემკვიდრეობას. მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „ცარისტულმა ანტისემიტიზმმა შვა „პოგრომები“, ნაცისტურმა - ჰოლოკოსტი, ხოლო საბჭოთა ანტისემიტიზმმა გააჩინა საერთაშორისო ტერორიზმი“.

ცნობა იმ ადამიანის გარდაცვალებაზე, რომელმაც ამდენი მნიშვნელოვანი პირის სიკვდილის შესახებ საიდუმლო იცოდა, გაავრცელა როლანდ რიჩლაკმა, 2013 წელს საბჭოთა დეზინფორმაციის შესახებ პაჩეპას მიერ გამოცემული წიგნის თანაავტორმა, რომელმაც რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გარდაცვლილის მეუღლემ ამცნო ეს ამბავი.

რიჩლაკმა თქვა ასევე, რომ მან გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე, როცა მდგომარეობა განსაკუთრებით გართულდა, პაჩეპასთან ტელეფონით ისაუბრა.

თავის პირველ ცოლს პაჩეპა დასავლეთში გადახვეწამდე დაშორდა, ხოლო მეორე ცოლთან აშშ-ში მას ჰყავდა ერთი ქალიშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG