Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგი უგულავა სპეცრაზმზე: ისინი ეტლებითა და ჰუნებითა, ხოლო ჩვენ სახელითა უფლისათა


„დღეს მთელი დღის განმავლობაში ივანიშვილის ტელევიზიებს გქონდათ ჰედლაინად გამოტანილი მელიას დასასრული. მეგობრებო, დღევანდელი დღე არ არის ნიკა მელიას დასასრული. ჩვენს თვალწინ იბადება ახალი ეროვნული მოძრაობა. სამწუხაროდ, იბადება ბრძოლით, იბადება შრომით, იბადება დაპისრისპირებაში, მაგრამ იბადება იმიტომ, რომ მთავარი, რაც ამ ქვეყანას გამოარჩევს რეგიონის ყველა ქვეყნებიდან, ეს არის თავისუფალი ხალხის თავისუფლების სიყვარული. ახლა ვრცელდება ინფორმაცია, რომ სპეცრაზმი შეიძლება დაიძრას, რაზეც ჩვენი ერთობლივი პასუხი არის, სიტყვები ფსალმუნიდან – „ისინი ეტლებითა და ჰუნებითა, ხოლო ჩვენ სახელითა უფლისათა ველოდით მათ“. მოვლენ, დავხვდებით" - თქვა გიგი უგულავამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მას შემდეგ, რაც მოსამართლემ ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო.

"არც ნიკა და არც სხვა, არც ერთი ჩვენგანი მათ არ დანებდება. ჩვენ ვიქნებით მტკიცე, ჩვენ გავუწევთ პროპორციულ წინააღმდეგობას, რადგან ჩვენს მხარეზეა სამართლიანობა. მათ ხელშია სამართალი, ჩვენკენ არის სამართლიანობის განცდა. ჩვენ ვერ ჩამოვყალიბდებით სახელმწიფოდ და საზოგადოებად, ვიდრე სამართლიანობა და სამართალი ერთმანეთს არის აცდენილი. ვიდრე სამართალი არის ერთი ადამიანის ხელში და სამართლიანობის განცდა არის ჩვენს მხარეს, მანამდე ვიხელმძღვანელებთ მხოლოდ სამართლიანობის განცდით და ჩვენ არ მივიღებთ მათ სამართალს, ჩვენ არ მივიღებთ ამ მონა მოსამართლის სამართალს, ჩვენ არ მივიღებთ შარიკოვი შოთაძის სამართალს, ჩვენ არ მივიღებთ ივანიშვილის სამართალს, რადგან ამას სამართლიანობასთან, კანონის უზენაესობასთან არაფერი კავშირი არ აქვს. ეს უნდა იცოდეს ყველამ, ეს უნდა იცოდეს პირველ რიგში ხელისუფლებამ. არ იცის და გავაგებინებთ. ამიტომ, ვიქნებით მშვიდი, როგორც არასდროს და მტკიცე, როგორც არასდროს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

თავად ნიკა მელიამ მისი დაპატიმრების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ თქვა, რომ ამ განაჩენით გასამართლდა ყველა, ვინც ისტორიის ნათელ მხარეს დგას და თავისუფლებისთვის იბრძვის.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 30 000 ლარი (რაც მელიამ გადაიხადა) და ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური.

12 თებერვალს გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს მიმართა თანხმობისთვის, რათა პროკურატურას სასამართლოსგან მოეთხოვა ნიკა მელიას მიმართ გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით შეცვლა.

16 თებერვალს პარლამენტმა მელიას იმუნიტეტი შეუჩერა, რის შემდეგაც პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს.

ნიკა მელია საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრია. მიუხედავად იმისა, რომ მას ოპოზიციიდან არჩეულ კიდევ 50 დეპუტატთან ერთად პარლამენტისთვის ოფიციალურად აქვს მიმართული უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით, 2 თებერვალს პარლამენტმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

XS
SM
MD
LG