Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას მიმართავს


ამერიკელი კონგრესმენი, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჯერი კონოლი საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას მაქსიმალური თავშეკავებისა და მშვიდობიანი მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს.

კონოლის განცხადებით, ხანგრძლივი პოლიტიკური ჩიხის დაძლევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს დემოკრატიული მომავლისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის.

ჯერი კონოლის განცხადებაში, რომელიც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა, ხაზგასმულია ბოლო მოვლენები - „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნა და სასამართლოს მიერ მისთვის პატიმრობის შეფარდება და ამ გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ.

კონოლი აღნიშნავს, რომ ის, როგორც ასამბლეის პრეზიდენტი და აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, პოლიტიკურ კრიზისს შეშფოთებით აკვირდება და ხელისუფლებას და ოპოზიციას მოუწოდებს, აიღონ ვალდებულება, რათა კრიზისი და ღრმა უთანხმოება დაუყოვნებლივ მოგვარდეს მშვიდობიანი მოლაპარაკებებით.

კონოლის შეფასებით, ბოლოდროინდელი პოლიტიკური ტენდენციები, მათ შორის პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავება უპირისპირდება საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესებში შემავალი სამართლიანი დემოკრატიის ფუნქციონირებას.

რესპუბლიკელი კონგრესმენის განცხადებით, სულ რაღაც ათი დღის წინ, კონგრესს ისევ წარუდგინა საქართველოს მხარდამჭერი კანონპროექტი, რომელიც აჩვენებს საქართველოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას, განსაკუთრებით რუსული აგრესიის ფონზე. მაგრამ ასევე, ხაზგასმულია საქართველოში დემოკრატიის შემდგომი განვითარების მნიშვნელობა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, სახელმწიფო სექტორის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების, კანონის უზენაესობის და კორუფციასთან ბრძოლის ჩათვლით.

ჯერი კონოლი აღნიშნავს, რომ გაჭიანურებული პოლიტიკური ჩიხის დაძლევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს დემოკრატიული მომავლისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, ამის მიღწევა კი შესაძლებელია უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის დიალოგისა და ნდობისთვის აუცილებელი პირობების შექმნით.

კონოლის განცხადებით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მზად არის ამ საქმეში საქართველოს მხარდაჭერა გააგრძელოს: "საერთო დემოკრატიული ღირებულებები როგორც ნატოს წევრებს, ისე საქართველოს მსგავს ჩვენს პარტნიორებს შორის, არის ჩვენი უძლიერესი იარაღი მოსკოვში, პეკინსა და სხვაგან არსებული ავტოკრატიების წინააღმდეგ".

18 თებერვალს, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა გიორგი გახარია, რომელმაც მიზეზად დაასახელა ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე მასსა და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებს შორის აზრთა სხვადასხვაობა.

გიორგი გახარიას გადადგომამდე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად პარტიის ცენტრალურ ოფისში მისული შსს-ს თანამშრომლები ოპოზიციის მხარდამჭერებმა შენობაში არ შეუშვეს.

პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ შსს-მ განაცხადა, რომ "ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო". „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გაერთიანებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა მოითხოვეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხზე ხელისუფლებასთან მოლპარაკება.

18 თებერვალს, „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა პარტიის პოლიტიკური მდივანი, თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი და ყოფილი პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. როგორც მან განაცხადა, მალე აღადგენენ წესრიგს და წონასწორობას, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს ნორმალურად, კონსტიტუციის ფარგლებში ფუნქციონირება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG