Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად პარლამენტის წინ კარვებში აპირებს ღამის გათენებას


პარლამენტის წინ პროტესტის კერის შენარჩუნებას გეგმავენ აქციის მონაწილეები. როგორც „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა ამბობს, დადგამენ კარვებს, დაიწყება მორიგეობა. „ყველა პოლიტიკური ლიდერი, შეძლებისდაგვარად, ჯანმრთელობა როგორც მისცემს საშუალებას და გაქანება, დარწმუნებული ვარ, ჩაერთვება ამ ფერხულში. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი თქვენგანიც. ამაღამ კრიტიკული ღამეა. ახლა ბევრნი ვართ და აღარ გაგვაღიზიანეს და თან დილით საზიზღრობა ჩაიდინეს და როგორც კი შეიძლება, ხალხი შემცირდეს, ასე ტურასავით შეიძლება, მოგვეპარონ“, - ამბობს გიგი უგულავა.

როგორც თბილისის ყოფილი მერი ამბობს, კარვებთან იქნება იმ ადამიანების რეგისტრაციოიის შესაძლებლობა, ვინც ღამით დარჩენას აპირებს. „ჩვენ, პოლიტიკური ლიდერებიც გავაკეთებთ გრაფიკს. აქ იქნება ცხელი, კეთილი და თავისუფალი წერტილი“, - დაამატა უგულავამ. მან სთხოვა პოლიტიკურ პარტიებს, თავადაც მოაწყონ კარვები, სადაც შეძლებენ საკუთარი იდეების პოპულარიზაციას, თუმცა, მისი თქმით, მთავარი არის საქართველო.

გიგი უგულავამ ქალაქში კარვების გაშლის საკითხზე წარსულში თავისი პოზიციაც გაიხსენა. „ცოდვა გამხელილი სჯობს, თავის დროზე ეგ სისუსტე მეც მქონდა, როცა მერი ვიყავი. რაღაც მომენტში მეც მივხვდი, რომ ქარის წისქვილებს ვებრძოდი. სისულელეა, მეგობრებო, [თითქოს] „ამახინჯებს ქალაქს“, „გასასვლელი არ არის“. ბიგ-ბენის გვერდით დგას უამრავი ასეთი კარავი და არა მგონია, რომ იქ რამე მახინჯდებოდეს. მე ჩემს მეგობრებთან ერთად ვაპირებ, დღეს დავრჩე, იმიტომ რომ თავდასხმის საფრთხე ამ უგუნურებისგან ძალიან დიდია.

არაფერი დროებითი კონსტრუქციის ნებართვა კარავს არ სჭირდება. დროებითი კონსტრუქცია არის „ბუტკა“, სადაც ვაჭრობა მიდის“, - თქვა უგულავამ.

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, ოპოზიციურმა პარტიებმა მთავრობის კანცელარიასთან აქცია გამართეს. მომდევნო საპროტესტო აქცია-მსვლელობა 26 თებერვალს დაანონსდა.

მანამდე, სამოქალაქო აქტივისტებისა და აქციის მონაწილეების თქმით, პარლამენტის წინ კარვები გაიშლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG