Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარკეტა გრეგოროვა: ეს მოვლენები აბრკოლებს ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას


მარკეტა გრეგოროვა
მარკეტა გრეგოროვა

23 თებერვალს ნაციონალური მოძრაობის შტაბბინაში პოლიციის შეჭრას და პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას, მთელი რიგი დასავლელი პოლიტიკოსების მხრიდან მოჰყვა მწვავე რეაქციები.

დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, თავი შეიკავოს ვითარების დესტაბილიზაციისგან, რამაც სავალალო გავლენა შეიძლება მოახდინოს ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე. ამავე დროს, ისინი ოპოზიციას მოუწოდებენ, გამონახოს დიალოგის გზები, რათა მოხდეს ვითარების დეესკალაცია.

22 თებერვალს ევროპის პარლამენტის ფრაქცია „ევროპელ ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის“ (ALDE) თავმჯდომარე, ჰანს ვან ბაალენი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისადმი მიწერილ ღია წერილში გამოვიდა საქართველოში „თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე“ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოწოდებით. მისი თქმით, „როგორც არასდროს“, ისეა საჭირო არჩევნების შემდგომი კრიზისის პრაქტიკული მოგვარება დიალოგის გზით, და „არა შემდგომი სადამსჯელო ნაბიჯების განხორციელებით ოპოზიციის წარმომადგენელთა წინააღმდეგ“.

მსგავსი შინაარსის განცხადება ALDE-მ გაავრცელა 23 თებერვალსაც, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ. „პოლიტიკური დაძაბულობის გაღვივება და მოწინააღმდეგეთა ხმების ჩახშობა სრულიად არ არის ის გამოსავალი, რომელსაც იმსახურებენ საქართველოს მოქალაქეები“, ვკითხულობთ პარტიის თავმჯდომარის განცხადებაში.

მანამდე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ვითარების ესკალაციას გამოეხმაურა ევროპარლამენტის ერთ-ერთი უდიდესი ფრაქცია „სახალხო პარტია“ (EPP). ევროპარლამენტარებმა წუხილი გამოთქვეს იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოსავლისა და კომპრომისის ძიების ნაცვლად, ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილებით პოლიტიკური კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავებაზე წავიდა.

„ვადამდელი არჩევნები და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის განახლება უნდა იყოს განხილული, როგორც შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი“, - ნათქვამია „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებაში.

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანებიან სხვა ევროპელი პოლიტიკოსებიც. ევროპელი „მწვანეებისა და ევროპელთა თავისუფალი ალიანსის“ (Greens/EFA) წევრმა, ჩეხმა პოლიტიკოსმა მარკეტა გრეგოროვამ ამ დღეებში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს „აბსოლუტური იმედგაცრუება“ უწოდა. ამავე დროს, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ის ორივე მხარეს მოუწოდებს დიალოგისკენ, რათა შექმნილმა ვითარებამ გრძელვადიანი უარყოფითი გავლენა არ იქონიოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე.

რადიო თავისუფლება: თქვენ ტვიტერში წერთ, რომ „აბსოლუტურ იმედგაცრუებას იწვევს ის, რაც საქართველოში ხდება“. თუ შეიძლება, უფრო დეტალურად გვითხარით, როგორც ევროპარლამენტარი როგორ ხედავთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.

მარკეტა გრეგოროვა: იმედგაცრუებული ვარ, ვინაიდან კონტაქტი მაქვს ორივე მხარესთან, ოპოზიციასთანაც და „ქართულ ოცნებასთანაც“ და ვთათბირობთ სხვადასხვა გზასა თუ მიმართულებაზე, თუ როგორ მოგვარდეს ვითარება. [საქართველოში] ყველა ყოველთვის მარწმუნებს, რომ ყველა ცდილობს ვითარების განმუხტვას, რათა ის არ გაუარესდეს. ამიტომ ესკალაცია იმედგაცრუებას იწვევს, ვინაიდან, ეჭვგარეშეა, ეს ვითარებას კიდევ უფრო აუარესებს - არა მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხი ქუჩებში გადის დემონსტრაციებზე (რაც, ცხადია, ამჟამინდელი პანდემიის პირობებში პრობლემურია ჯანმრთელობის თვალსაზრისითაც), არამედ დემოკრატიის უკუსვლის თვალსაზრისით... ოპოზიციური პარტიების ლიდერების მიმართ ასეთი ძლიერი ზომები ცუდ სიგნალებს აგზავნის და ხელს უწყობს ვითარების ესკალაციას და არა დეესკალაციას.

რადიო თავისუფლება: თქვენ განაცხადეთ, რომ ეს ვითარება აისბერგის წვერს მოგვაგონებს. რას ფიქრობთ, რა არის ამ წვერის ქვეშ?

მარკეტა გრეგოროვა: მე ვითარება შევადარე აისბერგის წვერს, ვინაიდან ეს ვითარება უცებ არ წარმოქმნილა, ეს პრობლემა რამდენიმე თვე გრძელდება... [2020 წლის] 8 მარტის შეთანხმება გვპირდებოდა, რომ მოგვარდებოდა პოლიტიკური პატიმრების პრობლემა, მაგრამ ამ შეთანხმების ერთი წლისთავზეც ვითარება უცვლელია და შეიძლება უარესიც კი. იმაში, თუ რა არის აისბერგის წვერის ქვეშ, ვიგულისხმე პრობლემები, რომლებიც განვლილი თვეების განმავლობაში გროვდებოდა. ვიცი, რომ ევროკავშირის მხრიდან არის მხარეებს შორის შუამავლობის მცდელობები. ვიცი, რომ ევროკავშირის ელჩი ეცადა ამას რამდენჯერმე. მაგრამ ვფიქრობ, რომ იდეალურ შემთხვევაში ევროპის პარლამენტმაც უნდა გაგზავნოს მედიატორთა გუნდი, რომლის შემადგენლობაში შესაძლოა ჯობდეს შედიოდნენ ექსპერტები და არა პოლიტიკოსები და ოფიციალური პირები. ვინაიდან, საჭიროა პრობლემების გადაჭრა და არა განცხადებები და დეკლარაციები. მეორე მხრივ, ევროკავშირმა უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, რათა ხელი შეუწყოს ვითარების მოგვარებას. ასევე იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის უახლოეს პლენარულ სხდომაზე მარტში მიღებული იქნება რეზოლუცია, რომელშიც შევა კონკრეტული ზომების თაობაზე მოწოდება... მე არაფრის დაპირება არ შემიძლია, ეს ჯერჯერობით მოლაპარაკებების და დისკუსიების სტადიაშია.

რადიო თავისუფლება: საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე მოვისმინეთ დასავლელ პოლიტიკოსთა რამდენიმე გამოხმაურება. თქვენ როგორ ხედავთ, რამდენად ხილულია ბრიუსელში საქართველოს პრობლემები?

მარკეტა გრეგოროვა: ცხადია, ის ადამიანები, რომლებიც თვალყურს ადევნებენ მოვლენებს აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში და კერძოდ საქართველოში, კარგად არიან ინფორმირებული და ჩვენი უმრავლესობა მოლაპარაკებებს აწარმოებს ორივე მხარესთან, თუ ყველა მხარესთან, მინიმუმ უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში. ჩვენ ვაკვირდებით საქართველოს, ამაზე ორი აზრი არ არის. მაგრამ საკმაოდ რთულია იმის შეფასება, თუ რა ხდება და რით შეიძლება დახმარების გაწევა. პირადად მე ოპოზიციასთან საუბრებში ვურჩევდი მათ, შესულიყვნენ პარლამენტში და ხელი შეეწყოთ ვითარების განმუხტვისთვის. ანუ ცალმხრივად მთავრობას არ ვაკრიტიკებ იმ ნაბიჯებისთვის, რასაც ის დგამს. ცხადია, მე მას ვაკრიტიკებ, მაგრამ ამავე დროს ვხედავ თანამშრომლობაში მეორე ნახევრის [მნიშვნელობას]. და, მიუხედავად იმისა, რომ მესმის, რატომ [გაკეთდა ასე] და მიუხედავად იმისა, რომ ვემხრობოდი ამას, არ მგონია, რომ [ოპოზიციას] ასე უნდა ემოქმედა... მინდა იმედი ვიქონიო, რომ ორივე მხარე გამონახავს საერთო ენას, მიუხედავად იმისა, რომ პირადად მე ვხედავ, რამდენად ძნელია ეს და იქნებ შეუძლებელიც იყოს გარედან დახმარების გარეშე.

რადიო თავისუფლება: თქვენი აზრით, გრძელვადიანი პერსპექტივით რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამჟამად საქართველოში მიმდინარე მოვლენებს?

მარკეტა გრეგოროვა: გრძელვადიანი პერსპექტივით ეს [მოვლენები] აბრკოლებს [ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის] იმედებსა და მცდელობებს. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება ვითარების რაც შეიძლება სწრაფად მოგვარება იმათი დახმარებით, ვისთანაც გსურთ ინტეგრირება. ვინაიდან, აშკარაა, რომ პრობლემებს განსხვავებულად ვუდგებით და ჩვენ [საქართველოს მხარეს და დასავლეთს], რა თქმა უნდა, შეგვიძლია დავეხმაროთ ერთმანეთს.

რადიო თავისუფლება: რუსეთის ჩართულობა, რაც ხშირად არ არის ხოლმე პირდაპირ ხილული, შიშებს ბადებს. თქვენი აზრით, რა არის რუსეთის შესაძლო როლი ამჟამად საქართველოში მიმდინარე მოვლენებში?

მარკეტა გრეგოროვა: გრძელვადიანი პერსპექტივით მე ნატოში საქართველოს გაწევრიანების ძალიან დიდი მხარდამჭერი ვარ. ახლო პერსპექტივით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, გარეშე მყოფნი, მაგრამ ასევე საქართველოს მოქალაქეები, გამჭვირვალედ ვიღებდეთ ინფორმაციას იმაზე, თუ რა ხდება [ადმინისტრაციულ] საზღვრებზე. ვინაიდან რუსეთის პროპაგანდისა და მანიპულაციის ერთ-ერთი მთავარი იარაღი არის დეზინფორმაცია. ისინი არაფრის წინაშე არ დაიხევენ უკან. დეზინფორმაციასთან დასაპირისპირებლად აუცილებელია წარმოადგინოთ ვითარების თქვენეული შეფასება, გამჭვირვალედ და დასაბუთებულად... ამაში მთავრობა უნდა პროაქტიური იყოს. მისგან უნდა მოდიოდეს პირველი რეაქცია, ან უფრო მეტიც, მათ რამე უნდა თქვან ჯერ კიდევ მანამდე, სანამ რუსეთს შესაძლებლობა მიეცემა, რომ მანიპულირებას მიმართოს.

  • 16x9 Image

    ბიძინა რამიშვილი

    ჟურნალისტი და რედაქტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის, მედიის ენისა და სტანდარტების საკითხებზე. რადიო თავისუფლების თანამშრომელია 1991 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG