Accessibility links

site logo site logo

"ერთი შეხედვით არის დამაზიანებელი" - "ოცნების" უცვლელი პოზიცია


პრემიერ-მინისტრის "ნამდვილი და გულწრფელი" დიალოგისკენ მოწოდების მიუხედავად, მმართველი პარტიის მიდგომა კრიზისის დაძლევის გზების მიმართ უცვლელია.

საერთაშორისო პარტნიორების მზარდი შეშფოთების ფონზე „ქართული ოცნების“ „განხეთქილების გამომწვევი“ რიტორიკის შერბილება ბევრმა შეამჩნია, მაგრამ ხელისუფლების მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებული გამოსავალი დიდად არ განსხვავდება ნიკა მელიას დაკავებამდე არსებული შეთავაზებისგან. ოპოზიციური პარტიები დიალოგის შესაძლებლობას მხოლოდ ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ ხედავენ და ხელისუფლებისგან კომპრომისისთვის მზადყოფნის სიგნალს ელოდებიან.

  • რამ შეიძლება გადაარჩინოს საქართველოს დაზიანებული იმიჯი და ევროატლანტიკური მომავალი?
  • რა გზები რჩება კიდევ უფრო გაღრმავებული კრიზისიდან გამოსასვლელად?

„ოცნებას“ პოზიცია არ შეუცვლია

ნაბიჯებს, რომლებიც, დასავლელი პარტნიორების შეფასებით, საქართველოს ინტერესებს არ ემსახურება და ევროატლანტიკურ გზაზე ქვეყნის უკან დახევაზე მიანიშნებს, „ქართული ოცნება“ სახელმწიფოს ღირსებისა და კანონის უზენაესობის დაცვით ამართლებს. ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებით ირკვევა, რომ ამერიკელი თუ ევროპელი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების ტონი მათთვის არასაკმარისად მკაცრია და რომ საქართველოში მომხდარი ამბავი მხოლოდ „ერთი შეხედვით“ არის შემაშფოთებელი.

თუკი მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნისა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განმარტებებით ვიმსჯელებთ, ხელისუფლება მტკიცე და უცვლელ პოზიციაზე რჩება, უსაფუძვლოდ მიიჩნევს საერთაშორისო პარტნიორების მწვავე განცხადებებს და „ბევრი მუშაობის“ შედეგად მოელის, რომ, წესით, პირიქით, პარტნიორებმა უნდა გადახედონ თავიანთ პოზიციებს.

კერძოდ, მამუკა მდინარაძემ 24 თებერვალს ჟურნალისტებს უთხრა:

  • „ეს იყო კანონის და სამართლის აღსრულება, რასთან დაკავშირებითაც პრინციპული პოზიცია გვაქვს, გვექნება და გვქონდა - კანონის აღსრულება, რაც არ უნდა რეაქციები მოჰყვეს ამას, უალტერნატივოა. წარმოუდგენელია, რომ ვინმემ გვითხრას, რომ კანონი არ აღსრულდეს“;
  • „ჩვენ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს... ნამდვილად რთულია ახსნა, ნამდვილად რთულია, როდესაც დაკავებულია კონკრეტული პარტიის ხელმძღვანელი ... და დაკავებულია მის ოფისში... ეს პირველი ნიუსი, რომელიც გადის ქვეყნის გარეთაც, ერთი შეხედვით არის დამაზიანებელი და ამაში ვეთანხმები, რა თქმა უნდა... მაგრამ ამის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია ხელისუფლებას... ერთადერთი ადამიანი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, იყო თავად ის ადამიანი (ნიკა მელია), რომელიც დღეს პატიმრობაშია“;
  • „ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ჩვენი მეგობრებისთვისაც ქვეყნის გარეთ, რომ ნიკა მელიას შეფარდებული ჰქონდა არა პატიმრობა, არამედ გირაო და მან თავად თქვა უარი გირაოს რეალიზაციაზე და ამ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე და გირაოს პირობების შესრულებაზე... ამის შემდეგ ამოქმედდა კანონის უალტერნატივო დათქმა“.

მოსაზრებას ამ კონკრეტულ შემთხვევაში კანონის დათქმის უალტერნატივობის შესახებ იურისტების დიდი ნაწილი არ იზიარებს.

მდინარაძე ამბობს, რომ საერთაშორისო პარტნიორების ძირითადი მესიჯია დიალოგის გაგრძელება და ამაში მათ სრულიად ეთანხმება „ქართული ოცნების“ გუნდი, მათ შორის ახალი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილიც.

როგორ წარმოუდგენია "ოცნების" გუნდს ეს დიალოგი საქართველოში ამჟამად შექმნილ ვითარებაში?

საერთაშორისო პარტნიორების შეძრწუნების ფონზე, 23 თებერვალს გვიან საღამოს გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ირაკლი ღარიბაშვილს ოპოზიციისთვის აღარ უწოდებია "მოღალატეები, მანიაკები, არარაობები" და "სულელები", მაგრამ ახალიც არაფერი უთქვამს.

პრემიერმა პრაქტიკულად გაიმეორა ის, რაც ბოლო პერიოდში არაერთხელ განუცხადებია „ქართული ოცნების“ სხვადასხვა წარმომადგენელს: დიალოგისთვის ოპოზიციური პარტიები პარლამენტში უნდა შევიდნენ. ამასთან ღარიბაშვილი ამაყობს იმით, რამაც ააფორიაქა საერთაშორისო თანამეგობრობა - ის ფიქრობს, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებით კანონი თავის სიმაღლეზე დადგა:

  • „დღეს, როდესაც აღსრულდა კანონი და სახელმწიფო დადგა თავის სიმაღლეზე, მინდა, მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყანა, გავხსნათ ნამდვილი და გულწრფელი დიალოგი, ვისაუბროთ არა იმაზე, თუ რა გვყოფს, არამედ იმაზე, თუ რამ უნდა გაგვაერთიანოს“.
  • „ვთავაზობ ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ოპოზიციურ ძალას, შევიდნენ პარლამენტში და ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო გამოვიყენოთ მთავარ პლატფორმად დისკუსიისთვის“.

მსგავს განცხადებებს აკეთებს "ქართული ოცნების" სხვა არაერთი წარმომადგენელი. მეტიც, ჯანმრთელბის დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე "რეპუტაციულ ზიანზეც" თანახმაა.

"თუ ვინმე თვლის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ან თუნდაც დიმიტრი ხუნდაძემ ამ დამოკიდებულებით და შეფასებით მიიღო პოლიტიკური რეპუტაციული ზიანი, მე მირჩევნია მივიღო პოლიტიკური რეპუტაციული ზიანი, ვიდრე ქვეყანაში სამართლის აღსრულება დავაყენო კითხვის ნიშნის ქვეშ. ქვეყანა, სადაც სამართალი არ არის აღსრულებადი, ის პოლიტიკურად, სამართლებრივად და იმიჯურად არის ცუდ მდგომარეობაში", - უთხრა ჟურნალისტებს დიმიტრი ხუნდაძემ.

საერთაშორისო პარტნიორების საგანგაშო შეფასებების კვალდაკვალ, ოპონენტები მიუთითებენ, რომ ზიანი არა მხოლოდ მმართველ გუნდს, არამედ ქვეყნის მომავალს მიადგა.

ამერიკასა თუ ევროპის დედაქალაქებში გაკეთებულ განცხადებებში, „ქართული ოცნებისგან“ სრულიად განსხვავებულად, საქართველოს მომავლისთვის სახიფათო მესიჯები ამოიკითხეს ექსპერტებმა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფმა. 24 თებერვალს გავრცელდა აკადემიური სფეროს 41 წარმომადგენლის მიმართვა ხელისუფლებისადმი, რომ აუცილებელია შეწყვიტოს რეპრესიული მექანიზმების გამოყენება და გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები.

ამ მიმართვის ერთ-ერთი ხელმომწერია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია. როგორც ის ეუბნება რადიო თავისუფლებას, ჯერ კიდევ არის დრო იმისათვის, რომ გადარჩეს სახელმწიფოს მომავალი და ხელისუფლებამაც მოახერხოს „სახის შენარჩუნება“.

„პოლიტიკური ოპონენტების დევნა არ არის დასავლური მოდელი, ეს არის რუსული მოდელი და ჩვენ რუსეთის ორბიტაზე ყოფნა არ გვინდა... თუ ეს არ გააკეთა ხელისუფლებამ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის იქნება მძიმე მესიჯი და კიდევ უფრო ძლიერი იქნება დასავლეთის სამომავლო რეაგირება. ეს მხოლოდ ხელისუფლებას არ დააზარალებს. ეს დააზარალებს საქართველოს მომავალს...

დასავლური პოლიტიკური ინსტიტუტები ასეთ მწვავე განცხადებებს ჰაერზე არ აკეთებენ. მათი ინფორმირება ხდება მუდმივ რეჟიმში და ზუსტად იციან რატომ აკეთებენ კონკრეტულ განცხადებებს. მათ გააზრებული აქვთ თითოეული სიტყვა... ფაქტი ერთია, დაკავება არის უკიდურესი ფორმა...

ყველასათვის ნათელი, რომ ეს ღონისძიება გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი არსებობს ბრალდებულის მიმალვის ანდა მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე... ნიკა მელიას შემთხვევაში ეს საფრთხეები ვერ დასაბუთდა“ - გვეუბნება ჩოკორაია.

მელიას გათავისუფლება - აუცილებელი პირობა

ხელისუფლებასთან დიალოგისთვის მზად არიან ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც ნიკა მელიას დაკავების შემდეგ ქუჩის საპროტესტო აქციები განაახლეს და რუსთაველის გამზირზე კარვებიც გაშალეს. თუმცა ამისათვის მათი აუცილებელი პირობაა, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან წარმოდგენილი იყოს გათავისუფლებული ნიკა მელიაც.

პარალელურად, ძალაში რჩება მოლაპარაკებების წინა რაუნდებზე წამოყენებული მოთხოვნებიც: პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება.

„ის, რომ ჩვენ ახლა იქ მივიდეთ და დავსხდეთ მართლაც ნიკას გარეშე და არავითარი შედეგი ამას არ მოჰყვეს, რა თქმა უნდა, ეს იქნება სივრცის კიდევ უფრო დახურვა... ამიტომ ჩვენ უნდა ვიგრძნოთ, რომ (ხელისუფლების წარმომადგენლები) მზად არიან ამ მოთხოვნების შესასრულებლად.

საერთაშორისო პარტნიორები საქმის კურსში არიან და თუ ჩვენი პაკეტი განიხილება მთლიანად და ნიკა მელია გათავისუფლდება, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, რომ დავიწყოთ ამაზე საუბარი... დიალოგის სივრცე პრაქტიკულად დაიხურა ნიკას დაპატიმრებითა და ჩვენი ოფისის დარბევის შემდეგ და ახლა პროცესის გასაგრძელებლად ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის ხელისუფლების მზადყოფნის დადასტურებაა საჭირო" - გვეუბნება ხატია დეკანოიძე.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები 24 თებერვალს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეიკრიბნენ და კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ერთიანი მტკიცე პოზიცია სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. ისინი „ფარისევლურსა“ და „მოჩვენებითს“ უწოდებენ პრემიერ-მინისტრის მოწოდებებს დიალოგისკენ, რადგან ორიოდე დღის წინ ის მათ საპარლამენტო ტრიბუნიდან „მოღალატეებსა“ თუ „ტერორისტებს“ უწოდებდა. ოპოზიციური ძალები 26 თებერვალს მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან.

არსებობს სამართლებრივი გამოსავალი?

იურისტები და კონსტიტუციონალისტები აცხადებენ, რომ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების გაზიარებისა და შესაბამისი პოლიტიკური ნების შემთხვევაში, ნიკა მელიას გასათავისუფლებლად არსებობს სამართლებრივი მექანიზმები და ხელისუფლებას მათი გამოყენება შეუძლია. მათ შორის, ყველაზე მოკლე და იოლ გზად სახელდება ამ საკითხის სააპელაციო სასამართლოს დონეზე გადაწყვეტა.

სააპელაციო სასამართლოს უკვე მიმართეს ნიკა მელიას ადვოკატებმა და ოპოზიცია ასეთ ქმედებას თავიანთი „მშვიდობიანი მიზნების“ დასტურად მიიჩნევს. თუმცა პროცესი ჯერ არ დაძრულა. როგორც ადვოკატმა ბექა ბასილაიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, ჯერჯერობით უცნობია, გამოიყენებს თუ არა ხელისუფლება ამ შანსს.

„დაკავება პოლიტიკური იყო და გაშვებაც პოლიტიკური იქნება. ყველაფერი მათ ნებაზეა დამოკიდებული. 24 საათში შეუძლიათ მელიას გამოშვება, ამისთვის გზები არსებობს.

საერთოდ, კანონის თანახმად, პატიმრობის შეფარდება გამოძიების ეტაპზე საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში... არსებითი განხილვის ეტაპთან დაკავშირებით პირდაპირ არ არის ლაპარაკი კანონში, მაგრამ ეს შესაძლებელი იყო ანალოგის წესით, რაც ჩვენ გავაკეთეთ. როცა კანონში ხარვეზია და რაღაც არ არის გათვალისწინებული, შეგვიძლია მივმართოთ მსგავსი ურთიერთობის რეგულირების პრინციპით... რა მნიშვნელობა აქვს, გამოძიების ეტაპზე დააპატიმრებენ ადამიანს თუ არსებითი განხილვის ეტაპზე?!

თუკი სააპელაციო სასამართლო იტყვის, რომ ეს ხარვეზი კი არა, არამედ არაკონსტიტუციური ნორმაა, მაშინ შეგვიძლია წავიდეთ საკონსტიტუციო სასამართლოში... მაგრამ ჯერ დაველოდოთ აპელაციის პასუხს... თეორიულად, პროკურატურას შეუძლია იშუამდგომლოს პირველი ინსტანციის სასამართლოშიც და შეცვალონ ეს გადაწყვეტილება“ - გვეუბნება ბექა ბასილაია, რომელსაც სააპელაციო სასამართლოს დიდი იმედი არა აქვს.

ჯერჯერობით უცნობია, დაუშვებს თუ არა სააპელაციო სასამართლო ნიკა მელიასთან დაკავშირებული საჩივრის განხილვას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG