ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ტვიტერზე წერს თბილისში, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დღევანდელი შეხვედრის შესახებ.
მიშელი აღნიშნავს, რომ თბილისში მისი ვიზიტი აჩვენებს ევროკავშირის ერთგულებას „აღმოსავლეთის პარტნიორების“ და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანახმად, განიხილეს პოლიტიკური კრიზისი. როგორც მიშელი წერს, ყველა მხარემ უნდა გამოიჩინოს ლიდერობა, დეესკალაციისთვის ძალისხმევა გაააქტიუროს და გაერთიანდეს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს 28 თებერვალს, საღამოს ეწვია. დღეს დილით შარლ მიშელი შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. დღის მეორე ნახევარში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შეხვდება ოპოზიციის ლიდერებს.
შარლ მიშელის ვიზიტი მიმდინარეობს საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რომელიც კიდევ უფრო გაამწვავა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებამ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველომდე მოლდოვაში იმყოფებოდა, თბილისიდან კი კიევში გაემგზავრება.