Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ გაბუნია: დადგება დრო, როცა გვექნება ჭარბი ვაქცინა


რატომ ვერ მოხერხდა ქვეყანაში COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დროულად შემოტანა? რატომ გადავადდა „პფაიზერის“ დაპირებული დოზების მიღება, რომელიც საქართველოში თებერვლის შუა რიცხვებში უნდა ჩამოსულიყო? რა დამატებითი პირობების შესრულებას ითხოვს „პფაიზერი“ საქართველოსგან? და რა პირობები ვერ შესრულდა საქართველოს მხრიდან იმისათვის, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი დროულად დაწყებულიყო?

რადიო თავისუფლების ამ და სხვა კითხვებს პასუხობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია. ის ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც მისი თქმით, პირადად აწარმოებს მოლაპარაკებებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შექმნილ „კოვაქს პლატფორმასთან“, საიდანაც საქართველომ ვაქცინა უნდა მიიღოს.

თამარ გაბუნიასთვის გაუგებარია საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, „კოვაქსის“ ცნობით, თებერვალში ვაქცინა მხოლოდ იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც მათ მიერ გათვალისწინებული კრიტერიუმები დააკმაყოფილეს. როგორც თამარ გაბუნია ეუბნება რადიო თავისუფლებას, მან უკვე მისწერა წერილი „კოვაქს პლატფორმის“ პრეს-სამსახურს, სადაც ითხოვს განმარტებას, რატომ მოხდა ინფორმაციის ამ ფორმით გავრცელება:

„შესაძლოა, მათ თქვეს, რომ არსებობს გარკვეული დამატებითი პირობები, რომლებიც მზაობის შეფასების შემდეგ დააყენა „პფაიზერმა“, მაგრამ ის, რომ საქართველოს მზაობა არ დაადასტურა „პფაიზერმა“ და ამან გამოიწვია ვაქცინის მიღების გადავადება, ეს აბსოლუტურად არ შეეფერება რეალურ სურათს. ახლა მე ველოდები „კოვაქსის“ პრეს-სამსახურის განმარტებას ამ განცხადების გარშემო“.

შეგახსენებთ, რომ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომელიც „კოვაქსისგან“ მიღებულ წერილს ეყრდნობა, კრიტერიუმები, რომლებსაც ქვეყანა ვაქცინის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეს, ასეთია: „ყველა მონაწილე ქვეყნის ეროვნულმა რეგულატორმა ავტორიზება უნდა მისცეს შემოსატან ვაქცინას; ასევე, ყველა მონაწილემ ვაქცინის მწარმოებლებთან უნდა გააფორმოს ზარალის ანაზღაურების კონტრაქტი, რათა „კოვაქსის პლატფორმიდან“ დოზების მიღება შეძლოს“.

რადიო თავისუფლება: ქალბატონო თამარ, რატომ გადაიწია ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის თარიღმა? რა არის ის ოფიციალური ინფორმაცია, რომელსაც ქართული მხარე ვაქცინის გადავადების შესახებ ფლობს და როდის მიიღეთ წერილი იმის შესახებ, რომ ქვეყანაში ვაქცინის შემოტანა შეფერხდებოდა?

თამარ გაბუნია: საქართველომ ჯერ კიდევ 18 იანვარს გააგზავნა დასტური „კოვაქსში“, სადაც აღნიშნული იყო, რომ ქვეყანაა მზადდა დააკმაყოფილოს ყველა ტიპის ვაქცინის მისაღებად საჭირო მოთხოვნები. იქნებოდა ეს -80 გრადუსიანი ვაქცინის თუ რუტინული ტიპის ვაქცინების მისაღებად საჭირო მოთხოვნები და პირობები. 29 იანვარს, საქართველომ „კოვაქსისგან“ მიიღო წერილი, სადაც მითითებულია, რომ 18 იანვრისთვის, „კოვაქსმა“ 72 ქვეყნიდან მიიღო მზაობის შესახებ დასტური, ხოლო საქართველოდან მიღებული დოკუმენტის განხილვის შედეგად, საქართველო შეირჩა იმ ქვეყნებს შორის, რომელიც „პფაიზერის“ ვაქცინას პირველ ეტაპზე მიიღებდა. ამ წერილშივეა მითითებული, რომ „პფაიზერის“ 29 250 დოზა ვაქცინის მოწოდება უნდა დაიწყებულიყო თებერვლის შუა რიცხვებში. შემდეგი ეტაპი მოიცავდა ე.წ. სტანდარტულ ეტაპს, როგორც „პფაიზერისთვის“, ისე „ასტრაზენეკასთვის“. მხარეებს ხელი უნდა მოგვეწერა პასუხისმგებლობების დაზღვევის ხელშეკრულებისთვის და ამის შემდეგ უნდა დაწყებულიყო შესყიდვის პროცედურა, რაც ასეც მოხდა „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში. UNICEF-მა უკვე გამოგვიგზავნა შესყიდვის ორდერი, თანხას გადავიხდით ამ კვირაში და დაიწყება „ასტრაზენეკას“ მოწოდება.

რადიო თავისუფლება: მაშ, რა მოხდა „პფაიზერის“ შემთხვევაში?

თამარ გაბუნია: ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ თებერვლის შუა რიცხვებში ქვეყანას ვაქცინის მიღება უნდა დაეწყო, მაგრამ რაკიღა, 29 იანვრის შემდეგ „პფაიზერთან“ დაკავშირებით „კოვაქსისგან“ კომუნიკაცია შეწყდა, „კოვაქსს“ მივწერეთ წერილი და 22 თებერვალს მათგან მივიღეთ ოფიციალური პასუხი, სადაც აღნიშნულია, რომ უკანასკნელი სამი კვირის განმავლობაში, „პფაიზერთან“ გამართული რამდენიმე მოლაპარაკების შემდეგ, სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ ვაქცინის მიღების გადავადების შესახებ. მიზეზად კი დასახელებულია „პფაიზერის“ მიერ დამატებითი მოთხოვნების შესრულების პირობები, რაც დაკავშირებულია პასუხისმგებლობის ფინანსურ გადაზღვევასთან, რომლის დეტალებიც 22 თებერვლის წერილში არ არის მითითებული. თუმცა, როგორც იმავე წერილში გვწერენ, კვირის განმავლობაში უნდა დაინიშნოს სატელეფონო კონსულტაცია საქართველოსა და „პფაიზერს“ შორის, ფასილიტატორის, „კოვაქსის“ მეშვეობით და ფინანსური გადაზღვევის დეტალები ამ სამმხრივ სატელეფონო მოლაპარაკებისას გაირკვევა.

რადიო თავისუფლება: თუ შეიძლება უფრო უკეთ განმარტოთ, კონკრეტულად რა ხელშეკრულებასა და რა ტიპის ფინანსურ გადაზღვევაზეა ლაპარაკი, რადგან გასულ კვირაში, საერთაშორისო მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფარმაცევტული გიგანტი „პფაიზერი“, ქვეყნებისგან ისეთი პირობების შესრულებას ითხოვს, რომელთა სისრულეში მოყვანაც ხშირად გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. მეტიც, ოფიციალური პირები ამ მოთხოვნებს „მაღალი რანგის ბულინგსაც" უწოდებენ და აცხადებენ, რომ კომპანიის მიერ წაყენებული მოთხოვნების გამო, უკვე შეთანხმებული ვაქცინების დოზების ჩატანა ამა თუ იმ ქვეყანაში თვეობით დაიგვიანებს. საგამოძიებო ჟურნალისტიკის ბიუროს ცნობით, იმისათვის, რომ „პფაიზერმა“ მომავალში თავიდან აიცილოს სასამართლო დავები, ფარმაცევტული კომპანია რიგ ქვეყნებს უძრავი ქონებით სთხოვს გარანტიებს, მაგალითად, ისეთი ქონებით, როგორიცაა საელჩოების შენობები, სამხედრო ბაზები. რას სთხოვს ამ შემთხვევაში, საქართველოს „პფაიზერი“?

თამარ გაბუნია: ერთ-ერთი დამატებითი პირობა შეეხება „პფაიზერისთვის“ პასუხისმგებლობების დაზღვევაზე ფინანსურ ვალდებულებას, თუმცა, ამ ვალდებულებების ნაწილი „პფაიზერმა“ თავად უნდა დაგვიდასტუროს და განმარტოს, თუ რა იგულისხმება კონკრეტულად. ჩვენ ახლა მხოლოდ ის ვიცით, რომ „პფაიზერმა“ შესაძლოა გარკვეული დამატებით პირობები დააყენოს ფინანსურ ვალდებულებებთა დაკავშირებით, ხოლო თუ რა პირობებზეა ლაპარაკი და საერთოდ, დააყენებს თუ არა ამ პირობებს, ეს სატელეფონო მოლაპარაკებების დროს გადაწყდება. ეს კონკრეტული პირობები 22 თებერვლის წერილში მითითებული არ არის. რაც შეეხება პასუხისმგებლობების დაზღვევის პირობებს, იუსტიციის სამინისტრომ შეაფასა ეს დოკუმენტი და 24 თებერვალს „კოვაქსში“ უკვე გავაგზავნეთ თანხმობის წერილი, სადაც ვწერთ, რომ ჩვენთვის მათ მიერ წამოყენებული პირობები მისაღებია.

რადიო თავისუფლება: კონკრეტულად რომ გვითხრათ, რა პირობებზეა ლაპარაკი და რა პირობებია საქართველოსთვის მისაღები?

თამარ გაბუნია: ამ ხელშეკრულების უდიდესი ნაწილი კონფიდენციალურია. ეს არის პასუხისმგებლობების დაზღვევის ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს ერთი მხრივ, სახელმწიფოს პასუხისმგებლობას, მეორე მხრივ, მომწოდებლის პასუხისმგებლობას კონკრეტულ ვითარებაში. ჩვენი კანონმდებლობით, სახელმწიფო თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობა ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით და სწორედ ამას ემსახურებოდა ცოტა ხნის წინ, "საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ" კანონში შესული ცვლილება, სადაც დაზუსტდა, რომ თუკი არ იკვეთება მწარმოებლის მიერ წარმოების ხარისხის დარღვევა, მაგალითად, ვაქცინაციის გვერდით მოვლენებზე, სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას. „პფაიზერთან“ ასევე შევთანხმდით არბიტრაციის თემაზეც. "საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ" კანონში პასუხისმგებლობების განსაზღვრის მოთხოვნა უნივერსალური პირობაა, როგორც „პფაიზერის“, ისე „ასტრაზენეკას“ და სხვა ვაქცინების შემთხვევაში. ეს მოთხოვნა თავიდანვე იყო დაყენებული. რაც შეეხება ამ პასუხისმგებლობის ფინანსურ გადაზღვევას, არ ვიცი, სხვა ქვეყნებში რა იყო და როგორ იყო, რადგან ესეც გაუთქმელობის შეთანხმების ნაწილია, ჩვენ ამ დეტალებს, ალბათ უკვე ამ კვირაში მოგვაწვდიან იმისათვის, რომ საბოლოოდ დაიხუროს ეს თემა და ის, რომ სამინისტრომ აპლიკაცია ვერ შეავსო და სახელმწიფო, მზად არ არის ტექნიკურად იმისათვის, რომ ვაქცინა მიიღოს, არის სრული აბსურდი.

რადიო თავისუფლება: „ინტერპრესნიუსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომელიც ქვეყანამ ვაქცინის მისაღებად უნდა დააკმაყოფილოს, ეს არის ვაქცინის ავტორიზება ქვეყნის ეროვნული მარეგულირებლის მიერ. აქვს თუ არა რომელიმე ვაქცინას ეროვნული მარეგულირებლის ავტორიზაცია მიღებული?

თამარ გაბუნია: ჩვენ „კოვაქსში“ გაგზავნილი გვაქვს მარეგულირებლის მზაობის წერილი. სადაც მივუთითეთ, რომ მარეგულირებელმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან მიიღო წვდომა „პფაიზერის“ ვაქცინისა და „ასტრაზენეკას“ ორივე ვაქცინის დოსიეებთან. ამ დოსიეების შესწავლის საფუძველზე, მარეგულირებელმა გამოხატა მზაობა, რომ დაუყოვნებლივ გასცეს იმპორტის ნებართვა და ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის თანხმობა. არსებობს ასეთი მექანიზმი, რომელიც მინისტრის ბრძანებით რეგულირდება, სადაც მითითებულია, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნებისთვის, ეპიდემიისა და პანდემიის პირობებში, რეგისტრაციის გარეშე, ქვეყანაში შესაძლოა შემოვიდეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული მედიკამენტი, რომლის დოსიეც შესწავლილი აქვს ეროვნულ მარეგულირებელს. ეს პრობლემა და ეს კითხვა საერთოდ არც კი დასმულა. ამ მხრივ, მარეგულირებელს აქვს სრული მზაობა. ერთადერთი სტანდარტული პროცედურა ახლა არის ის, რომ „პფაიზერმა“ და „ასტრაზენეკამ“ უნდა გამოაგზავნონ სერიული ნომრები და ხარისხის სერტიფიკატი ვაქცინების იმ კონკრეტული სერიისთვის, რომელიც ქვეყანაში უნდა შემოვიდეს. ეს არის სტანდარტული პროცედურა, რომელიც ყველაზე მარტივი შესასრულებელია და აქ არანაირ პრობლემაზე ლაპარაკი არ არის.

რადიო თავისუფლება: გარდა „კოვაქსისა“ და ასევე, კომპანია „ასტრაზენეკასი“, რომელთანაც გავრცელებული ინფორმაციით, ქართული მხარე პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს, ვაქცინების მწარმოებელ კიდევ რომელ კომპანიებთან მიმდინარეობს პირდაპირი მოლაპარაკებები? ორიოდ დღის წინ, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ დაამტკიცა „Johnson & Johnson“-ის მიერ წარმოებული COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა; სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში დამტკიცდება კიდევ ერთი ამერიკული ვაქცინა Novavax-ი. მიმდინარეობს თუ არა უკვე ახლავე ამ კომპანიებთან მოლაპარაკებები? გარდა ამისა, მუდმივად კეთდება განცხადებები, რომ ქართული მხარე აწარმოებს მოლაპარაკებებს კონკრეტულ ქვეყნებთან ვაქცინის შესყიდვასთან დაკავშირებით. თუმცა, ფაქტია, ამ დრომდე, არცერთი დოზა ვაქცინა ქვეყანაში შემოსული არ არის. კონკრეტულად ვინ არის ჩართული ამ მოლაპარაკებების პროცესში? რომელი უწყება? ვინ არიან ის ოფიციალური პირები, რომლებიც ქვეყნებთან თუ კომპანიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ და არის თუ არა რომელიმე მსგავსი ტიპის მოლაპარაკება დასკვნით ეტაპზე გადასული?

თამარ გაბუნია: საქართველო ვაქცინის შემოტანის სამ მექანიზმს განიხილავს. ეს არის „კოვაქს პლატფორმა“, სადაც მოლაპარაკებები რეალურად შემდგარია და ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი მიჰყვება პროცედურებს იმისათვის, რომ მოთხოვნილი დოკუმენტაცია დროულად იქნას მიწოდებული. მე პირადად ვაწარმოებ მიმოწერას „კოვაქსის“ საკონტაქტო პირთან და შემდეგ, როდესაც დავიწყებთ შესყიდვებს, ეს დოკუმენტაცია გადაეცემა შესყიდვების სამსახურს.

გარდა ამისა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები მწარმოებლებთან. საგარეო საქმეთა სამინისტრომ, დიპლომატიური არხებით, უშუალოდ დაიწყო კომუნიკაცია მწარმოებლებთან როგორც კი გაჩნდა ინფორმაცია „პფაიზერისა“ და „ასრტაზენეკას“ ავტორიზაციასთან დაკავშირებით. საგარეო საქმეთა სამინისტრო ძალიან აქტიურად მუშაობს მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და ელჩების დონეზე. გვაქვს გარკვეული პროგრესიც. ჩვენ ვმუშაობთ იმ მიმწოდებლებთანაც, ვისაც ჯერ არ მიუღია ევროკავშირის ავტორიზაცია, მაგრამ საიმედო მაჩვენებლები აქვთ და უნდა მოხდეს მათი ვაქცინების დროული მობილიზებაც. რაც შეეხება, „Johnson & Johnson“-ის მიერ წარმოებულ ვაქცინას, რომ გითხრათ, რომ კონკრეტული წინადადება და მიღწევა გვაქვს ამ ვაქცინასთან დაკავშირებით, არ შემიძლია ამის დადასტურება, თუმცა, ესეც არის აქტიური კომუნიკაციის ერთ-ერთი ნაწილი. ასევე „ნოვოვაქსი“ და „მოდერნა“, ჩვენთვის გარკვეულ სამიზნეებს წარმოადგენს.

რაც შეეხება მესამე მექანიზმს - ეს არის მოლაპარაკებები ევროკავშირის ქვეყნებთან. ამ პროცესში ჩართულია ევროპარლამენტი. ევროკავშირში ჩვენი დელეგაცია ყოველდღიურად ინტერესდება, რა პროგრესი გვაქვს და მუდმივად ცდილობს კოორდინაციას ევროკავშირის ქვეყნებთან, რომ თუკი რომელიმე ქვეყანას ექნება ვაქცინის ჭარბი დოზა, მოხდეს ამ დოზის შესყიდვა ან შესაძლოა განხილულ იქნას დონაციაც. თუმცა, დღეს ვაქცინა ჭირს თავად ევროკავშირის ქვეყნებშიც, ამდენად, ეს გზა, ჯერჯერობით, ეფექტური და ქმედითი ვერ გახდა, მაგრამ, სავარაუდოდ, გახდება. ჯანდაცვის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს საკმაოდ სოლიდური რესურსი აქვს იმისათვის, რომ პირდაპირ გავიდეს მოლაპარაკებაზე მწარმოებელთან როგორც დიპლომატიური არხებით, ისე ტექნიკურ დონეზე შესყიდვებით.

რადიო თავისუფლება: დღეს არსებული მდგომარეობითა და მიმდინარე მოლაპარაკებების გათვალისწინებით, როგორია რეალისტური გათვლა, როდიდან და რა ვაქცინით დაიწყება საქართველოში ვაქცინაცია?

თამარ გაბუნია: როდესაც 29 იანვარს „კოვაქსისგან“ მივიღეთ წერილი, სადაც ეწერა, რომ თებერვლის შუა რიცხვებში უნდა მიგვეღო „პფაიზერი“, ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ეს ასეც იქნებოდა. ამიტომ ახლა, მხოლოდ ვარაუდის დონეზე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ვარაუდით, ვაქცინაცია მარტის ბოლოს, „ასტრაზენეკათი“ უნდა დავიწყოთ. „ასტრაზენეკა“ დაასწრებს „პფაიზერს“. „პფაიზერზეც“ გვითხრეს, რომ არ უნდა იყოს ძალიან დიდი გადავადება. ლაპარაკია დაახლოებით 2-3 კვირაზე. ანუ წესით, ეს ვაქცინაც მარტის ბოლოსთვის უნდა მივიღოთ. „ასტრაზენეკასგან“ ვიცით, რომ წინასწარი მონაცემებით, ქვეყანამ დაახლოებით 300 ათასამდე დოზა ვაქცინა უნდა მიიღოს, თუმცა, რა ტემპითა და რა პერიოდში მოხდება ამ დოზების შემოტანა, ამაზე გვითხრეს, რომ ეტაპობრივად შეგვატყობინებენ.

რადიო თავისუფლება: მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე პოსტს ტოვებს და ამის მიზეზი ჯანდაცვის მინისტრსა და მას შორის არსებული დაპირისპირებაა...

თამარ გაბუნია: ვერაფრით დავადასტურებ ამ ხმებს, რადგან ბატონი ამირანი მთელი ეს პერიოდი და ახლაც, ძალიან აქტიურად არის ჩართული მუშაობაში და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჩვენთვის მთავარი საყრდენია ვაქცინაციის პროცესში.

რადიო თავისუფლება: ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ დღეს საქართველოში არცერთი დოზა ვაქცინა არ არის შემოსული, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ გასულ ზაფხულში, გვქონდა მოლოდინი და პირობა, რომ საქართველო იქნებოდა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ვაქცინას მიიღებდა? პოლიტიკური ოპონენტები აქტიურად მიუთითებენ იმაზე, რომ გარკვეული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს და ამ პირებმა თანამდებობები უნდა დატოვონ.

თამარ გაბუნია: ძალიან ცუდია, რომ იმის ნაცვლად, რომ ვაქცინაციის პროცესი კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართოს, პოლიტიკური სპეკულირების საგანი გახდა. რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს, რა თქმა უნდა, ვაქცინაციის პროცესის დაწყება არის მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროსა და ყველა იმ უწყების პასუხისმგებლობა, ვინც ჩართულია ამ პროცესში. მაქსიმალურად ყველა შესაძლო გზა არის ნაცადი და გამოყენებული იმისათვის, რომ ქვეყანამ ვაქცინა მიიღოს დროულად. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შეფასდება და დადგება ის დროც, როცა ჩვენ გვექნება ჭარბი ვაქცინა და შემდეგ იმაზე ვილაპარაკებთ, როგორ უნდა მოვახერხოთ ამ ვაქცინის სწორი და დროული გამოყენება. მაგრამ დღეს, ძალიან ცუდია, რომ ვაქცინა გახდა პოლიტიკური ზეწოლის საგანი, რაც, რა თქმა უნდა, სრულად აზარალებს და არაფერს მატებს ამ პროცესს.

ამავე თემაზე:

თებერვლის შუაც დადგა, ბოლო დეკადაც, ხეში წყალიც ჩადგა, ვაქცინა კი არ ჩანს

დაგვიანება იცის ვაქცინამ - რატომ გადაიწია COVID-ვაქცინის ჩამოსვლის თარიღმა?

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG