Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობოლაძე: სააკაშვილს აქვს მოლაპარაკებების დაწყებამდე თუნდაც ხისტი, მაგრამ სწორი პოზიცია


ნიკა ობოლაძე
ნიკა ობოლაძე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოზიციას პლებისციტის საკითხზე იზიარებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა ობოლაძე.

„შეიძლება, ვინმე თვლიდეს, რომ სააკაშვილის პოზიცია არის ხისტი, მიუხედავად ამისა, ის უბრალოდ მართალია. „ქართული ოცნების“ პოზიცია არის უფრო მეტად ხისტი და საერთოდ არ არის მართალი. ამ შემთხვევაში განხილვა და სიმძიმის ცენტრის გადმოტანა ოპოზიციაში [არასწორია]", - ამბობს ობოლაძე ტელეკომოპანია „ფორმულის" ეთერში.

როგორც პოლიტიკოსი ამბობს, ჯერ ზოგადად ოპოზიციას თავისი ერთიანი აზრი არ გამოუთქვამს ხელისუფლებასთან, რადგან მოლაპარაკებები არ დაწყებულა ჯერ.

„ის, რომ სააკაშვილს აქვს მოლაპარაკებების დაწყებამდე თუნდაც ხისტი, მაგრამ სწორი პოზიცია, შეუძლებელია იყოს კრიტიკის საგანი", - აცხადებს ობოლაძე.

პოლიტიკოსის თქმით, მოლაპარაკებები სრულყოფილი, რომ იყოს, იქ უნდა იჯდეს ნიკა მელია. „როდესაც ოპოზიციას გვეუბნებიან, იქნებ ხისტები ხო არ ხართ, დასავლეთი გიყურებთ და იქნებ თქვენც რაღაც კომპრომისული ვარიანტი ნახოთ. რაზე ვნახოთ, კომპრომისული ვარიანტი, ნიკა მელია ციხეში უნდა იყოს?!" - აღნიშნავს ობოლაძე და ამატებს, - „მთავარი არის მოვიდეს ხელისუფლება მოლაპარაკებაზე, დაჯდეს მაგიდასთან, იქვე დაჯდეს ნიკა მელია და დავიწყოთ ვადამდელი არჩევნების ფორმის განხილვა".

4-პუნქტიან გეგმაში, რომელიც ოპოზიციამ ჯერ კიდევ დეკემბერში წარადგინა, ნათქვამი იყო:

„ვარიანტი 1. ახალი არჩევნების დანიშვნა 2021 წელს;

ვარიანტი 2: პრემიერ-მინისტრი ნიშნავს პლებისციტს 2021 წელს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ. პლებისციტი უნდა ჩატარდეს შეკითხვით: „უნდა ჩატარდეს თუ არა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 2021 წლის შემოდგომაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად“. პასუხის ვარიანტები: „დიახ“ და „არა“.

იმ შემთხვევაში, თუ პლებისციტში მონაწილე საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა დადებითად უპასუხებს პლებისციტში დასმულ კითხვას, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს 2021 წლის შემოდგომაზე ადგილობრივ არჩევნებთან ერთად. რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს ამ შეთანხმების მე-3 და მე-4 პუნქტების [საარჩევნო სისტემის და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმის] გათვალისწინებით“.

XS
SM
MD
LG