Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენმ-ს სერვერები შსს-ში რჩება - ბუნდოვანია “ამოღებული” ინფორმაციის ბედი


“დაკანონებულია ეს თემა” - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისიდან ნიკა მელიას დაკავების დღეს სერვერების ამოღებასთან დაკავშირებით კითხვას.

23 თებერვალს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისიდან წაღებული სერვერები და კომპიუტერების პროცესორები ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროში რჩება. ოპოზიციურ პარტიაში ამბობენ, რომ მათ არც დაზარალებულის სტატუსი აქვთ და არც ის იციან, რა ბედი ეწია დიდი მოცულობის ინფორმაციას, რომელიც ხელისუფლების ხელში სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდა.

საქმე ეხება 4 თვის განმავლობაში ათეულობით შიდა და გარე კამერების ჩანაწერებს, რომელიც სერვერზე ინახებოდა. მეხსიერების მატარებლები პოლიციამ ისე წაიღო პარტიის ოფისიდან, რომ არავის დაუნახავს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ეს მოგვიანებით, სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ აღმოაჩინეს. მათ ამ დრომდე არ აქვთ სასამართლოს განჩინება, რომელიც ოფისის ჩხრეკასა და აპარატურის წაღებას კანონიერ საფუძველს შეუქმნიდა, პოლიციას არ გადაუცია არც ტექნიკის დალუქვის და ინფორმაციის დამუშავების ოქმები.

სერვერების და პროცესორების ამოღების დღეს მართალია, პოლიცია ამბობდა, რომ მათი წაღება მიმდინარე გამოძიების გამო დასჭირდათ, თუმცა არ აკონკრეტებდა, რომელ გამოძიებას გულისხმობდა. ტექნიკის ამოღებიდან მეოთხე დღეს, 27 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ სერვერების ამოღება და დალუქვა სამართალდამცველებისთვის ჯგუფურად წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოხდა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არსებობდა მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის იურისტი კი ამტკიცებს, რომ სერვერების წაღების გარდა სხვა არც ერთი საგამოძიებო მოქმედება პოლიციას არ ჩაუტარებია და ეს “მიმდინარე გამოძიება” ფიქტიურია.

ვანო პეტრიაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ შსს-მ ეს გამოძიება ფორმალურად მხოლოდ იმიტომ წამოიწყო, რომ სახელმწიფოს ოპოზიციური პარტიის ოფისიდან კამერების ჩანაწერები ისე წაეღო, რომ ეს პოლიტიკურ დევნასა და პარტიულ საქმიანობაში ჩარევად არ ჩათვლოდა. მისი თქმით, ამგვარი ფიქტიური გამოძიებები მიღებული პრაქტიკაა და ასეთი საქმეების დახმარებით “კანონიერად” ცხადდება ფარული მიყურადება და მოსმენა. საგამოძიებო მოქმედებებს და ამგვარი საქმეების დიდი ნაწილი ისე იწყება და იხურება, რომ საზოგადოება მათ შესახებ, ვერც კი იგებს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის იურისტი ვანო პეტრიაშვილი რადიო თავისუფლებას იმ გარემოებებზე ესაუბრება, რის გამოც, ეს საქმე ფორმალურადაც კი არ არის გამართული:

“არ შეიძლება გამოძიებისთვის საინტერესო იყოს 4 თვის წინანდელი ინფორმაცია, რომელსაც ეს სერვერები ასევე მოიცავს” - ამბობს ვანო პეტრიაშვილი. “4 თვის იყო, 6 თვის თუ 2 წლის, მაგას რა მნიშვნელობა აქვს. ამოვიღეთ, დავათვალიერებთ, უკან ვუბრუნებთ, არ მიაქვთ ეს მასალა. არ გაგვიტაცია, კანონის წესით ამოვიღეთ” - ასე პასუხობს რადიო თავისუფლების კითხვას ამოღებული ინფორმაციის მოცულობაზე შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური.

შსს ამტკიცებს, რომ იძიებს 23 თებერვალს ნიკა მელიას დაკავებისას პარტიის ოფისში და ოფისთან მყოფი პირების პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობის შემთხვევებს - სერვერები ინახავს რამდენიმე თვის ჩანაწერებს შიდა და გარე კამერებიდან, რაც იმას ნიშნავს პოლიციამ გარდა გამოძიებისთვის სავარაუდოდ საინტერესო კადრებისა, თან წაიღო სხვა, ამ გამოძიებისთვის სრულიად არარელევანტური ინფორმაციაც, რომელიც შესაძლოა პოლიტიკური დევნისა და ცალკეულ პირთა დისკრედიტაციისთვის გამოიყენოს;

“ჩვენ არასოდეს არ გვეცოდინება, რა ვადით მოხდება ამ ინფორმაციის შენახვა, რამდენჯერ გადამრავლდა, ვისთან ინახება - ვერასოდეს ვეღარ მივიღებთ ამ კითხვებზე პასუხს. საგამოძიებო მოქმედების უნიკალურობა ამაში მდგომარეობს, რომ ამოღებული ნივთმტკიცებები ამოღებისთანავე უნდა დაილუქოს და უნდა გაიხსნას იმ პირის თანდასწრებით, რომელთანაც ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება და მერე ისევ უნდა მოხდეს დალუქვა, თუკი მისი გახსნა მოხდება, მაგალითად ექსპერტიზისთვის. როცა ასე არ ხდება, თავისუფალ ვარდნაშია ეს ინფორმაცია გაშვებული" - შიშობს პარტიის იურისტი.

"ვნახეთ ინფორმაცია და ვუბრუნებთ უკან, არ მიაქვთ" - ასე პასუხობს შინაგან საქმეთა მინისტრი ამ შიშებს.

პოლიციამ სერვერები და მათზე არსებული მოცულობითი ინფორმაცია სასამართლოს განჩინების გარეშე ამოიღო, თუმცა, ოპერაციის დასრულებიდან 24 საათში სასამართლომ პოლიციის ქმედება კანონიერად ცნო. როცა საქმე ინფორმაციის გაცემა-გამჟღავნებას ეხება პოლიტიკურ პარტიასა და მის საქმიანობას კანონი უფრო მაღალი სტანდარტით იცავს, ვიდრე ნებისმიერი სხვა სტრუქტურას.

პარტიის იურისტს ამ დრომდე არ აქვს ნანახი არც ტექნიკის ამოღების ოქმი, რომელიც უნდა შემდგარიყო პარტიის ოფისიდან ტექნიკის წაღებისას და არც სხვა ოქმები, მაგალითად, ტექნიკის დალუქვის ან მასზე არსებული ინფორმაციის დამუშავების შესახებ - არც ის იცის, რა უყო გამოძიებამ ინფორმაციას, რომელიც სერვერებზე ინახებოდა: გაანადგურა, ასლები დაამზადა შესანახად თუ ამუშავებს და სხვადასხვა დროს კომპრომატებად გამოიყენებს მაგალითად იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც პარტიაში შეხვედრებს მართავდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო მხოლოდ იმას ამბობს, რომ მათ პარტიის წარმომადგენლებს აცნობეს, რომ შეეძლოთ ტექნიკის უკან დაბრუნება, თუკი სამინისტროში გამოცხადდებოდნენ და ვინაიდან ამ ცნობას არავინ გამოხმაურებია, წერილიც გაუგზავნეს მოთხოვნით, გამოიყოს პარტიის კანონიერი წარმომადგენელი, რომელსაც ოფისიდან ამოღებული ტექნიკური საშუალებები გადაეცემა. პარტიის იურისტი ამბობს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ავალდებულებს მხარეს საგამოძიებო ორგანოში მისვლას კუთვნილი ნივთების წამოსაღებად და პოლიციას შეუძლია თავად დააბრუნოს ტექნიკა, თუკი ამას საჭიროდ თვლის.

“შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტობრივად მოროდიორობა განახორციელა და წაიღო ის, რაც არც ნიკა მელიას დაკავებასთან იყო დაკავშირებული და არც პოლიციისათვის ჯგუფურად წინააღმდეგობის გაწევის ფაქტთან დაწყებულ გამოძიებასთან. ამის კანონიერად ცნობა მოსამართლის მხრიდან გაუგონარი უკანონობაა. როგორ შეიძლება მოსამართლეს ეს კანონიერად მიეჩნია და თან იმ ორგანიზაციის მონაწილეობის გარეშე პროცესზე, სადაც ჩატარდა ჩხრეკა და ამოღება. იმ შემთხვევაში, თუ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერება საეჭვოა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს მოსამართლის მიერ იმ პირის ჩართვას პროცესში, რომლის მიმართაც სამართალდამცველები შესაძლოა უკანონოდ მოიქცნენ. როგორც ეს მოხდა, მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ სახელმწიფო ორგანოები ხმაშეწყობილად მოქმედებდნენ ამ უკანონობის ჩასადენად” - ამბობს ვანო პეტრიაშვილი.

პოლიტიკური მართლმსაჯულების ეჭვს აჩენს ის გარემოებაც, რომ როცა მოსამართლე სერვერების ამოღების კანონიერების საკითხს ადგენდა, ჟურნალისტები უკვე საუბრობდნენ პარტიის ოფისიდან ინფორმაციის არაკანონიერი გზებით მოპოვების შესახებ და მოსამართლეს შეეძლო გადაწყვეტილების მიღებისას პარტიის წარმომადგენლებიც ჩაერთო პროცესში - სასამართლოსთვის პარტიის მოსმენა საინტერესო არ აღმოჩნდა.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ოფისიდან სერვერების ამოღების შემდეგ, იმავე დღეს, წერილობით მიმართა სახალხო დამცველს, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს და გენერალურ პროკურატურას, დაინტერესებულიყვნენ მომხდარით და დაეწყოთ სამართალდამცველების ქმედებების მართებულობისა და კანონიერების შესწავლა.

პარტია პროკურატურისგან დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას და მიმდინარე გამოძიებაში ჩართულობასაც ითხოვდა. სახელმწიფო ინსპექტორს კი სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადაჭარბებისა და ინფორმაციის დაცულობის დარღვეულ სტანდარტზე სთხოვდა რეაგირებას.

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ აქვს, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში კი რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შემოწმება და გამოძიების პროცესში სამსახურის მოქმედება სცდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კომპეტენციას და შესაბამისად, ის ამ საქმეს არ შეისწავლის.

რადიო თავისუფლებამ პასუხი ვერ მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროსგან კონკრეტულ კითხვებზე:

  • რა მოცულობის ინფორმაცია იყო სერვერებსა და პროცესორებზე;
  • ამ ინფორმაციის რა ნაწილი დამუშავდა და რა ნაწილი განადგურდა;
  • სერვერებზე, რომლებსაც პოლიცია უკან აბრუნებს, ისევ ინახება თუ არა ის ინფორმაცია, რაც მისი ამოღების დროს იყო მათზე ჩაწერილი.

სახელმწიფო უწყებების რეაგირების თვალსაზრისით საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ პარტიამ უარი მიიღო იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ფაქტების კონსტატაციის განმახორციელებელი აღმასრულებლის მომსახურებაზე - ეს სერვისი განსაკუთრებით ღირებულია იმ თვალსაზრისით, რომ გადაუდებლად ტარდება, დღის ნებისმიერ მონაკვეთში და მათ მომზადებული დასკვნა მტკიცებულებად გამოიყენება სამართალწარმოებისთვის.

სერვისი საშუალებას იძლევა ნებისმიერ ადგილას და დროს, კონკრეტული თანხის ნაცვლად გამოიძახო აღსრულების ეროვნული ბიუროს სპეციალისტები, რომლებიც მოვლენ და აღწერენ სიტუაციას და ვითარებას, რაც კონკრეტულ დროსა და სივრცეში დახვდებათ. მათ მიერ შედგენილი ოქმი სამართლებრივ დავებში მტკიცებულებად დასაშვებია. იუსტიციის სამინისტრომ პარტიის წერილობითი მოთხოვნა მიიღო და მიღება დაადასტურა, თუმცა მომხდარიდან თითქმის ორი კვირის გასვლის შემდეგაც პარტიაში ამ სერვისის გასაწევად არ მისულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG