Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპმა ფრანცისკემ დაასრულა ერაყში ისტორიული ვიზიტი და ბაღდადიდან რომში გაფრინდა


რომის პაპმა ფრანცისკემ 8 მარტს დაასრულა ისტორიული ვიზიტი ერაყში და ბაღდადიდან რომში გაფრინდა.

ერაყში ის შეხვდა მუსლიმ და ქრისტიან ლიდერებს და მშვიდობასა და თანაარსებობაზე იქადაგა.

84 წლის ფრანცისკე აეროპორტში ერაყის პრეზიდენტმა ბარჰამ სალიჰმა გააცილა.

ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაური ერაყს ეწვია.

ერაყში ვიზიტისას ფრანცისკე ესტუმრა ოთხ ქალაქს, მათ შორის მოსულს, რომელიც წლების განმავლობაში იყო ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ საყრდენი. „მშვიდობა უფრო ძლიერია, ვიდრე ომი“, მიმართა მან ერაყელებს.

„ერაყი ყოველთვის დარჩება ჩემს გულში,“ თქვა პონტიფექსმა.

ფრანცისკე, პაპებს შორის პირველი, შეხვდა ერაყელი შიიტების უზენაეს სასულიერო პირს, დიდ აიათოლა ალი ალ-სისტანის.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებმა პაპის ტურნეს წინ შეშფოთება გამოთქვეს, რომ დიდძალი ხალხის შეკრებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს კორონავირუსის გავრცელებას ქვეყანაში, რომელიც ისედაც მძიმე მდგომარეობაშია პანდემიის გამო. პაპი და მისი დელეგაციის წევრთა უმრავლესობა აცრილი იყო კორონავირუსის წინააღმდეგ, მაგრამ ერაყის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი - არა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG