Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნამახვანჰესის საკითხზე ხვალ პარლამენტში იმსჯელებენ


ნამახვანჰესის კასკადის მშენებლობის მართებულობის საკითხზე 9 მარტს მოსმენა საქართველოს პარლამენტში გაიმართება, სადაც გაერთიანებული საკომიტეტო მოსმენაა დაგეგმილი. სხდომას დაესწრებიან რიონის ხეობის დამცველი აქტივისტებიც, რომელთა თანახმად, კომპანია "ენკა რინიუებლზმა“ მოლაპარაკებების პროცესის დასრულებამდე სამშენებლო სამუშაოები შეაჩერა.

„კომპანია აგრძელებს კომპლექსურ მუშაობას, საველე სამუშაოები მიმდინარეობს ამინდზე დამოკიდებული გრაფიკით. მათ შორის, ვმუშაობთ ნებართვების აღების კუთხით, რომელიც უკავშირდება ზემო ნამახვანის ნაწილს“, - განუმარტეს რადიო თავისუფლებას კომპანია „ენკა რინიუებლზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

რიონის ხეობის მცველების ინფორმაციით კი, სამუშაოების შეჩერება მინისტრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის 5 მარტს გამართული შეხვედრის შემდეგ გადაწყდა.

„ხვალ არის პარლამენტში საკომიტეტო მოსმენა. იქაც ვართ ჩვენ. პარაკევს იქნება მერე ჩვენი შეხვედრა ქუთაისში სამინისტროს წარმომადგენლებთან. მაგის ჩათვლით კომპანია არ იმუშავებს. ასე შევთანხმდით, ნამოხვანში როცა იყვნენ მინისტრები ჩამოსული და აქედან გამომდინარე შეჩერებულია და მერე როგორ გაგრძელდება, არ ვიცით. ჩვენი 14 მარტის აქციაც დამოკიდებულია ამ მოლაპარაკებაზე“, - უთხრა რადიო თავისუფლებას აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა. მისი თქმით, რიონის ხეობის მცველების მოთხოვნებია ჰესების მშენებლობაზე მორატორიუმი გამოცხადდეს და მოლაპარაკებები ნულოვანი ნიშნულიდან დაიწყოს.

ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრები რიონის ხეობის მცველებს 5 მარტს შეხვდნენ. ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტის 132-ე დღეს მინისტრები თავად მივიდნენ სოფელ ნამოხვანში.

ამ შეხვედრას, რომელსაც თავად ხეობის მცველებმა დაგვიანებული უწოდეს, წინ უსწრებდა ორსაათიანი შეხვედრა ცაგერის მოსახლეობასთან ისევ ნამახვანჰესის მშენებლობის ამბავზე, სადაც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები შეკრებილების დარწმუნებას ცდილობდნენ იმაში, რომ 433 მეგავატი სიმძლავრის ჰესი ხეობას საფრთხეს არ უქმნის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრ ლევან დავითაშვილსა და ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას ნამახვანჰესზე სასაუბროდ რეგიონში ჩასვლა და მოსახლეობასთან შეხვედრა 4 მარტს დაავალა. მინისტრებმა დავალება მთავრობის სხდომის დაწყებამდე მიიღეს.

თუ ნამახვანის ჰიდროელექტროსადგური აშენდა, ის საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განხორციელებული ყველაზე დიდი ენერგეტიკული პროექტი იქნება. ჰესის საერთო სიმძლავრე 433 მეგავატი იქნება.

კასკადი ხეობაში ორი კაშხლის აგებას ითვალისწინებს. ერთის სიმაღლე, სოფელ ტვიშთან, 60 მეტრი იქნება, მეორის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, 111 მეტრი.

შენდება მდინარე რიონის ხეობაში, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში.

ადგილობრივი მოსახლეობა ნამახვანჰესის მშენებლობას უკვე ოთხი თვეა აპროტესტებს და მოითხოვს, კომპანია "ენკა რინიუებლზმა" რიონის ხეობა დატოვოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG