საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე ბერა ივანიშვილის ინტერვიუს შემდეგ იხსენებს ორ გახმაურებულ საქმეს, რომელიც გინებით დაიწყო და "ღირსების დაცვით" - მკვლელობით დასრულდა. ასე გამოეხმაურა ბურჯანაძე ივანიშვილის ინტერვიუს, სადაც ის ამბობს, რომ ძმაკაცის დედის გინება რომ ნახოს ინტერნეტში "თავს ვერ შეიკავებს".
"ბავშვებს უნდა ვუთხრათ, რომ გინებისას და შეურაცხყოფისას პოლიციას ან სახელმწიფო ორგანოებს მიმართონ. ვინც გეუბნებათ რომ "ღირსება უნდა დაიცვათ" ან რამე სხვა ძალადობრივი რეაქცია გქონდეთ, ის მკვლელობის ბოროტი წამახალისებელია... აფერუმ, ვინც თქვენი პოლიტიკური ან საჯარო როლით, ამ ბოროტებას ახალისებთ!" - წერს ბურჯანაძე.
გუშინ 3 დღის შემდეგ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში "TV პირველის" გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე ისაუბრა ბერა ივანიშვილმა. მან ირიბად დაადასტურა ჩანაწერის შინაარსი და თქვა, რომ "თუ ვინმე დედას შემაგინებს, მე ასეთ ადამიანს პასუხს მოვთხოვ დღესაც". ინტერვიუს უკვე გამოეხმაურნენ "ქართულ ოცნებაში". პარტიის წევრი თამარ ტალიაშვილი ინტერვიუს ყურების შემდეგ ფიქრობს, რომ ბერას ახალმა ტექნოლოგიებმა გრძნობები არ გაუუხეშა.
მას შემდეგ, რაც "TV პირველმა" ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით ფარული სატელეფონო საუბარი გაავრცელა, ოპოზიცია, სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები მისი შინაარსის გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვდნენ. პროკურატურამ დღეს, ჩანაწერების გავრცელების მესამე დღეს თქვა, რომ გამოძიებას იწყებდა უკანონო მიყურადებისა და არა საუბრის შინაარსის გამო.
ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს ეუბნება, რომ ანზორ ჩუბინიძის სადამსჯელო რაზმმა არასრულწლოვანი შეაშინა და ოჯახის და მეზობლების თანდასწრებით, დამამცირებელ გარემოში, ბოდიშის მოხდა აიძულა: "სკოლაში ჩაფსმული მივა დღეს", - ამბობს, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი. მას, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი პასუხობს: "ვერ წავიდოდა სკოლაში, ტო".