Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეპუტატი ტალიაშვილი ფიქრობს, რომ ბერას ახალმა ტექნოლოგიებმა გრძნობები არ გაუუხეშა


​საქართველოს პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან" თამარ ტალიაშვილი ბერა ივანიშვილის ინტერვიუს ყურების შემდეგ ამბობს, რომ მას ახალმა ტექნოლოგიებმა გრძნობები არ გაუუხეშა. დეპუტატი ინტერვიუს "ფეისბუკზე" ეხმიანება.

"ერთს ვიტყვი დღევანდელ ინტერვიუსთან დაკავშირებით - ბევრი წუხს, ახალი ტექნოლოგიები ახალგაზრდებში ადამიანურ გრძნობებს აუხეშებს, ემოციურ ინტელექტს აქვეითებსო. ნახეთ ეს ინტერვიუ და დარწმუნდებით, რომ ახალგაზრდებს HighTech ერაშიც შეუძლიათ შეინარჩუნონ უშუალობა, გულწრფელობა, ადამიანურობა, მიუხედავად უზარმაზარი წნეხისა და პროვოკაციებისა", - განაცხადა ტალიაშვილმა.

გუშინ 3 დღის შემდეგ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში "TV პირველის" გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე ისაუბრა ბერა ივანიშვილმა. მან ირიბად დაადასტურა ჩანაწერის შინაარსი და თქვა, რომ "თუ ვინმე დედას შემაგინებს, მე ასეთ ადამიანს პასუხს მოვთხოვ დღესაც".

მას შემდეგ, რაც "TV პირველმა" ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით ფარული სატელეფონო საუბარი გაავრცელა, ოპოზიცია, სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები მისი შინაარსის გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვდნენ. პროკურატურამ დღეს, ჩანაწერების გავრცელების მესამე დღეს თქვა, რომ გამოძიებას იწყებდა უკანონო მიყურადებისა და არა საუბრის შინაარსის გამო.

ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს ეუბნება, რომ ანზორ ჩუბინიძის სადამსჯელო რაზმმა არასრულწლოვანი შეაშინა და ოჯახის და მეზობლების თანდასწრებით, დამამცირებელ გარემოში, ბოდიშის მოხდა აიძულა: "სკოლაში ჩაფსმული მივა დღეს", - ამბობს, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი. მას, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი პასუხობს: "ვერ წავიდოდა სკოლაში, ტო".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG