Accessibility links

site logo site logo

არის საქართველო მზად ტყის ხანძრებისთვის?


ფოტო არქივიდან

2017 წელი საქართველოს ტყეებში გაჩენილი ხანძრებით უსიამოვნოდ გამორჩეული წელი იყო. თითქმის ერთთვიანი ინტერვალით ბორჯომის ხეობაში ორი ხანძარი გაჩნდა, სოფელი დაბის მიმდებარედ ცეცხლს 8 დღის განმავლობაში, მეზობელი ქვეყნის დახმარებით აქრობდნენ, 6 დღე მოუნდნენ ცეცხლის ჩაქრობას წაღვერში. ხანძრის შედეგად დაიწვა 1000 ჰექტრამდე ტერიტორია და ზიანი მიადგა ეკოსისტემას. იყო ათეულობით სხვა ხანძარიც.

მაშინ, როცა ქვეყანაში ტყეები თითქმის მთლიანად სახელმწიფო საკუთრებაა, ჩნდება კითხვა, რამდენად არის მზად ხანძრებისთვის. ამ კითხვას პასუხი გასცა აუდიტის სამსახურის დასკვნამ, რომელიც 2017-2019 წლის პერიოდზე დაკვირვებას მოიცავს. ეს საკითხი კომპლექსურია და მოიცავს როგორც ხანძრის პრევენციას, ისე მზაობასა და ქრობის პროცესს.

ხანძრის პრევენცია

აუდიტის სამსახური აღნიშნავს, რომ ტყის ხანძრების საფრთხისა და რისკის შეფასებისთვის ტყის ფონდის აღრიცხვა და მართვის გეგმების შედგენა მნიშვნელოვანია. საქართველოში კი:

  • 21 ტერიტორიული ადმინისტრაციიდან 14 ადმინისტრაცია იმართება მენეჯმენტის გეგმით, თუმცა, ტყის მართვის გეგმები, მხოლოდ შვიდი ტერიტორიული ადმინისტრაციისთვისაა დამტკიცებული;
  • ეროვნული სატყეო სააგენტოს მმართველობის ქვეშ მყოფი ტყის ფონდის 32 უბნისთვის (73%) არ არის შემუშავებული მართვის გეგმები;
  • იმ უბნებშიც, რომლისთვისაც შესაბამისი გეგმები შემუშავებულია, ხანძარსაწინააღმდეგო აქტივობები განხორციელებული არ არის.
  • გარდა ამისა, აუდიტის დასკვნით ირკვევა, რომ ქვეყანაში არ არის დადგენილი ხანძარსაწინააღმდეგო წყალსაცავების, ვერტმფრენის ასაფრენი მოედნების, ხანძარსაწინააღმდეგო ბილიკების მოწყობის სტანდარტები და კრიტერიუმები.

ტყის დაცვის არაპროდუქტიული მოდელი

ტყის უკანონო ჩეხვას ნეგატიური გავლენა შეიძლება ჰქონდეს ხანძრის გაჩენის შემთხვევაში - უკანონო ჭრის შედეგად დატოვებული ნარჩენები გარკვეულ პერიოდში ხმება და ადვილად აალებად/წვად მასალად იქცევა. აუდიტის სამსახური განმარტავს, რომ ტყის მცველებს ორი ძირითადი სარგებლის მოტანა შეუძლიათ: უკანონო ჩეხვისგან დაცვა და მცირე ხანძრების ჩაქრობა ან რეაგირება. აუდიტის სამსახური განმარტავს, რომ 2019 წლის 25 იანვრიდან "ტყის მცველის პოზიცია" საერთოდ გაუქმებულია.

"ხანძრების პრევენციისთვის, ტყის მცველის მნიშვნელოვანი პოზიციების გაუქმებამ, ვერ უზრუნველყო ადგილზე (ტყის ფონდის ტერიტორიაზე) ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტების გამოვლენის ზრდა, ხოლო სატყეო სააგენტოს შეუმცირა ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის აუცილებელი ადამიანური რესურსები", - აღნიშნულია დასკვნაში.

ტყის ხანძრებისთვის მზაობა

ტყის ხანძრებზე დროული რეაგირებისთვის საჭიროა ადამიანური რესურსებისა და ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობის სწორი ორგანიზება და მართვა. აუდიტს სამსახურმა ამ მხრივ რამდენიმე ხარვეზი გამოავლინა:

  • სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში მეხანძრე-მაშველთა რაოდენობა მცირეა;
  • მეხანძრე-მაშველების არსებული რესურსები არათანაბრად არის განაწილებული რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით;
  • შესაბამისი პროფესიული კურსი მეხანძრე – მაშველთა მხოლოდ 20%-ს აქვს გავლილი;
  • 372 სახანძრო სატრანსპორტო საშუალებიდან 146 არის მაღალი გამავლობის, რთული რელიეფისათვის განკუთვნილი სახანძრო ავტოცისტერნა, რომლებიც ძირითადად განკუთვნილია ტყის ხანძრებისთვის;
  • სახანძრო მანქანების ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია - მხოლოდ 25% არის სრულად გამართული, ხოლო 21% გაუმართავ მდგომარეობაშია;
  • სახანძრო მანქანების 25-წლიანი ექსპლუატაციის ვადა გასული აქვს სატრანსპორტო საშუალებების 51%-ს;
  • საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს საავიაციო საშუალებები არ აქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG