Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხათუნა ლაგაზიძე: ერთადერთი, რამაც კომპრომისზე შეიძლება წამოიყვანოს „ქართული ოცნება“, არის სანქციები


ხათუნა ლაგაზიძე
ხათუნა ლაგაზიძე

პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძის შეფასებით, „ქართული ოცნება“ მკვეთრი არჩევანის წინაშე უნდა დადგეს. მან არ გამორიცხა, რომ იგი აღმოჩნდეს დასავლეთის სანქციების პირისპირ. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა, რომ იმ ირაციონალურ ველში, რომელშიც „ქართული ოცნება“ იმყოფება, ერთადერთი, რამაც იგი კომპრომისზე შეიძლება წაიყვანოს, სწორედ სანქციებია.

„ამას ასაბუთებს თუნდაც ის, რომ გუშინ, დღევანდელ ვიზიტამდე (კრისტიან დანიელსონის) რამდენიმე საათით ადრე მიიღეს გადაწყვეტილება "TV პირველის" შესახებ. ღრმად ვარ დარწმუნებული, თავად სასამართლოს მიერ გამოცემულ დოკუმენტში ეწერა, ფაქტობრივად, ძალისმიერი გადაწყვეტილების გზა იყო დაშვებული, თუ თავად ტელევიზია არ წავიდოდა შემხვედრ ნაბიჯებზე. და რეალურად ეს არის გამოცხადებული ომი არა მარტო საქართველოს ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების, არამედ საქართველოს საზოგადოების მიმართ მთლიანად, საქართველოს სახელმწიფოებრიობის მიმართ მთლიანად და ამას დამატებული ზემოდან კიდევ დასავლეთის მიმართ ომია გამოცხადებული, იმას, რასაც ჩვენ ეხლა ვუყურებთ“, - აღნიშნა ხათუნა ლაგაზიძემ. „დილის საუბრებში“. მან აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირების სათანადო რეაგირებასა და შეფასებას ელის.

„მე ვფიქრობ, ძალიან მკვეთრი არჩევანის წინაშე უნდა დადგეს "ქართული ოცნება". ან ემორჩილები რუსეთის ზეწოლას, ანდა ფინანსური აქტივები, თქვენი ოჯახების დასავლეთში სწავლის, ტურისტული მიზნით, ბიზნესის წარმოების პერსპექტივები უბრალოდ დამთავრდება. კითხვის ნიშნის ქვეშ კი არ დარჩება. სხვა გამოსავალს, სამწუხაროდ, ვერ ვხედავ. მე ეს ასე მკვეთრად არასოდეს ჩამომიყალიბებია, მაგრამ გუშინდელის შემდეგ მე სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. რომ არა უპრეცედენტოდ მობილიზებული რეაქცია საზოგადოების მხრიდან "TV პირველის" დასაცავად, მე გარწმუნებთ, რომ ეს გუშინვე ძალისმიერად აღსრულდებოდა“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“.

გუშინ, 11 მარტს ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და უფლება მისცა, „TV პირველიდან“ ამოიღოს ბერა ივანიშვილის აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებული მასალები.

კერძოდ:

  • ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, რომელზეც ჩაწერილი იყო რეპორტაჟში გამოყენებული კერძო საუბრების ჩანაწერები;
  • კონვერტი, რომელშიც მოთავსებული იყო ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა.

საქართველოს მთავარი პროკურატურა დამატებით განმარტავს, რომ „TV პირველს“ უფლება აქვს, არ გადასცეს მათ ის „ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი თუ სხვა ობიექტი“, რომლის ამოღების უფლებაც სასამართლოსგან ითხოვეს და მოსამართლემ დაუკმაყოფილა. ამ შინაარსის განცხადება თავად უწყებამ გაავრცელა.

განცხადების მიხედვით, „TV პირველს“ თავად შეუძლია, მიიტანოს საგამოძიებო უწყებაში ფარული ჩანაწერი და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა. მანამდე გავრცელებულ განცხადებაში პროკურატურა აღნიშნავდა, რომ საგამოძიებო უწყება არ აპირებს „TV პირველში“ ძალის გამოყენებით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას.

მოგვიანებით სასამართლომ განმარტა, რომ განჩინებაში გამოყენებული „დათქმა წარმოადგენს სტანდარტულ ფორმას“.

„TV პირველმა“ 6 მარტს გაასაჯაროვა ფარული ჩანაწერი ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით. ისინი განიხილავენ 15 წლის არასრულწლოვნის შეშინებას, ბერასთვის არასასიამოვნო კომენტარების გამო.

ჩანაწერის გავრცელებიდან 3 დღეში, ბერა ივანიშვილმა ირიბად დაადასტურა ჩანაწერის შინაარსი „იმედთან“ ინტერვიუში და თქვა: „თუ ვინმე დედას შემაგინებს, მე ასეთ ადამიანს პასუხს მოვთხოვ დღესაც“.

პროკურატურამ გამოძიება დაიწყო მხოლოდ „კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის მუხლით“, სატელეფონო საუბრის შინაარსით კი გამოძიება არ დაინტერესებულა.

XS
SM
MD
LG