Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ცხინვალს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს, ოპოზიციამ ბოიკოტი შეწყვიტა


გენადი ბეკოევი
გენადი ბეკოევი

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ბიბილოვის ოპოზიციამ ბოიკოტი შეწყვიტა და პარლამენტის დარბაზს დაუბრუნდა. 12 მარტს დე ფაქტო პარლამენტის სხდომაზე გენადი ბეკოევი ე. წ. პრემიერ-მინისტრად დაამტკიცეს. მის კანდიდატურას 19-მა ე. წ. დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ეს იყო დე ფაქტო პარლამენტის პირველი სრულფასოვანი სხდომა ოპოზიციური ძალების მიერ ბოიკოტის გამოცხადების შემდეგ. 11 გაფიცული ე. წ. დეპუტატი გასული წლის 1 სექტემბრიდან ითხოვს დე ფაქტო გენერალური პროკურორის, ურუზმაგ ჯაგაევის, გადადგომას, ინალ ჯაბიევის მკვლელობის საქმის გამო. 1 სექტემბრიდან გაფიცული დეპუტატები სულ ორჯერ შევიდნენ სხდომათა დარბაზში. პირველად მათ ხმა მისცეს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის თანხების გამოყოფას, მეორედ კი შევიდნენ ამა წლის 5 თებერვალს, რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის ოკუპირებულ რეგიონში ვიზიტის დროს.

მათ გვიპასუხეს , რომ დიახ, ჩვენ დავარღვიეთ კანონი, მაგრამ ეს ხალხის გამო მოხდა. ანუ ახლა მათი მთავარი საფარია, რომ ეს ხალხისთვის იყო კარგი...
დავით სანაკოევი

ე. წ. პარლამენტის სხდომა ისევ 2004 წლის რეგლამენტით ჩატარდა, რომელსაც ბიბილოვის მომხრე დეპუტატები 16 თებერვლის სხდომაზე უკანონოდ მიიჩნევდნენ. 16 თებერვალს ე. წ. პარლამენტმა, კვორუმის არარსებობის მიუხედავად, დე ფაქტო რესპუბლიკის ბიუჯეტი დაამტკიცა.

მაშინ ოპოზიციურმა ძალებმა ბიბილოვის მომხრეების თვითნებობას „სახელმწიფოს კონსტიტუციური საფუძვლების“ დარღვევა უწოდეს. ამასთან, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ შესაბამისი საჩივრის განხილვაზე უარი თქვა. ბოიკოტის მომხრე დეპუტატები სასამართლოსგან 16 თებერვლის სხდომის არაკანონიერად ცნობას მოითხოვდნენ. 12 მარტის სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კოლეგებს შესთავაზეს გამოეცხადებინათ წინა პარლამენტის სხდომა არაკანონიერად და ამით სამართლებრივ ჩარჩოებს დაბრუნებოდნენ, თუმცა ბიბილოვის უმრავლესობამ ეს საკითხი ჩააგდო. ერთ- ერთი ოპოზიციონერი ე. წ. დეპუტატი, დავით სანაკოევი, „ეხო კავკაზასთან“ საუბარში აცხადებს, რომ მათი მიზანია სამხრეთ ოსეთი კანონიერებისა და სამართლიანობის ჩარჩოში დააბრუნონ.

ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ სხდომათა დარბაზში დაბრუნება აუცილებელია, რათა თავიდან ავიცილოთ სრული ქაოსი და განუკითხაობა...
ალექსანდრ პლიევი

„როდესაც ჩვენ დავიწყეთ საუბარი ამ დადგენილებების გაუქმების აუცილებლობაზე, რადგან ისინი უკანონოა, რადგან ეს არღვევს რეგლამენტს, მათ დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ ეს ხალხის საკეთილდღეოდ გაკეთდა. ამის შემდეგ ბევრმა დეპუტატმა აღშფოთება გამოთქვა, ანუ ჩვენ დავიწყეთ პოლემიკა. აქცენტს ამაზე აკეთებდნენ: „ხალხისთვის უფრო მეტი გსურთ, ვიდრე ჩვენ?” შემდეგ ისინი დაუბრუნდნენ იმ ფაქტს, რომ ჩვენ ახლა არ ვსაუბრობთ ბიუჯეტის მიღებაზე. არადა, შესაძლებელი იყო ადამიანებისთვის ხელფასების და პენსიების გადახდა სხვა მექანიზმების გამოყენებით, კანონის დარღვევის გარეშე. მათ გვიპასუხეს, რომ დიახ, ჩვენ დავარღვიეთ კანონი, მაგრამ ეს ხალხის გამო მოხდა. ანუ ახლა მათი მთავარი საფარია, რომ ეს ხალხისთვის იყო კარგი და იმასაც აცნობიერებენ, რომ ეს კანონდარღვევით მოხდა და რეგლამენტის გაუქმებას ხმა მისცეს“.

დე ფაქტო პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაბრუნება ოპოზიციონერმა დეპუტატებმა იმით ახსნეს, რომ აუცილებელია ბრძოლის პარლამენტიდან გაგრძელება. „სახალხო პარტიის“ ლიდერი ალექსანდრ პლიევი მიიჩნევს, რომ განუკითხაობის აღსაკვეთად საპარლამენტო ტრიბუნა უნდა გამოიყენონ.

„ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ სხდომათა დარბაზში დაბრუნება აუცილებელია, რათა თავიდან ავიცილოთ სრული ქაოსი და განუკითხაობა. რატომ ვიყავით საბოტაჟის რეჟიმში? იმიტომ რომ რესპუბლიკის ხელმძღვანელობამდე ჩვენი აზრი მიგვეტანა, მაგრამ, რადგან ქვეყნის ხელმძღვანელობამ სხვა გზა აირჩია, სრულიად უკანონობის გზას გაჰყვა, აღმოჩნდა, რომ საჭიროა დაბრუნება და ბრძოლა. და ჩვენ ვიცით, ეს როგორ უნდა გავაკეთოთ ... მე ვფიქრობ, რომ ამ 18-მ ადამიანს შორის, რომლებმაც კანონს მიაფურთხეს, დარჩა გარკვეული სახის თვითშეგნება და გააჩნიათ მორალური ფასეულობები ... ვფიქრობ, რაღაც შეიცვლება, რადგან ჩვენ გვაქვს მკაფიო დასკვნები და ამ 18-ში არის მოაზროვნე ხალხი. რა თქმა უნდა, ყველა არა. მოვუწოდებთ მათ არ გადალახონ საზღვრები და არ დაანგრიონ ჩვენი სახელმწიფო".

პარლამენტში გენადი ბეკოევის კანდიდატურას დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მხარი 19-მა ე.წ. დეპუტატმა დაუჭირა, 11 წინააღმდეგი იყო. ერთმა პარლამენტარმა თავი შეიკავა. საერთო ჯამში, კენჭისყრაში 34 დეპუტატიდან 31-მა მიიღო მონაწილეობა.

11 ოპოზიციურად განწყობილი ე. წ. დეპუტატი გასული წლის პირველი სექტემბრის შემდეგ საპარლამენტო მუშაობაში არ მონაწილეობდა და ბოიკოტის რეჟიმში იყო. ისინი ითხოვენ დე ფაქტო გენერალური პროკურორის, ურუზმაგ ჯაგაევის, გადაყენებას და ცხინვალში ძალოვნების მიერ მოკლული ინალ ჯაბიევის მკვლელობის საქმის სამართლიან და ობიექტურ გამოძიებას. ჯაბიევის ნათესავები და ოჯახის წევრები ცხინვალის ცენტრში ამავე მოთხოვნებით პერმანენტულ საპროტესტო აქციებს მართავდნენ. ახლა ოპოზიცია მმართველ უმრავლესობასთან ბრძოლას საპარლამენტო ტრიბუნიდან აპირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG