Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფასი იქნება დიდი და მას გადაიხდის არა მხოლოდ ხელისუფლება, ჩვენც, ხალხი - ინტერვიუ ყოფილ ელჩთან, გიგი გიგიაძესთან


დანიის სამეფოში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, გიგი გიგიაძემ საგარეო საქმეთა სამინისტროში 23-წლიანი მუშაობის შემდეგ არასამთავრობო  ორგანიზაციაში  გადაინაცვლა. 15 მარტს მისი პირველი სამუშაო დღე იყო ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრში უფროსი მკვლევრის რანგში. 

გამოცდილი დიპლომატი, რომელსაც მნიშვნელოვანი სამუშაო აქვს გაწეული საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების და სავიზო ლიბერალიზაციის პროცესში მინისტრის მოადგილის სტატუსით, დანიაში მისიის მიწურულს საზოგადოებას დაამახსოვრდა “კარტოგრაფების საქმის” ბრალდებულების მიმართ გამოცხადებული საჯარო მხარდაჭერით. ის ფაქტობრივად გამონაკლისი აღმოჩნდა მოქმედი დიპლომატებიდან, ვინც ღიად და მკაფიოდ დაუჭირა მხარი კოლეგებს - დღეს მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მის პოზიციას საგარეო უწყებაში ბევრი იზიარებს, იმის მიუხედავად, ამბობს თუ არა ამას ხმამაღლა. დღეს, დიპლომატიურ რეზერვში მყოფ გიგი გიგიაძეს აღარ სურს კვლავ კარტოგრაფების საქმეზე საუბარი, ამბობს მხოლოდ იმას, რომ რაც მოხდა, მისთვის ყოვლად მიუღებელია.

ბატონო გიგი, რას გააკეთებთ თქვენს ახალ სამსახურში?

გადავიბარე ორგანიზაციის საერთაშორისო დონორებთან ურთიერთობები, ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხები და ასევე, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი და მისი გავლენა ქართულ ეკონომიკაზე. ასევე, ვფიქრობ, საინტერესო იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან მუშაობა და მათი ინტერნაციონალიზაცია, ევროპულ ბაზრებთან დაკავშირება და ხელშეწყობა. მე ვარ „ლიდერთა განვითარების აკადემიის” პირველი ნაკადის წევრი და მინდა ამ აკადემიის კურსდამთავრებულები აქტიურად ჩავრთო ამ პროცესებში.

ვინაიდან დანიაში ახალი დასრულებული გაქვთ მისია, გკითხავთ სკანდინავიის ქვეყნების დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ და ჩვენი ურთიერთობების პერსპექტივაზე. საჯარო განხილვებისას იშვიათად ისმის, რას ფიქრობენ ეს ქვეყნები საქართველოს პერსპექტივაზე ევროინტეგრაციის პროცესში, რა პოტენციალი გვაქვს უსაფრთხოების ან ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის.

გეთანხმებით, ძალიან მწირია ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ გვიჭერენ მხარს ჩვენი ნორდიკელი მეგობრები. ჩვენ გვაქვს მათი მართლაც სრული მხარდაჭერა როგორც ჩვენს ევროპულ, ასევე ევროატლანტიკურ მისწრაფებებში და ეს მხარდაჭერა არის უწყვეტი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან. ეს ქვეყნები სრულიად იზიარებენ მოსაზრებას, რომ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ახლოს როგორც ევროკავშირთან, ასევე ნატოსთან. ნორდიკული ქვეყნები თვითონაც განსხვავდებიან იმ მხრივ, რომ ნაწილი არის ევროკავშირის, ნაწილი ნატოს წევრი - ორივე ორგანიზაციის წევრი არის დანიის სამეფო და ის სრულიად მკაფიოდ, ხაზგასმით გვიჭერს მხარს ორივე ორგანიზაციაში. ასევე შემიძლია ვთქვა შვედეთზე, რომელიც პოლონეთთან ერთად არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ინიციატორი და ეს ქვეყნები მაქსიმალურად მხარში გვიდგანან პოლიტიკურ ჭრილში.

რაც არ არის განვითარებული, ეს არის ეკონომიკური ურთიერთობები - ჩვენ ძალიან ბევრი რამის სწავლა, გადმოღება, დანერგვა შეგვიძლია. ჩვენმა მეგობრებმა, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა სწორედ ნორდიკული ქვეყნების მაგალითით მიაღწიეს დიდ და სწრაფ პროგრესს.

დანიაში მისიის დასასრულს თქვენ ღია მხარდაჭერა გამოუცხადეთ თქვენს კოლეგას, ივერი მელაშვილს და ეს არც იქნებოდა გასაკვირი, რომ არ ყოფილიყავით ფაქტობრივად გამონაკლისი მაღალი რანგის მოქმედი დიპლომატებიდან, ვინც ეს გააკეთა. რთულია, თუნდაც სისტემის ინტერესებიდან გამომდინარე, ილაპარაკო იმაზე ხმამაღლა, რაც არ მოგწონს?

ეს ჩემთვისაც მოულოდნელი იყო, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ვიქნებოდი ერთადერთი ადამიანი. მიმაჩნდა, რომ გაცილებით მეტი რეაქცია ექნებოდა დიპლომატების მხრიდან ამ ფაქტს. როგორც მაშინ, ისე ახლაც, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ბატონ ივერი მელაშვილსაც და ქალბატონ ნატალია ილიჩოვასაც. მე მათ ვიცნობდი ჩემი საქმიანობიდან საგარეო საქმეთა სამინისტროში. საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისია შემოდიოდა ჩვენს დეპარტამენტში, მე ვიცი მათი პატრიოტიზმის შესახებ, ვიცი როგორ მუშაობდნენ, რა დიდი შრომაა ჩადებული ამ კომისიის საქმიანობაში და როგორი ძალისხმევა ჭირდება საზღვრების შეთანხმების პროცესს. შესაბამისად, მე თვითონაც გამიკვირდა, ივერი მელაშვილმა რომ გაცილებით მეტი მხარდაჭერა ვერ მიიღო, ჩემთვისაც ეს იყო დიდი სიურპრიზი.

რთულია თუნდაც სისტემის ინტერესებიდან გამომდინარე ილაპარაკო იმაზე ხმამაღლა, რაც არ მოგწონს?

მე ჩავთვალე, რომ ძალიან ბევრი ადამიანის აზრი გამოვხატე ამ ჩემი განცხადებით. ახლაც ასე მიმაჩნია. იმის მიუხედავად, რომ ბევრმა ვერ თქვა, ვერ დაწერა, ვფიქრობ, რომ ბევრი იზიარებს ჩემს მოსაზრებას და პოზიციას - მგონია, რომ ეს არა მხოლოდ ჩემი აზრი, ბევრი დიპლომატის და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის სათქმელიც იყო.

იყვნენ ისეთებიც, ვინც ვერ დაფარა უკმაყოფილება თქვენი განცხადებით. მაგალითად ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ თქვენ დიპლომატიური საქმიანობის სტანდარტი დაარღვიეთ, საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ მისთვის სიურპრიზი იყო და შეგეძლოთ დაგერეკათ განცხადების გაკეთებამდე.

მე ჩემს პირად გვერდზე დავუჭირე მხარი ბატონ ივერის. 1997 წლიდან ამ სისტემაში ვარ, 23 წლის განმავლობაში ამ დიპლომატიურ საქმიანობას ვეწეოდი და ამ დროის განმავლობაში არ მსმენია იმგვარი პროტოკოლის შესახებ, რომელიც მე ამ განცხადებით დავარღვიე. ვერ გავიზიარებ ამ მოსაზრებას. ეს იყო ჩემი პირადი პოზიცია, მეგობრის, კოლეგის, ადამიანის მიმართ, რომელსაც ვიცნობ ამ უწყებაში მუშაობის პრინციპში პირველი დღიდან.

როგორც გამოცდილი დიპლომატი, როგორ ფიქრობთ, რა გავლენას იქონიებს ეს სისხლის სამართლის საქმე მოლაპარაკების პროცესზე აზერბაიჯანთან?

ბევრი აზრი მოვისმინე და მგონია, რომ ეს პროცესი ნამდვილად ხელს არ შეუწყობს მოლაპარაკებებს და საზღვრის დადგენის საქმეს, თუმცა, უფრო სწორი იქნება, დაველოდოთ კომისიების შემდეგ სხდომას და შემდეგ ვიმსჯელოთ ამ თემაზე.

გკითხავთ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზეც - საინტერესო პროცესია ევროპელი მეგობრების ამ მასშტაბის ჩართულობა კრიზისის განმუხტვის, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესში.

ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის ასეთი აქტიური ჩართულობა საქართველოში მიმდინარე პროცესებში. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ევროკავშირისთვის. ჩვენ ვხედავთ ევროპელი დიპლომატების მუშაობას საქართველოში და ეს ძალიან კარგი დინამიკაა - საჭიროა ახლა უკვე ქვეყნის შიგნით მხარეებს შორის კონსენსუსის პოვნა.

თუმცა, ჯერ არ ჩანს კონსენსუსის ნიშნები. რა იქნება ის ფასი, რასაც საქართველო გადაიხდის იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის ეს ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდება?

ფასი იქნება ძალიან დიდი და ამას გადაიხდის არა მხოლოდ ხელისუფლება, ჩვენც, ხალხი. ახლა საქართველო ჯერ კიდევ განიხილება როგორც აღმოსავლეთ პატრნიორობის მოწინავე ქვეყანა და ამ სტატუსის ხარჯზე ჩვენთვის ჯერ კიდევ ბევრი კარი არის ღია, და თუ ეს სტატუსი შეიცვლება, ჩვენს მომავალზე ეს ძალიან ცუდად, მძიმედ აისახება. ამის ფუფუნება ჩვენ არ გვაქვს.

ფიქრობთ, რომ საქართველომ და მისმა დემოკრატიამ განსაკუთრებული მნიშვნელობა ევროპისთვის ყარაბაღის კონფლიქტის და რეგიონში რუსეთის პოზიციების გაძლიერების მერე შეიძინა?

ალბათ აქ ერთი ფაქტორი არ იყო, რამაც ეს პროცესები გამოიწვია. მზარდი ყურადღება განპირობებულია შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების პოლიტიკით, მიმდინარე პროცესები - ეს დადებითი დინამიკაა, მიმაჩნია, რომ ევროკავშირი სწორად იქცევა, როცა ცდილობს, უფრო მეტად იყოს წარმოდგენილი რეგიონში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG