Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გული შესაძლოა ნებისმიერ დროს გაუჩერდეს" - ლევან რატიანი ახალციხიდან გადმოყვანილ ექთანზე


განახლება: მასალის გამოქვეყნებიდან ერთ საათში ცნობილი გახდა, რომ მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა.

ახალციხის ერთ-ერთი კლინიკის ექთნის, 28 წლის მეგი ბაქრაძის მდგომარეობა მძიმეა. მის შესახებ მედიას ინფორმაცია პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა მიაწოდა.

"ამ წუთში პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკული. კლინიკურად სახეზეა გულის გაჩერების წარმატებული აღდგენა. აღნიშნული მდგომარეობა გამოწვეულია, სავარაუდოდ, როგორც ანამნეზიდან ირკვევა ანაფილაქსიური შოკის არსებობით. ამ ეტაპზე გრძელდება პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა მდგომარეობა. მინდა გითხრათ, რომ დადებითი ეფექტი ამ ეტაპზე კლინიკურ პარამეტრებში აღარ გაგვაჩნია. ნებისმიერ დროს შესაძლებელია, ჩვენდა სამწუხაროდ, დასრულდეს გულის გაჩერებით კვლავ", - განაცხადა რატიანმა.

18 მარტს ახალგაზრდა ექთანს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებიდან ნახევარ საათში განუვითარდა, წინასწარი შეფასებით, ანაფილაქსიური შოკი. ის ახალციხიდან თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კატასტროფის ბრიგადამ გადაიყვანა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტის შესწავლა დაიწყო რეგულირების სააგენტომ, რათა დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ახალგაზრდა ქალის მძიმე მდგომარეობასა და ვაქცინას შორის.

ახალციხის შემთხვევის გამო განიხილებოდა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შეჩერების შესაძლებლობა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის მარეგულირებელმა, "ევროპის წამლის სააგენტომ" დაადასტურა, რომ "ასტრაზენეკას" ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია, თბილისში, იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტის სხდომაზე მიიღეს ვაქცინაციის გაგრძელების გადაწყვეტილება.

საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო "ასტრაზენეკას" ვაქცინით ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა აცრა. ოთხი დღის განმავლობაში აცრილთა რიცხვი 3060-ზე ოდნავ მეტი იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG