Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის მინისტრი: ვაქცინის პოპულარიზაციის მიზნით, 100 ცნობილი ადამიანი საჯაროდ აიცრება


ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ შესაძლოა 100 ცნობილი ადამიანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ აიცრას ვაქცინაციის პროცესის პოპულარიზაციისთვის. მინისტრის ეს განცხადება არის პასუხი მოქალაქეების ინიციატივაზე, რომელიც მათ მას შემდეგ გააჟღერეს საჯაროდ, რაც გაირკვა, რომ საქართველოში მოქალაქეთა დიდი ნაწილი აცრის გაკეთებისგან თავს იკავებს სხვადასხვა მიზეზის გამო - საინიციატივო ჯგუფის წევრები, რომელშიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შედიან, ითხოვენ, რომ მათ საყოველთაო ვაქცინაციამდე მიეცეთ საჯაროდ აცრის შესაძლებლობა.

„რაც შეეხება 100 ცნობილი ადამიანის ვაქცინაციას, ეს არის სტრატეგიული კომუნიკაციის ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც თვალსაჩინოდ აჩვენებს ჩვენს მოქალაქეებს, რამდენად სანდოა ვაქცინა. რა თქმა უნდა, ინფორმაცია მიეწოდება ყველა იმ ცნობილ პირს, რომელიც დღეს ვაქცინაციაში საკუთარი ნებით ერთვება. თქვენ იცით, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და ისინი ამას აკეთებენ ჩვენი საზოგადოებისა და ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის. არანაირი გამორჩევა იმ ნიშნით, რომ ეს ადამიანები არიან ცნობილი და აქედან გამომდინარე, სახელმწიფო მათზე განსაკუთრებით ზრუნავს, ამ კომპონენტში არ არის ჩადებული“, – განაცხადა ტიკარაძემ.

დღესვე ბიოლოგი ლევან ბუთხუზი მოხალისეთა ვაქცინაციის შესახებ შეხვედრაზე იმყოფებოდა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში. ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემაც თქვა, რომ ინიციატივა მისასალმებელია და მას სახელმწიფოს მხრიდან შემხვედრი ნაბიჯები სჭირდება.

საქართველოში 15 მარტიდან მიმდინარეობს ვაქცინაცია "ასტრაზენეკას" ვაქცინით. 30 მარტიდან აცრა დაიწყება "ფაიზერის" ვაქცინითაც. ამ ეტაპზე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები და 65 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეები იცრებიან.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 26 მარტის 14:00 საათისთვის აცრილთა რაოდენობა 4344-ია, ხოლო ვაქცინაციისთვის დარეგისტრირებულების - 11 273.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG