Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგი უგულავა: იმედი მაქვს, რომ ნიკა მელიას 8-ში გარეთ ვიხილავთ


გიგი უგულავა
გიგი უგულავა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ნიკა მელიას საქმეზე პოლიტიკური გადაწყვეტილების მოლოდინშია, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ 8 აპრილს იგი საპატიმროს დატოვებს:

„ნიკა მელიას ისევე როგორც დაპატიმრება, ასევე განთავისუფლება არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური აქტი, მას სამართალთან არანაირი შეხება არ ჰქონდა, არა აქვს და არც ექნება. ამიტომ მოსამართლე რა გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, ძნელია პროგნოზირება. ყველა შემთხვევაში ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება. ის უბრალოდ გაახმოვანებს იმ გადაწყვეტილებას, რაც საბოლოო ჯამში ივანიშვილის მისაღებია... მე მაინც მოლოდინი მაქვს და იმედი მაქვს, რომ ნიკას 8-ში გარეთ ვიხილავთ“, - უთხრა გიგი უგულავამ „TV პირველს“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა ჩაინიშნა. 8 აპრილს, 11 საათზე გაიმართება საქმის პირველი არსებითი განხილვა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას სასამართლოში მიაწოდეს.

დააყენებს თუ არა პროკურატურა მელიას გათავისუფლების შუამდგომლობას? რადიო თავისუფლებას ამ კითხვაზე საგამოძიებო უწყებაში არ პასუხობენ.

ნიკა მელია 23 თებერვალს, დილას,"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში საპოლიციო ძალებმა დააკავეს. ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა "გავრილოვის ღამის" მოვლენების სახელით ცნობილ საქმეზე აქვს მისჯილი.

თავდაპირველად, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა გირაო და ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური, რომელიც მან დემონსტრაციულად მოიხსნა 2020 წლის 1 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საპროტესტო აქციაზე. ამის შემდეგ, ნიკა მელიას 40-ათასლარიანი გირაო შეეფარდა, რომელიც მან არ გადაიხადა.

ქართული ოპოზიციური სპექტრის უდიდესი ნაწილი ნიკა მელიას პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

პროკურატურა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს 2019 წლის 20-21 ივნისს, ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო მასობრივ დემონსტრაციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მის ხელმძღვანელობას ედავება. მელია ბრალს არ აღიარებს.

XS
SM
MD
LG