Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჩვენ თავად გავხდით ბენეფიციარები“ - სოციალური აგენტები დახმარებას ითხოვენ


სოციალური აგენტების ვრცელი წერილი პრემიერ-მინისტრის სახელზე, მთავრობის კანცელარიაში 25 მარტს დარეგისტრირდა. ისინი წერილში იმ პრობლემების შესახებ წერენ, რომლის წინაშეც, მათი თქმით, წლებია დგანან და მიუხედავად გასულ წელს განხორციელებული ცვლილებებისა, ამ პრობლემების ჩამონათვალი ისევ ვრცელია.

თეა ნარიმანიშვილი 16 წელია სოციალურ აგენტად მუშაობს. ბოლო 12 წელია ისანი-სამგორის რაიონს ემსახურება. თავად კი სამ მცირეწლოვან შვილთან და ქმართან ერთად პატარძეულში, ნათესავის ბინაში ცხოვრობს. რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მისი და მისი კოლეგების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ იძულებულები ხდებიან, თავად მიმართონ სააგენტოს დახმარების თხოვნით: „მივედით იმ ზომამდე, რომ ჩვენვე გავხდით ბენეფიციარები“, - ამბობს თეა.

სოციალური აგენტების დახმარებას ითხოვენ
please wait

No media source currently available

0:00 0:10:13 0:00

თეა იმასაც ამბობს, რომ ისედაც მწირი ანაზღაურების თითქმის ნახევარს, ისევ „სამსახურში ტოვებს“ და თვის ბოლოს სახლამდე 300-400 ლარი ან მიაქვს და ან ვერ. მისი თქმით, ბენეფიციარებამდე მისასვლელად, მას რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლა სჭირდება.

მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალურ ტრანსპორტზე საშეღავათო ტარიფით სარგებლობს, ტრანსპორტის ხარჯს მისი შემოსავლის ნახევარი მიაქვს. ამიტომ ხშირად იძულებული ხდება, რომ თანხის დაზოგვის მიზნით, ბენეფიციარებთან ფეხით წავიდეს. ფეხით სიარული, განსაკუთრებით, რთულად მისასვლელ მისამართებზე, მისი თქმით, ყოველთვის უსაფრთხო არ არის:

„ყოფილა შემთხვევა, რომ ჩამირთავს ნაბიჯმზომი და 15 000 ათასი ნაბიჯი დაუწერია, ისიც ნახევარ დღეზე. ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირია. ჩემს სამსახურამდე რომ მივიდე, ორი-სამი ტრანსპორტი უნდა გამოვიცვალო. თუ გამიმართლა და რამდენიმე ოჯახი ახლო-ახლოს არის, ტრანსპორტი ნაკლებად მჭირდება, მაგრამ არის ისეთი უბნები, სადაც შიდა გადაადგილება გვიწევს - შევედით უბანში, შემდეგ რამდენიმე გაჩერების იქითაა მომდევნო ოჯახი, ისევ ვსარგებლობთ ტრანსპორტით. შემდეგ იქიდან სულ სხვა უბანში გადავდივართ. ანუ, შეიძლება, რომ ერთ დღეს მოვიარო რამდენიმე საფოსტო ინდექსი. იმის გამო, რომ ტრანსპორტისთვის არ არის ხარჯი გამოყოფილი, ჩვენი ჯანმრთელობის ხარჯზე გვიწევს ეკონომიის გაკეთება. განსაკუთრებით რთულია ზაფხულში. ზაფხულში გვაქვს ხოლმე დიდი რაოდენობით მისამართი. არ ვიცი, რამდენი ლიტრი წყალი გვჭირდება ხოლმე, რომელსაც ჩვენ ვყიდულობთ, ესეც ჩვენ ხარჯში შედის. მზის დარტყმა, დამწვრობა... მე პირადად დამწვრობა მიმიღია და ისეთ ტერიტორიაზე მივლია, გველები რომ ფეხებში მიძვრებიან. ძაღლის დაკბენაზე ხომ აღარ არის ლაპარაკი. არ მეგულება აგენტი, რომლისთვისაც ძაღლს არ უკბენია, თან რამდენჯერმე. თუ მივეცით თავს ფუფუნების უფლება და ბოლო წერტილამდე ავიყვანეთ ტაქსი, მაშინ ხომ მშვიდობით მივალთ, მაგრამ ეს ფუფუნებაა და ამის უფლებას თავს ვერ ვაძლევთ“.

სოციალური აგენტები აცხადებენ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი 280 სოციალური/უფროსი აგენტიდან 80 %-ს, რომელთა ძირითადი ნაწილი რეგიონებზე მოდის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის არ არსებობის ან შეუსაბამო გრაფიკის გამო, არ აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ამიტომ იძულებულია გადაადგილდეს საკუთარი ავტომობილით ან ტაქსით, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო ზრდის შესასრულებელი სამუშაოსთვის გაწეულ ხარჯებს, ამასთან გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ უმეტეს შემთხვევაში, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება საჭიროებს საშუალოდ ორ ვიზიტს, შესაბამისად, იზრდება შესრულებული სამუშაოსთვის გაწეული ხარჯი და იგივე პროპორციით კლებულობს მიღებული თანამდებობრივი სარგო.

დღეს რიგითი სოციალური აგენტის ხელფასი შედგება ორი ნაწილისგან. ერთი ნაწილი - ფიქსირებული, 200 ლარი და მეორე ნაწილი - ოჯახების შემოწმებაში მიღებული თანხა - 4 ლარი და 80 თეთრი. იმისათვის, რომ სოციალურ აგენტს ფიქსირებული 200 ლარი დაერიცხოს, ვალდებულია, რომ თვეში მინიმუმ 60 ოჯახი შეამოწმოს.

თეა ნარიმანიშვილი ამბობს, რომ თუკი მათი მიზეზით მოხდა ისე, რომ თუნდაც ერთი ოჯახის შემოწმება დააკლდათ და 60 ოჯახის ნაცვლად, 59 ოჯახი შეამოწმეს, ის ფიქსირებული 200 ლარი მათ ანგარიშზე არ ჩაირიცხება:

„2019 წლიდან ვცდილობთ ყურადღება მივიქციოთ, ვითხოვთ გზის ხარჯის ანაზღაურებას და ხელფასის ზრდას ინფლაციის, სამსახურეობრივი რისკებისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით. ჩვენს აქტიურობას მოყვა ის, რომ გასულ წელს ფიქსირებული ხელფასი 80 ლარიდან 200 ლარამდე გაიზარდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენი შემოსავალი მაინც მიზერულია, თან იმის გათვალისწინებით, რომ შემოსავლის ნახევარზე, ტრანსპორტის ხარჯში ვტოვებთ. აღსანიშნავია ისიც, რომ რისკების მიუხედავად, არ გვაქვს ჯანმრთელობის დაზღვევა. ჩვენი ხელფასი კი კერძო დაზღვევის შესაძლებლობას გამორიცხავს“.

გარდა დაბალი ანაზღაურებისა, კიდევ ერთი საკითხი, რაზეც სოციალური აგენტები ლაპარაკობენ, არის ის საფრთხეები, რომლებსაც ისინი არც თუ იშვიათად, ბენეფიციარებთან, პირისპირ მარტო დარჩენილები აწყდებიან. იქნება ეს ფიზიკური ძალადობა თუ სექსუალური შევიწროება. თეა ნარიმანიშვილი ამბობს, რომ ამგვარი სიტუაციების შემთხვევაში, ისინი სოციალური მომსახურების სააგენტოსგან შესაბამისი დახმარების გარეშე რჩებიან:

„კარი რომ იხურება, იქ რა მოხდება, არ იცი. პირადად მე, ქალმა სახლის კარი დამიკეტა, როგორც მე გეუბნები, ისე უნდა დამიწეროო, თუ არადა, ვერ გახვალ აქედანო. დაღამებამდე მაყურყუტა სახლში. ისე მოხდა, რომ ვერც დავრეკე, ტელეფონი დამიჯდა. მარტო მუქარის დონეზე არ არის ძალადობა. სკამის ფეხით სცემა ერთი აგენტი ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირმა. ერთი აგენტი შეაშინეს იმით, რომ გაზის ბალონთან დადგა ანთებული ასანთით და ემუქრებოდა, რედუქტორს გავხსნიო. როდესაც აგენტი ნაცემი გამოვიდა ოჯახიდან, ამაზე არანაირი რეაგირება არ ყოფილა. არანაირი შეთავაზება არ ყოფილა, რომ მოდი ჩვენ ვუზრუნველყობთ შენს იურიდიულ დაცვას და მივმართოთ სასამართლოს, რომ ის ადამიანი სამართლებრივად დაისაჯოს. სკამის ფეხით რომ სცემენ ქალი, როგორ იქნება. არის კიდევ თემა, რომელზეც ქალებს არ უყვართ ლაპარაკი. არის უხერხული შეთავაზებები, მინიშნებები, რაზეც ხმამაღლა არ ლაპარაკობენ. თუმცა, ერთად რომ ვიკრიბებით, გაუმხელიათ, რომ განერვიულებულები გამოსულან ოჯახებიდან. ძალიან მოწყვლადი კატეგორია ვართ, დაუცველები ყველანაირად“.

სოციალური აგენტები ხელისუფლებას სთხოვენ:

  • გაიზარდოს შესრულებული ერთეულის ღირებულება - ნაცვლად დარიცხული 6 ლარისა (ხელზე ასაღები თანხა 4 ლარი და 80 თეთრი), დაერიცხოთ 12 ლარი;
  • გამოიყოს გზის ხარჯი შესრულებული ერთეულების ოდენობის მიხედვით. ერთი ერთეული 4.5 ლარი
  • მიეცეთ ბენეფიციარებთან გათანაბრებული ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი.
  • მოხდეს პროფკავშირის აღიარება და გაფორმდეს ორგანული კანონის, შრომის კოდექსით უზრუნველყოფილი უფლების შესაბამისად კოლექტიური ხელშეკრულება პროფკავშირის იურისტის ჩართულობით.
  • ხელშეკრულებების ვადა დარეგულირდეს შრომის კოდექსის მიხედვით და გაფორმდეს მინიმუმ ერთწლიანი ხელშეკრულებები;
  • ხელშეკრულებაში დამსაქმებლის ვალდებულებებში შევიდეს ცვლილება. იტვირთოს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაზარალებული აგენტის იურიდიული მომსახურების უზრუნველყოფა.
  • მოხდეს სპეციალისტებისა და უფროსი სპეციალისტების ანაზღაურების ზრდა 12 წლიანი ინფლაციისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით.
  • მანამ, სანამ სააგენტოს მიზეზით (პანდემიის გათვალისწინებით) მკვეთრად შემცირებულია დავალებები და შესაბამისად ხელფასი, გაიცეს 200 ლარიანი დანამატი.

სოციალური აგენტების მოთხოვნები რადიო თავისუფლებამ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილეს ლევან გოგოძეს გააცნო.

სოციალური მომსახურების სააგენტოს პასუხი სოციალურ აგენტებს
please wait

No media source currently available

0:00 0:05:54 0:00

მისი თქმით, სოციალური მომსახურების სააგენტოში, უახლოეს პერიოდში იგეგმება ორგანიზაციული ცვლილებები, რაც გულისხმობს თანამშრომლების სოციალურ-ეკონომიკური ფონის ამაღლებას, მათთვის კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნას. მათ შორის, შესაძლოა განხილულ იქნას, როგორც თითოეული ოჯახის შემოწმებისთვის დარიცხული თანხის გაზრდა:

„6 ლარის განხილვა მიმდინარეობს და ამას ვადასტურებ. ჩვენს მიერ შექმნილ იქნა საინიციატივო ჯგუფი, სადაც ჩართულნი იყვნენ აგენტები, აღნიშნული მიმართულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა. დღესაც აგრძელებენ მუშაობას ამ საკითხზე, და როცა ვთქვი, რომ სოციალური მომსახურების სააგენტო თავისი თანამშრომლების სოციალურ-ეკონომიკური ფონის ამაღლებაზე ზრუნავს, ეს ეხება როგორც აგენტს, ისე ყველა თანამშრომელს. ეს საკითხი აუცილებლად იქნება დამუშავებული. თუ რა რაოდენობით შევძლებთ გაზრდას, რა ფორმატით და რა დროში, ამას დამატებით მოგახსენებთ“.

მიუხედავად სოციალური აგენტების მოთხოვნისა, რომ მათთვის ცალკე გამოიყოს სატრანსპორტო ხარჯი, რადგან შემოსავლის ნაწილს ისინი სწორედ ტრანსპორტში ხარჯავენ, ლევან გოგოძის მტკიცებით, გარდა იმისა, რომ სოციალური მომსახურების აგენტები დედაქალაქის მასშტაბით, მუნიციპალურ ტრანსპორტზე სარგებლობენ საშეღავათო ფასით, მათი მომსახურებისთვის გამოყოფილია ავტომობილებიც და გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში, სოციალურ აგენტებს მანქანები ემსახურებათ:

„გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ აგენტებს გადაადგილებაზე პრობლემა არ გააჩნიათ. სამხარეო ცენტრებში, რაიონულ განყოფილებებში, ჩვენი მომუშავე თანამშრომლები, არა მარტო აგენტები, პანდემიის პროცესში, ჩვენი ტრანსპორტით ვუზრუნველყობთ მათ და ვერ იტყვის ვერცერთი აგენტი იმას, რომ მას ჰქონდა მისამართზე გასვლის პრობლემა და მას სააგენტოს ტრანსპორტი არ მოემსახურა. ვგულისხმობ იმ ფარგლებს, როდესაც ეს გადაუდებლად ითვლება. ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში გვაქვს სერვის-ცენტრები, ჩვენ სამხარეოებში ავტროტრანსპორტი უზრუნველყოფილია, სოციალურ აგენტებს შეუძლიათ მიმართონ სერვის-ცენტრის ხელმძღვანელებს და მისამართზე გასვლის და ტრანსპორტირების პრობლემა, არცერთ სოციალურ აგენტს არ ექნება“.

რაც შეეხება სოციალური აგენტების კიდევ ერთ მოთხოვნას სამუშაო ხელშეკრულებების ვადის გახანგრძლივებას, ლევან გოგოძე ამბობს, რომ ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს:

„ეს საკითხი აუცილებლად იქნება განხილული და მოექცევა კანონის ჩარჩოებში. უბრალოდ, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, ამას სწორი შესწავლა, ორგანიზაციული პროცესი და მიზანმიმართული სწორი გადაწყვეტილების მიღება სჭირდება, რომელიც კანონის ჩარჩოებში ჩაჯდება“.

სოციალური აგენტები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მათ მიმართვასა და მოთხოვნებზე რეაგირება არ იქნება, ისინი იძულებულნი გახდებიან მუშაობა შეწყვიტონ. თეა ნარიმანიშვილი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური პროექტის პარალიზებას გამოიწვევს:

„ვაკეთოთ საქმე, ვახარჯოთ ამ საქმეს ჩვენივე შემოსავალი და სახლამდე ნახევარიც ვერ მოვიტანოთ, ასეთი მუშაობა ხომ აზრს კარგავს, არადა, სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს, რასაც ქვეყანაში სიღარიბის დაძლევის პროგრამა ჰქვია. სოციალური აგენტი ამ პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, ასე ვთქვათ პირველი საფეხური, რომლის უშუალო მონაწილეობით ხდება დახმარების მაძიებელი ოჯახის ბინაზე ვიზიტით შემოწმება. შემწეობის მაძიებელი ოჯახებისთვის საარსებო შემწეობის დანიშვნა, გაცემა, შეწყვეტა, გაანგარიშება, შეჩერება, აღდგენა. სააგენტო ეყრდნობა უშუალოდ სოციალური აგენტის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას, რაც შემდგომში აისახება „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და წარმოადგენს მაძიებელ ოჯახებზე როგორც საარსებო (ფულადი) შემწეობის, ასევე სხვადასხვა სახის ბენეფიტების გაცემის საფუძველს. სოციალური აგენტის მიერ სწორად გამოტანილ ინფორმაციაზეა დამოკიდებული ბიუჯეტიდან თითოეულ ოჯახზე გასაცემი ასი ათასობით ლარის მიზნობრივად გაცემა ან არ გაცემა. ჩათვალეთ, რომ თვითონ გვაჩერებენ. გვაიძულებენ“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG