Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელი მინისტრის სტუმრობა დაძაბულობის ფონზე


თბილისსა და კიევს შორის არსებული ბოლოდროინდელი დაძაბულობის ფონზე, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტისთვის სწორედ საქართველო შეარჩია.

დაძაბულობა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება და კონსულტაციებისთვის თბილისში გამოძახებული საქართველოს ელჩი ჯერ ისევ არ დაბრუნებულა უკრაინაში.

რას ნიშნავს უკრაინის თავდაცვის მინისტრის ასეთი სვლა საქართველოსთან მიმართებით? რა გზავნილები ჩამოიტანა ანდრი ტარანმა კიევიდან თბილისში? რა აქვთ საერთო უკრაინასა და საქართველოს? როგორ დახვდნენ უკრაინის თავდაცვის მინისტრს საქართველოში?

„ჩვენს შორის ურთიერთობასა და ჩვენს შორის არსებულ მეგობრობას ვერავითარი ძალა ვერ შეუქმნის (პრობლემას) და ვერ დააზიანებს... პირიქით, ჩვენ ყოველთვის გავაგრძელებთ თანამშრომლობასა და მეგობრობას“, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თავის უკრაინელ კოლეგას, ანდრი ტარანს 19 აგვისტოს, შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

ღარიბაშვილისთვის, როგორც თავად ამბობს, სწორედ მტკიცე მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის დასტურია ის ფაქტი, რომ ანდრი ტარანი არც პანდემიის საფრთხეებს მოერიდა და თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტით სწორედ საქართველოს ეწვია.

თავდაცვის მინისტრის პოსტზე მარტში დამტკიცებული ანდრი ტარანი საქართველოში კიევსა და თბილისს შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე ჩამოვიდა.

დაძაბულობამ, რომელიც უკვე დიდი ხანია საქართველოს ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება, უფრო მკაფიოდ ბოლო თვეებში იჩინა თავი.

  • საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აპრილში მწვავედ აპროტესტებდნენ უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დანიშვნას და აცხადებდნენ, რომ თუკი ეს მოხდებოდა - ამით სასწორზე დაიდებოდა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა და ისტორიული მეგობრობა;
  • საბოლოოდ, მაისში, მიხეილ სააკაშვილი ეროვნული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე დაინიშნა;
  • შედეგად, საქართველოს ხელისუფლებამ კონსულტაციებისთვის თბილისში გამოიძახა საქართველოს ელჩი და ის ჯერ ისევ არ არის დაბრუნებული უკრაინაში;
  • თბილისსა და კიევს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა ივლისში, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული ვიდეომიმართვის შინაარსის გამო - კიევში გაიგზავნა საპროტესტო ნოტაც.

კიევის გზავნილი და საერთო ამოცანები

იმ ფაქტს, რომ თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტისთვის უკრაინის თავდაცვის მინისტრმა საქართველო შეარჩია, კიევის კონკრეტულ გზავნილად მიიჩნევს „რონდელის ფონდის“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ვალერი ჩეჩელაშვილი.

„ეს არის უკრაინის ხელისუფლების ნათელი გზავნილი, რომ ორმხრივ სტრატეგიულ ურთიერთობებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ცალკეულ გადაწყვეტილებებს - ამა თუ იმ თანამდებობაზე დანიშვნისა თუ არდანიშვნის შესახებ - ეს ურთიერთობები არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადავაყოლოთ“.

ექსპერტებისთვის ნათელია, რომ საქართველოსა და უკრაინას საერთო აგრესიული მოწინააღმდეგე ჰყავთ - პუტინის რუსეთის სახით და ორ ქვეყანას ასევე აქვს ბევრი ერთობლივი საფიქრალი და საზრუნავი. ჩამოთვლილ საკითხებს შორის არის, მაგალითად:

  • რუსეთის აგრესიის დაძლევა, სუვერენიტეტის შენარჩუნება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა;
  • ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება;
  • თავდაცვისა და უსაფრთხოების განმტკიცება.

ყველა ეს ძირითადი და მათთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი ამოცანები 19 აგვისტოს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე თავად ჩამოთვალეს უკრაინისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა. ხაზი გაესვა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხის გარშემო თანამშრომლობის აუცილებლობასაც.

რამდენიმე კვირის წინ რუსეთის მედიის ყურადღებაც მიიპყრო ანდრი ტარანის სატელეფონო საუბარმა ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან. მედია აქტიურად ავრცელებდა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებას, რომ მინისტრი ტარანი და სტოლტენბერგი შეთანხმდნენ შავი ზღვის რეგიონში ნატოს წარმომადგენლობის გაზრდაზე.

როგორც საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) დირექტორი, პაატა გაფრინდაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას - უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებებს „სალაპარაკო, განსახილველი და დასაგეგმი ძალიან ბევრი აქვთ“, დასაკარგი დრო არ არის და თანამშრომლობა სრული დატვირთვით უნდა ამოქმედდეს.

„მაგალითად, ნატოსა და ევროკავშირში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, რამდენიმე სახელმწიფოს ერთობლივი ხმა არის გაცილებით უფრო ძლიერი და ეფექტიანი, ვიდრე რომელიმე ერთი ქვეყნის ხმა...

ატოს მიმართულებით, ამ მხრივ საქართველოსა და უკრაინას ვგულისხმობ - რომლებმაც ბუქარესტის სამიტზე (2008 წლის აპრილში) მიიღეს გაწევრიანების დაპირება.

ხოლო ევროკავშირის მიმართულებით - საქართველოს, უკრაინასა და მოლდავეთს ვგულისხმობ - ასოცირების შეთანხმების ხელმომწერ ქვეყნებს.

ერსაც და ბერსაც უნდა ესმოდეს, რომ სტრატეგიული ურთიერთობა დგას ყველაფერზე მაღლა... ჩემი აზრით, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ის ფაქტი, რომ უკრაინაში ჯერ ისევ არ დაბრუნებულა საქართველოს ელჩი“, - გვეუბნება პაატა გაფრინდაშვილი.

19 აგვისტოს, საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებმა სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი.

„როგორც წესი, სტრატეგიული მნიშვნელობის მიხედვით ირჩევა ხოლმე პირველი ქვეყანა ოფიციალური ვიზიტისთვის. ძალიან სასიამოვნოა, თუ უკრაინის თავდაცვის მინისტრისთვის საქართველო პირველი ქვეყანაა ამ მხრივ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია.

თუ ეს ყველაფერი არის იმ მთავარი ამოცანისთვის, რომ ერთად ვიაროთ დასავლეთისკენ და შევთანხმდეთ საერთო ნაბიჯებზე, მაშინ ეს მისასალმებელი და ძალიან კარგია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა.

ოფიციალური ვიზიტია?

უკრაინის თავდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით რომ იმყოფება, ამ ფაქტს ორივე ქვეყნის ოფიციალური წყაროები ადასტურებენ.

თუმცა წარიმართა თუ არა უკრაინელი მინისტრის ორდღიანი ვიზიტი (19-20 აგვისტო) ოფიციალური ვიზიტის წესების შესაბამისად?

ვალერი ჩეჩელაშვილი - როგორც ყოფილი ელჩი უკრაინასა და რუსეთში, ხოლო პაატა გაფრინდაშვილი - როგორც ყოფილი ელჩი ეუთოში, რადიო თავისუფლებასთან განმარტავენ, რომ:

  • ოფიციალური ვიზიტის ფორმატის მოთხოვნების მიხედვით, სტუმარი უნდა შეხვედროდა ქვეყნის ხელისუფლების სხვა უმაღლეს თუ მაღალი რანგის თანამდებობის პირებს;
  • ჩეჩელაშვილის თქმით - „ეს უნდა იყოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაინც“.

ამ დრომდე გავრცელებული ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ანდრი ტარანი მხოლოდ საქართველოს თავდაცვის მინისტრს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროში ვერ დაგვიკონკრეტეს - იგეგმებოდა თუ არა ოფიციალური შეხვედრები ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან.

ვიზიტის დეტალების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG