Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მქონდა განცდა, რომ შეიძლება მოვმკვდარიყავი - რა აჩვენა ცენტრი ემპათიას კვლევამ 20 ივნისს აქციის დარბევაზე


"2019 წლის 20 ივნისის ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქცია და სპეციალური პოლიციური საშუალებების გამოყენება საქართველოში – გადაუდებელი აუცილებლობა თუ სადამსჯელო სპეცოპერაცია?“ - ეს კითხვაა სათაური ანგარიშის, რომელიც "ემპათიამ" მოამზადა.

ანგარიშში წერია, რომ სახელმწიფომ აქციის დროსაც და შემდეგ გამოძიებისასაც უხეშად დაარღვია უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტები. ამ დრომდე ზუსტი სტატისტიკური ინფორმაცია 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, როგორც ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზიანის, ასევე, აქციის მონაწილეთა მიმართ ადმინისტრაციული თუ სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ, არ მოიპოვება. არც ერთი საქმე არაა აღძრული არასათანადო მოპყრობის მუხლით, რასაც მსგავს სიტუაციებში მოითხოვს საერთაშორისო სტანდარტები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, ის გამოძიება კი, რომელსაც საქართველოს გენერალური პროკურატურა აწარმოებს, დროში გაწელილია და საზოგადოებას მისი მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრმა ემპათიამ საკვლევ მასალად გამოიყენა როგორც ამ დრომდე გამოქვეყნებული პუბლიკაციები და ანგარიშები, ღია წყაროებში არსებული ინფორმაცია აქციის და მისი დარბევის შესახებ, ასევე სხვადასხვა საჯარო უწყებებიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია და დაშავებულებთან [აქციის 30 მონაწილე] ინტერვიუები;

ცენტრი ემპათია მიღებული მონაცემების სტატისტიკური ანალიზით ასკვნის, რომ აქციის დარბევისას შემთხვევათა 76%-ში ადგილი ჰქონდა რეზინის ტყვიების არაადეკვატურ გამოყენებას, კერძოდ, დაზიანებებს სხეულის წელს ზედა არეში, მათ შორის, თავისა და სახის არეში, რასაც რიგ შემთხვევებში მოჰყვა მშვიდობიან მომიტინგეთა ინვალიდიზაცია. სამმა ადამიანმა დაკარგა მხედველობა, მათ შორის, ორმა მხედველობის ორგანოც. ერთი ადამიანი ქალა - ტვინის ტრავმის შედეგად კვლავ აგრძელებს მკურნალობას. ემპათიას მონაცემებით, აქციის დარბევისას წელს ზევით დაზიანება მიიღო გამოკვლეულთა 47% - მა, ხოლო სხვა ტიპის, კომბინირებული ტრავმა - 27% - მა. თავის ტვინის ტრავმული დაზიანება მიიღო რესპონდენტთა 33% - მა, მათ შორის, 10% - ში ადგილი ჰქონდა გონების დაკარგვის ეპიზოდს. ყოველივე ეს ადასტურებს რეზინის ტყვიების გამოყენების საერთაშორისო სტანდარტების დარღვევას - ვკითხულობთ ანგარიშში, რომელიც დღეს, 9 აპრილს გამოქვეყნდა.

ანგარიშის საგულისხმო ნაწილია აქციის მონაწილეთა ფსიქოლოგიური და ემოციური მდგომარეობა 20-21 ივნისის შემდეგ. რუსთაველის გამზირზე მყოფ დემონტრანტთა სრული უმრავლესობა ამბობს, რომ ჰქონდა უსამართლობის განცდა, 90% მიიჩნევს, რომ აქციაზე ძალის გამოყენება იყო დასჯის მიზნით განხორციელებული და აქციის სასტიკი დარბევისას შეიძლებოდა მომკვდარიყო. აქციაზე მყოფების და კვლევაში მონაწილეთა 60%-ს ერთი თვის შემდეგ დაეწყო კოშმარული სიზმრები და აკვიატებული მოგონებები.

ცენტრი ემპათია ანგარიშში საუბრობს იმაზე, რომ სახელმწიფო უწყებებმა მათ არ მიაწოდა მნიშვნელოვანი საჯარო ინფორმაცია, მათ შორის აქციის დაშლისას გაცემული ბრძანებების, გამოყენებული იარაღების შესახებ, გენერალურმა პროკურატურამ კი ინფორმაცია გამოძიების შესახებ. ორგანიზაცია პრობლემად მიიჩნევს იმასაც, რომ არ არსებობს ზუსტი მონაცემები დაშავებულების და დაზარალებულების შესახებ.

ემპათიის დასკვნით, "20-21 ივნისს, სპეციალური პოლიციური საშუალებებით აქციის დაშლისას, ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს, რაც ადეკვატურად არ არის დოკუმენტირებული და გამოძიებული. ამავდროულად, არ არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რამაც გამოიწვია 20-21 ივნისის საპროტესტო აქცია, კერძოდ, სერგეი გავრილოვისა და რუსეთის დელეგაციის აქტივობა საქართველოს პარლამენტში, ჰქონდა თუ არა ადგილი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის სხვა მოთხოვნათა დარღვევას."

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG