Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოებას ითხოვს


"ფორმულას" თანამშრომლის დაზიანებული ავტომანქანა
"ფორმულას" თანამშრომლის დაზიანებული ავტომანქანა

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ ეხმაურება ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტს და ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიიღოს პრევენციული ზომები მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

„ჩვენი ინფორმაციით, თავდასხმის მოტივი კრიტიკულ მედიასაშუალებაში მუშაობაა.

მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ მოხდეს სწრაფი რეაგირება თავდასხმის ფაქტებთან დაკავშირებით.

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" წევრი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლესი რანგის პირებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის წევრებს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს გააკეთონ ღია განცხადებები მედიის მხარდაჭერისათვის და გახშირებული თავდასხმების შესაჩერებლად. დაუყოვნებლივ მიიღონ პრევენციული ღონისძიებები მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნულია კოალიციის განცხადებაში.

ტელეკომპანია "ფორმულა" იუწყება, რომ მათ ორ თანამშრომელს თავს დაესხნენ. არხის ცნობით, ერთ-ერთ მათგანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მეორეს კი მანქანა დაუმტვრიეს. "ფორმულა" მიიჩნევს, რომ თავდასხმა სწორედ ტელეკომპანიის საქმიანობას უკავშირდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ავტომობილის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება) მიმდინარეობს, ხოლო მეორე ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინება უწყებაში არ შესულა.

თავის მხრივ, ტელეკომპანია "ფორმულას" გენერალურმა დირექტორმა, ზუკა გუმბარიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ, უსაფრთხოების მოსაზრებით, მისივე თხოვნით არ ასახელებს იმ თანამშრომლის ვინაობას, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ, თუმცა კომპეტენტურ ორგანოებს ფაქტით დაინტერესებას სთხოვს. "მასზე მომხდარია ძალადობა და აღენიშნება დაზიანებები. მის შესახებ ონფორმაციას გადავცემთ კომპეტენტურ ორგანოებს და ვითხოვთ ამ ფაქტის ძალიან მალე და სწრაფად გამოძიებას", - განაცხადა ზუკა გუმბარიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი განცხადების გამოქვეყნებამდე.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა "ფორმულას" თანამშრომელს თავს დაესხნენ. მიმდინარე წლის თებერვალში თავს დაესხნენ არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანს, ვახო სანაიას.

XS
SM
MD
LG