აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოუწოდა, ზომები მიიღოს უკრაინასთან დაძაბულობის განსამუხტად და გამოვიდა წინადადებით, ორ ლიდერს შორის სამიტი გაიმართოს.
13 აპრილს გამართულ სატელეფონოო საუბარში ბაიდენმა გამოხატა „ჩვენი შეშფოთება რუსეთის სამხედრო ძალების სწრაფი კონცენტრაციის შესახებ ოკუპირებულ ყირიმსა და უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან და რუსეთს მოუწოდა, მოახდინოს ვითარების დეესკალაცია,“ ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
უკანასკნელ პერიოდში შეინიშნება რუსეთის შეიარაღებული ძალების გადაადგილება უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებისკენ ან საზღვრების მახლობლად და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე, რაც აჩენს შიშს, რომ მოსკოვი შესაძლოა აღმოსავლეთ უკრაინაში ჯარების გასაგზავნად ემზადებოდეს. სულ უფრო მეტად გაისმის რუსეთისადმი მოწოდება, ახსნას, რას ემსახურება ეს მის სამხედრო მანევრები.
ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ რუსეთის უკანასკნელი ქმედებების მიზანი შეიძლება იყოს იმის შემოწმება, რამდენად არის ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის ერთგული.
დღესვე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ესაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს და ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს და ღრმა შეშფოთება გამოხატა რუსეთის ჯარების მანევრებთან დაკავშირებით.
დაწერეთ კომენტარი