Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ომის ნადავლის“ პარკი, როგორც მორიგი დაპირისპირების წყარო


ილჰამ ალიევი „ომის ნადავლის პარკში“
ილჰამ ალიევი „ომის ნადავლის პარკში“

ერევანში საყოველთაო მრისხანება მოჰყვა აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ 12 აპრილს ბაქოს ახალი ბულვარის ტერიტორიაზე „ომის ნადავლის პარკის“ გახსნას, სადაც, სომხეთ-აზერბაიჯანის შარშანდელ 44-დღიან ომში აზერბაიჯანის არმიის მიერ ხელში ჩაგდებული სომხური საბრძოლო ტექნიკისა და შეიარაღების გარდა, გამოფენილია ასევე ბრძოლის ველზე დაღუპული სომეხი ჯარისკაცების ჩაფხუტები და პირადი ნივთები.

„იმ დროს, როდესაც ჯერ კიდევ მთლიანად არ არის დაძლეული ყარაბაღის წინააღმდეგ აზერბაიჯანის მიერ გაჩაღებული ომის შედეგები და აზერბაიჯანის ტყვეობაში იმყოფება მრავალი სომეხი ჯარისკაცი, ამგვარი „ექსპოზიციის“ ორგანიზება, მაროდიორობის ელემენტების თანხლებით, აზერბაიჯანს საბოლოოდ უმკვიდრებს ადგილს მსოფლიო ქსენოფობიისა და შეუწყნარებლობის ცენტრში“, - ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

თავის მხრივ, „ომის ნადავლის პარკის“ გახსნას მსოფლიოში მიღებულ „პრაქტიკას“ უწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლება, რომელმაც ნადავლის სახით მოპოვებული სამხედრო ტექნიკის ნაწილის დემონსტრირება უფრო ადრე, შარშანდელი 10 დეკემბრის მასშტაბურ სამხედრო აღლუმზეც მოახდინა.

სომხეთის კრიტიკის პასუხად აზერბაიჯანის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანელ ხალხს აქვს მორალური უფლება „იცხოვროს ამ დიადი გამარჯვებით“ სამხედრო აღლუმების, პარკების, მუზეუმებისა თუ სხვა ღონისძიებების ორგანიზების საშუალებით.

„ამ პარკისა და იქ გამოფენილი ექსპონატების გზავნილი ერთმნიშვნელოვანია: სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ აგრესიასა და უკანონო ოკუპაციაზე დიადი გამარჯვება - ეს საერთაშორისო სამართლის ზეიმს წარმოადგენს“, - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

12 აპრილს ბაქოში „სამხედრო ნადავლის მუზეუმი“ გახსნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, რომელიც ომის დროს ჩადენილ დანაშაულებში სომხეთს სდებს ბრალს. ამის მაგალითად აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა მოიტანა გამოფენაზე ნადავლის სახით წარმოდგენილი ერთ-ერთი ექსპონატი, რუსული წარმოების „ისკანდერ მ“-ის ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა, რომლის გამოყენების თაობაზე აზერბაიჯანი დღემდე ითხოვს პასუხს ერევნისგან.

ილჰამ ალიევი „ომის ნადავლის პარკში“
ილჰამ ალიევი „ომის ნადავლის პარკში“

ტყვეობაში მყოფი სამხედროების საკითხი

აზერბაიჯანის ტყვეობაში მყოფი სომეხი სამხედროების სამშობლოში დაბრუნების საკითხი ერთ-ერთი ის პრობლემაა, რომელიც კიდევ უფრო ართულებს ბაქოსა და ერევანს შორის არსებულ ისედაც უკიდურესად დაძაბულ ურთიერთობას.

სომხეთმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გაუგზავნა შეტყობინება საბრძოლო მოქმედების დასრულების შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგული 250 კაცის შესახებ, რომლებიც, ერევნის ვარუდით, აზერბაიჯანის ტყვეობაში უნდა იმყოფებოდნენ.

აზერბაიჯანმა სტრასბურგს მხოლოდ 72 ადამიანის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, ანუ დაადასტურა თავის ტერიტორიაზე ამ ხალხის ყოფნა.

დღესდღეობით აზერბაიჯანიდან სომხეთს დაუბრუნდა 69 პატიმარი, მათ შორის სამოქალაქო პირებიც. სომხეთმა კი აზერბაიჯანს გადასცა 15 კაცი, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეების გარდა იყო ასევე სხვადასხვა მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილი ორი პირი.

ილჰამ ალიევი „ომის ნადავლის პარკში“
ილჰამ ალიევი „ომის ნადავლის პარკში“

აზერბაიჯანის პატიმრობაში მყოფი სამხედროების გათავისუფლების მოლოდინს კი სომხეთში დიდი ვნებათაღელვა ახლავს. მთიან ყარაბაღში ტყვედ ჩავარდნილი 64 სომეხი რეზერვისტის მშობლებმა და ახლობლებმა 13 აპრილს ალყა შემოარტყეს შირაქის საოლქო ადმინისტრაციას და სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის ჩასვლა მოითხოვეს.

ერევნის მტკიცებით, მოსკოვის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 10 ნოემბერს ხელმოწერილი სამმხრივი შეთანხმების შემდეგ სომეხი რეზერვისტები აზერბაიჯანელმა ჯარისკაცებმა გადრუთის რაიონის სოფლებში, ხცაბერდსა და ხინ ტაგერში, დაატყვევეს. მთელი ამ ხნის განმავლობაში სამშობლოში მხოლოდ 8 პატიმრის დაბრუნება მოხერხდა. აზერბაიჯანის ტყვეობაში მყოფი 64 რეზერვისტიდან 62 სწორედ სომხეთის შირაქის რაიონიდან იყო მობილიზებული.

პატიმრობაში მყოფი სომეხი სამხედროების სამშობლოში დაბრუნების თაობაზე აქტიურად მუშაობს სომხეთის სახალხო დამცველი, არმან ტატოიანი, რომელმაც 13 აპრილს ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს აზერბაიჯანის ტყვეობაში მყოფი სომეხი ჯარისკაცების სამშობლოში დაუყოვნებლივ დაბრუნების თხოვნით მიმართა.

და იმ დროს, როდესაც აზერბაიჯანთან ვერ ხერხდება პატიმრობაში მყოფი სომეხი რეზერვისტების დაბრუნების შესახებ საერთო ენის გამონახვა, სომხეთის ომბუდსმენმა მკაცრად დაგმო 12 აპრილს ბაქოში „ომის ნადავლის პარკის“ გახსნა, სადაც, მისი თქმით, დამამცირებლად არიან გამოყვანილი ომის მსხვერპლი და უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო ტყვეები. „ასეთივე ცინიზმით არის გამოფენილი სომხეთისა და არცახის (მთიანი ყარაბაღის) მებრძოლების ნივთები, დემონსტრირებულია დახოცილი ჯარისკაცების ჩაფხუტები, რათა დამატებითი ტკივილი მიადგეს მათ ოჯახებს, სომხეთისა და ყარაბაღის საზოგადოებებს და სიძულვილის ახალი ტალღა გააღვივოს აზერბაიჯანის საზოგადოებაში“, - განაცხადა სომხეთის სახალხო დამცველმა არმან ტატოიანმა.

აზერბაიჯანული მედიის თანახმად, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის რუსეთის შუამავლობით მიღწეული 10 ნოემბრის სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა მთიან ყარაბაღში ტყვედ მართლაც აიყვანეს 60-ზე მეტი სომეხი ჯარისკაცი. მათი უკან დაბრუნების მოთხოვნის პასუხად ბაქო აცხადებს, რომ დაპატიმრებულებზე არ ვრცელდება 10 ნოემბრის სამშვიდობო შეთანხმება, რადგან ისინი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოგვიანებით გადავიდნენ. „ბაქო მათ მიიჩნევს ტერორისტებად და აცხადებს, რომ ნებისმიერი სომეხი სამხედრო, რომელიც აზერბაიჯანის კონტროლირებად ტერიტორიაზე ბაქოს თანხმობის გარეშე გადავა, განხილული იქნება, როგორც ტერორისტი. ამიტომ აზერბაიჯანის არმიის ამჟამინდელი სწავლება მიზნად ისახავს სწორედ ტერორისტული საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლას“, - ეუბნება მეხმან ალიევი, „ახალი ამბების“ სააგენტო „თურანის“ მთავარი რედაქტორ, რადიო თავისუფლებას.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, სამხედრო ტყვეების საკითხის მოგვარებაში აქტიურად არის ჩართული მთიან ყარაბაღში განლაგებული რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდლობა და თავად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.

სომეხი სამხედრო ტყვეების კიდევ ერთი ჯგუფის დაბრუნებას სამშობლოში ვლადიმირ პუტინისა და ნიკოლ ფაშინიანის 7 აპრილის შეხვედრის შემდეგ მოელოდნენ ერევანში, მაგრამ 8 აპრილს აეროპორტ „ერებუნში“ ცარიელი თვითმფრინავი დაბრუნდა.

„ისკანდერ მ“-ი და არამარტო

ბაქოს ახალ ბულვარში „სამხედრო ნადავლის პარკის“ შექმნის იდეა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს, ეკუთვნის, რომლის დავალებითაც პარკის მშენებლობაზე მუშაობა 5 თვის განმავლობაში გრძელდებოდა.

რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ცნობით, ღია ცის ქვეშ მდებარე „ომის ნადავლის პარკის“ ვრცელ ტერიტორიაზე დაიდო ადგილი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სადავო მთიანი ყარაბაღის გარშემო მიმდინარე 44-დღიან ომში განადგურებულმა და ნადავლად წამოღებულმა სომხეთის არმიის სამხედრო აღჭურვილობამ, საინჟინრო-თავდაცვითი მოწყობილობის თუ, უბრალოდ, ლოგისტიკის ელემენტებმა.

ექსპონატებს შორისაა „კუბის“ და „ოსას“ ტიპის ორი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, 150 ერთეული მძიმე მუხლუხიანი ტექნიკა, რამდენიმე ათეული „ტ-72“-ის ტიპის ტანკი და ქვეითთა ჯავშანმანქანა, 251 ერთეული თვითმავალი საარტილერიო სისტემა და ყარაბაღის ბრძოლის ველზე დარჩენილი სხვა სამხედრო ნადავლი.

პარკის ტერიტორიის ერთ კუთხეში მდებარეობს სომხეთის არმიის საინჟინრო-თავდაცვით ნაგებობის რეკონსტრუქცია 10 ელემენტით, მათ შორის 3-4 მეტრის სიღრმის სანგარი, ტანკსაწინააღმდეგო ბეტონის ხერგილები და მავთულხლართებით შემოვლებული მეტალის ე. წ. ზღარბები. ციტადელის ამ ნაწილის შიგნით მდებარეობს საბრძოლო პოსტი და ასევე ჯარისკაცების ყაზარმა საველე ვითარების შესაბამისი ყოფითი ელემენტებით.

„ომის ნადავლის პარკი“
„ომის ნადავლის პარკი“

დიზაინერებმა ბრძოლის ველიდან წამოღებული ნივთები გამოიყენეს პარკის მოსაწყობად. მაგალითად, ჭურვების შესანახი ხის ყუთები გადაკეთებულია მერხებად, გადამდნარი ჭურვებისგან დამონტაჟდა განათების სისტემა, ხოლო გასროლილი სატანკო ჭურვების ჰილზები ნაგვის ურნებად გამოიყენეს.

„ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სამხედრო „ნადავლის პარკს“ დაათვალიერებს, დაინახავს ჩვენი არმიის სიძლიერეს, ჩვენს ნებას, დარწმუნდება, თუ რა რთული იყო ამ გამარჯვების მოპოვება, რადგან მტერი 30 წლის განმავლობაში იყო გამაგრებული ოკუპირებულ მიწაზე, იგი აგებდა სიმაგრეებს, თხრიდა სანგრებსა და თავშესაფრებს. და მიუხედავად ამ ყველაფრისა, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა გამოავლინეს გმირობა, პროფესიონალიზმი, სამშობლოს სიყვარული, გადალახეს მთელი ეს დაბრკოლება და დაამარცხეს მტერი“, - განაცხადა 12 აპრილს „ომის ნადავლის პარკის“ გახსნაზე საველე-სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა.

აზერბაიჯანის ლიდერმა განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება „ნადავლის პარკის“ მთავარ ექსპონატზე, რუსული წარმოების ტაქტიკურ რაკეტა „ისკანდერ მ“-ზე, რომელიც, ალიევის მტკიცებით, 44-დღიანი ომის დროს მოწინააღმდეგემ გამოიყენა მათი „უძველესი ქალაქის, შუშის, განადგურების მიზნით“.

„ომის ნადავლის პარკი“
„ომის ნადავლის პარკი“

„სომხები ქალაქ შუშას „ისკანდერ მ“-ის ამ რაკეტებს უშენდნენ. საიდან ჰქონდა სომხეთის არმიას ეს რაკეტები? მათ ეს არ უნდა ჰქონოდათ. ეს უკვე თვალნათელი მტკიცებულებაა სომხეთის სამხედრო დანაშაულისა და ჩვენ პასუხს ვითხოვთ. როგორ მოხვდა ეს სასიკვდილო იარაღი სომხების ხელში? ჯერჯერობით ჩვენ პასუხი არ მიგვიღია, მაგრამ მივიღებთ. დაე, ყველა მოვიდეს და ნახოს, რომ სომხეთს სურდა „ისკანდერ მ“-ის რაკეტებით გაენადგურებინა ჩვენი უძველესი ქალაქი შუშა“, - განაცხადა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 12 აპრილს.

შუშის გარდა, გასული წლის 27 სექტემბერს დაწყებული საბრძოლო მოქმედებების შედეგად, აზერბაიჯანის არმიამ გაათავისუფლა ასევე ქალაქები ჯაბრაილი, ზანგილანი და გუბადალი, 280 სოფელი და ოთხი დასახლებული პუნქტი (გადრუთი, მინჯივანი, აგბანდი, ბარტაზი),

ბრძოლების დასრულების შემდეგ, 10 ნოემბრის ერთობლივი შეთანხმების (სამმხრივი განცხადების) თანახმად, სომხეთმა აზერბაიჯანს გადასცა სეპარატისტთა ხელთ არსებული კიდევ სამი რაიონი - აღდამის, ქელბაჯარისა და ლაჩინის.

სომეხი სეპარატისტების კონტროლის ქვეშ დარჩენილი მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის ნაწილი კი ე. წ. რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონად გამოცხადდა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG