Accessibility links

site logo site logo

პრეზიდენტი თბილისში და სომხეთი ვადამდელი არჩევნების მოლოდინში


ორ მეზობელ ქვეყენაში სხვადასხვა მიზეზით გამწვავებული შიდაპოლიტიკური კრიზისისა და სახიფათო რეგიონული გამოწვევების ფონზე, სომხეთის პრეზიდენტი, არმენ სარქისიანი საქართველოს ოფიციალურ ვიზიტად ეწვია.

ბრიფინგს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, მედია არ დასწრებია - შესაბამისად, ვერც შეკითხვები დაისვა. პრეზიდენტებმა ილაპარაკეს რეგიონში შექმნილ რთულ, სახიფათო ვითარებაზე, ამ ვითარების მთავარი შემოქმედის - რუსეთის ხსენების გარეშე. რუსეთის მოკავშირე სომხეთი რიგგარეშე არჩევნების მოლოდინშია. ექსპერტები ამ არჩევნებს სომხეთში დასავლეთისა და რუსეთის ინტერესების ერთგვარ შეჯიბრად განიხილავენ.

არმენ სარქისიანი და სალომე ზურაბიშვილი
არმენ სარქისიანი და სალომე ზურაბიშვილი

ორი დღით ჩამოსული სტუმრის დასახვედრად, საზეიმო ცერემონია ორბელიანების სასახლეში 15 აპრილს, დღის მეორე ნახევარში გაიმართა. სალომე ზურაბიშვილი სომეხ კოლეგას ჯერ პირისპირ ესაუბრა, ხოლო შემდეგ გაფართოებულ ფორმატში შეხვდა. დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელებული შეხვედრების შემდეგ, პრეზიდენტები მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლნენ.

პრეზიდენტებმა თქვეს, რომ გააკეთებენ ყველაფერს ორი ქვეყნის ურთიერთობების გასაღრმავებლად, ბიზნესის ხელშესაწყობად, ინვესტიციების მოსაზიდად და რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად. არმენ სარქისიანმა, ყარაბაღის კონფლიქტზე საუბრისას, თურქეთისა და აზერბაიჯანის უარყოფით როლს გაუსვა ხაზი; საქართველოს პრეზიდენტმა კი მას შეახსენა, რომ კვლავაც სთავაზობს სამშვიდობო პლატფორმას „შეხვედრებისთვის, დიალოგისა და სიტუაციის განმუხტვისთვის“.

„გაზრდილი ინტერესი სხვადასხვა გარე აქტორებისგან, ახალი გეგმები თუ პლატფორმები, ეს ყველაფერი ადასტურებს ამ რეგიონის ძალიან დიდ მნიშვნელობას. თუმცა კავკასიის ქვეყნების როლი გადამწყვეტი რჩება.

კავკასიის მომავალი კავკასიის ქვეყნებმა ერთობლივად უნდა განსაზღვრონ და, ამავდროულად, კავკასია, თავისი სატრანსპორტო და სხვა პოტენციალის გათვალისწინებით, მხოლოდ ღია რეგიონად წარმოგვიდგენია.

კავკასიისა და შავი ზღვის გავლით, აზიისა და ევროპის დასაახლოებლად მასშტაბური პროექტების განხორციელება მოითხოვს ყველასი და კერძოდ, ერთ-ერთი მთავარი მოთამაშის - ევროკავშირის აქტიურ მონაწილეობას... მნიშვნელოვანია ევროკავშირის ჩართულობა კონფლიქტის საბოლოო დარეგულირებაში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ილაპარაკეს თუ არა პრეზიდენტებმა ყარაბაღის ზავის შემდეგ, რუსეთის აქტიურობით ინიცირებულ პლატფორმაზე „3+3“?

ამ პლატფორმის მონაწილეთა ჩამონათვალშია სომხეთი და, ექსპერტთა აზრით, რუსეთი აქტიურად ცდილობს ჩაითრიოს საქართველოც. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ არმენ სარქისიანს საქართველოში სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებული მოსკოვის მესიჯები ჩამოეტანა. მედიას დღეს შეკითხვების დასმის საშუალება არ მიეცა.

„3+3“-ის თემაზე გაჩაღებული მწვავე დისკუსიების ფონზე, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ საქართველოსთვის მიუღებელია, მიუერთდეს სამშვიდობო პლატფორმას, რომელშიც რუსეთი მონაწილეობს.

არმენ სარქისიანი რუსეთს სომხეთის მთავარ მოკავშირედ მიიჩნევს და ამ საკითხზე მთელი სომეხი ერის სახელითაც ლაპარაკობს. რუსეთის ტელეარხისთვის მარტის ბოლოს მიცემულ ინტერვიუში სარქისიანი აღნიშნავს:

  • ერევნისთვის მოსკოვთან ურთიერთობა წარმოადგენს „ერთგვარ კონსტანტას“ იმის მიუხედავად, ვინ არის სომხეთის ხელისუფლების სათავეში;
  • სომხების უდიდესი ნაწილი, დიასპორების ჩათვლით, თანხმდებიან, რომ რუსეთი სომხეთის უმთავრესი პარტნიორია;
  • რუსეთთან ურთიერთობაში მნიშვნელოვანია ორი ფაქტორი - ნდობა და თანმიმდევრულობა.

ექსპერტების შეფასებით, 2020 წლის შემოდგომაზე, ყარაბაღში 44-დღიანი სისხლისმღვრელი შეტაკებების დროს, მოსკოვს ერევნისთვის ხელშეკრულებებით განმტკიცებული, სავალდებულო დახმარებაც არ აღმოუჩენია.

  • მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მონაწილეა, ერევანმა 2013 წლის შემდეგ უარი განაცხადა მუშაობის გაგრძელებაზე ასოცირების შეთანხმების გაფორმების მიმართულებით. ექსპერტებისთვის ნათელი იყო რუსეთის გავლენა და 2015 წელს სომხეთი შეუერთდა კიდეც რუსეთის მიერ შექმნილ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს.
  • სომხეთი ასევე რუსეთის ორბიტაზე - კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრია;
  • 2010 წელს გადაწყდა, რომ რუსეთის 102- სამხედრო ბაზა სომხეთის ტერიტორიაზე და, კერძოდ, ქალაქ გიუმრის მახლობლად, არა 2020, არამედ 2044 წლამდე დარჩებოდა.

ძირითადად ამ ფაქტორების გამო, ექსპერტთა აზრით, მთელ რიგ საკითხებში სწორედ მოსკოვის ინტერესების გათვალისწინება მოუწია პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, რომელიც 2018 წელს, სომხეთის ხელისუფლების სათავეში, რევოლუციის მძლავრი ტალღით მოვიდა.

14 აპრილს, სომხეთის პარლამენტში გამოსვლისას, ფაშინიანმა გიუმრის ბაზის შესაძლებლობების კიდევ უფრო გაფართოებაზე ილაპარაკა და რუსეთი სომხეთის უსაფრთხოების ძირითად გარანტადაც დაასახელა.

რატომ უნდა მაშინ მოსკოვს ფაშინიანის ჩანაცვლება მისადმი ლოიალური სხვა ფიგურით, რაც ასე აშკარაა საერთაშორისო მეთვალყურეებისთვის?

ექსპერტები ფიქრობენ, რომ მოსკოვს წლების განმავლობაში არ სიამოვნებდა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მცდელობა, სახელმწიფოში დემოკრატიული სტანდარტები დაენერგა და შებრძოლებოდა კორუფციას; მაშინ, როცა შავი ფული და განუკითხაობა რუსეთის ერთ-ერთ მთავარ ბერკეტს წარმოადგენს.

20 ივნისს სომხეთში ვადამდელი არჩევნები უნდა გაიმართოს. ეს გადაწყვეტილება პრემიერმა ფაშინიანმა ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ ქვეყანაში მკვეთრად გამწვავებული ვითარებისა და მრავალრიცხოვანი ხმაურიანი მიტინგების ფონზე მიიღო. ყარაბაღში განცდილი „დამამცირებელი“ მარცხის შემდეგ, ფაშინიანს ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი დაუპირისპირდა.

დაძაბულობამ პიკს მიაღწია სომხეთის შეიარაღებულ ძალებთან პრემიერ-მინისტრის დაპირისპირების შემდეგ. ამ დაპირისპირებაში სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა პრემიერის საწინააღმდეგო პოზიცია დაიკავა.

მარტის დასაწყისში ნიკოლ ფაშინიანმა საბოლოოდ თქვა, რომ - კრიზისი უნდა დასრულდეს და „ერთადერთ გამოსავლად“ სწორედ ვადამდელ არჩევნებს ხედავს.

რონდელის ფონდის მკვლევარი, ზურაბ ბატიაშვილი გვეუბნება, რომ განსხვავებული ვითარების მიუხედავად, შიდაპოლიტიკურ სარბიელზე კრიზისის მოგვარების თვალსაზრისითა და დემოკრატიული მიდგომებით „სომხეთმა საქართველოს აჯობა“, რადგან საქართველოში ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხი ჯერ ისევ დაპირისპირების ერთ-ერთ მთავარ საგნად რჩება.

„დემოკრატიაში კრიზისის განმუხტვის ერთადერთი საშუალება - არჩევნებია, მოგვწონს ეს ჩვენ თუ არ მოგვწონს. ისრაელში ბოლო 2 წლის განმავლობაში 4 საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. არჩევნების ალტერნატივაა საზოგადოების შიგნით დაპირისპირება. ფაშინიანის პროდასავლური მიდგომები თუნდაც ამ საკითხთან მიმართებით გამოჩნდა“, - გვეუბნება ბატიაშვილი.

ექსპერტების შეფასებით, ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ, როცა რეგიონში ე.წ. რუსი სამშვიდობოები ჩადგნენ, სომხეთი რუსეთის უფრო ძლიერი გავლენების ქვეშ მოექცა და ერევანი ახლა უკვე მიწების დაბრუნების იმედების „მძევლად“ იქცა.

პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის თქმით, დიდწილად სწორედ რეგიონში რუსეთის ზეგავლენის გაძლიერება და მოსალოდნელი საფრთხეები განაპირობებს საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებს საქართველოს მიმართ, რომ - სასწრაფოდ დაძლიოს შექმნილი პოლიტიკური კრიზისი.

ქრება თუ არა სომხეთში დასავლური დემოკრატიის განვითარების იმედი, რაც ხავერდოვანმა რევოლუციამ მოიტანა?

ზურაბ ბატიაშვილი გვეუბნება, რომ ამ საკითხზე პასუხს სწორედ ვადამდელი არჩევნების შედეგები გასცემს. თუმცა, მისი შეფასებით, ფაშინიანის პოლიტიკური ძალა, თუ სრულს ვერა, გარკვეულ გამარჯვებას მაინც მიაღწევს და შესაძლოა, სომხეთში კოალიციური მთავრობაც ვიხილოთ.

სომხეთის მედია და პოლიტოლოგები 20 ივნისს დანიშნულ ვადამდელ არჩევნებს დასავლეთისა და რუსეთის ჭიდილის კონტექსტში განიხილავენ. ერთ-ერთი შეფასებით, არჩევნების შედეგები ორიენტირებულია შეკითხვაზე - „ვინ გადაგვარჩენს - რუსეთი თუ დასავლეთი“ და ასეთ ვითარებაში, ხელისუფლების სათავეში მოსასვლელად „რიგში დგანან“ ისეთი პოლიტიკოსები, რომელთა შესახებაც საზოგადოებას მანამდე არაფერი სმენია.

მართალია, სომხეთში წლიდან წლამდე სულ უფრო იკლებს იმ ხალხის რიცხვი, რომელსაც რუსეთი მეგობრად მიაჩნია, მაგრამ „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ (CRRC-ის) ბოლო ანგარიშის თანახმად, რუსეთს „სომხეთის მთავარ მეგობრად“ დაახლოებით 60% თვლის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG