Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ლომჯარია ნიკა მელიას ციხეში შეხვდა


რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შეხვდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პატიმრობაში მყოფ თავმჯდომარეს ნიკა მელიას. „იქიდან გამომდინარე, რომ შეთანხმების ერთ-ერთი თემა იყო ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლება, ჩემი მიზანი იყო, მესაუბრა, რას ფიქრობს ის თავად. ზოგადად ვისაუბრეთ შექმნილ ვითარებაზე და ამ ხედვაზე", - თქვა ლომჯარიამ ციხიდან გამოსვლის შემდეგ.

როგორც ომბუდსმენი ამბობს, ნიკა მელია მიიჩნევს, რომ გირაო არ ყოფილა შეთანხმების საგანი და მასთან მხარეებს ამ საკითხზე კონსულტაციები არ გაუმართავთ.

„ნიკა მელია მიიჩნევს, რომ მან არ უნდა გადაიხადოს გირაო. ამბობს, რომ ის სწორედ იმიტომ ჩაჯდა ციხეში, რომ მიაჩნდა, რომ არ იქნებოდა სამართლიანი მისი მხრიდან გირაოს გადახდა. შესაბამისად, ფიქრობს, რომ ამ შეთანხმების გამოსავალი მასთან დაკავშირებით არ უნდა იყოს გირაოს გადახდა", - აღნიშნავს ლომჯარია და განმარტავს, - „თუ ამნისტიის კანონი იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, მელიას ამ პროცესებზე გავლენა არ შეუძლია მოახდინოს".

სახალხო დამცველის პოზიციაა, რომ პროკურატურას შეუძლია დღესვე გაათავისუფლოს ნიკა მელია გირაოს გარეშე.

„თუ ხელშეკრულება დადებულია და პოლიტიკური სტაბილიზაცია, მშვიდობა და სამოქალაქო შეთანხმება მოხდეს, გადაწყვეტილება შეუძლიათ თავისუფლად მიიღონ. ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა პროკურატურის მისამართით, რომ რაც შეიძლება დროზე იყოს ეს გადაწყვეტილება", - ამბობს ლომჯარია.

2 უშედეგო რაუნდის შემდეგ, 18 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ახალი წინადადება შესთავაზა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს - „სამომავლო გზა საქართველოსთვის“, რომლითაც მისი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს წარდგენილ დოკუმენტში დაზუსტდა ორ ძირითადი შეუთანხმებელი პუნქტი - პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასა და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით.

დოკუმენტს „ქართულ ოცნებასთან" ერთად ხელი მოაწერა ოპოზიციის ნაწილმა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ნიკა მელიას გათავისუფლებამდე არ აპირებს მასზე ხელმოწერას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG