Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსულ ვაქცინას უნდობლად უყურებენ


Sputnik V-ის ვაქცინის ტრანსპორტირების პროცესი
Sputnik V-ის ვაქცინის ტრანსპორტირების პროცესი

ორ კვირაში ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთში წარმოებულ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას მიიღებენ. საუბარია 2000 დოზა სპუტნიკ-ვ-ზე. ინფორმაცია დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.  ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი ვაქცინას უნდობლად უყურებს, რაზეც ადგილობრივი ექსპერტები ლაპარაკობენ.

ცხინვალის უნივერსიტეტის ლექტორი, უფლებადამცველი ფატიმა მარგიევა ამბობს, რომ, მისი დაკვირვებით, მოსახლეობის დიდი ნაწილი უნდობლად უყურებს რუსულ ვაქცინას.

„ინტერნეტში ვრცელდება წინააღმდეგობრივი ინფორმაცია, რომ ვაქცინა ბოლომდე არ არის გამოკვლეული, რომ დაფიქსირდა ვაქცინაციის შედეგად გარდაცვალების ფაქტები, ვაქცინაციისგან გართულებები არც ისე იშვიათია. სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ვაქცინაციას აზრი არ აქვს და სანამ აიცრებით, ვირუსმა უკვე განიცადა მუტაცია და ვაქცინა მაინც ვერ დაგიცავთ ... ამიტომ, ბუნებრივია, ხალხს ეშინია ამ ყველაფრის საკუთარ თავზე გამოცდის. მე ჯერ არ შემხვედრია ერთი ადამიანიც კი, ვისაც სურს აიცრას”, ეუბნება ფატიმა მარგიევა „ეხო კავკაზას“.

ცხინვალის მედიაცენტრ „ირის“ ხელმძღვანელი ირინა გაგლოევა მოსახლეობაში ვაქცინაციისადმი ამგვარი დამოკიდებულების მიზეზებს ასახელებს:

ვაქცინის შესაძენი თანხა არის. 72 მილიონი რუბლი რუსეთის ფედერაციამ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოგვიყო. ეს თანხა ბიუჯეტში არ აგვისახავს და ჰაერშია გამოკიდებული...
ალექსანდრ პლიევი

„უნდა აღვნიშნო, რომ მოსაზრებები განსხვავებულია. საზოგადოებაში არის ჯგუფები, რომლებიც ვაქცინაციას ელოდებიან და აპირებენ ამის გაკეთებას. მაგრამ, რა თქმა უნდა, საზოგადოების უმრავლესობას ეჭვი ეპარება ვაქცინის ხარისხში და ვაქცინაციის აუცილებლობაში. არანაირი ახსნა-განმარტება და საინფორმაციო კამპანია არ ტარდება. ადამიანები ინფორმაციას ძირითადად სოციალური ქსელებიდან იღებენ და იქ, როგორც მოგეხსენებათ, ინფორმაცია ურთიერთსაწინააღმდეგო და, უფრო მეტიც, ძირითადად უარყოფითია. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ჩვენ არ გვესმის ეს ყველაფერი. გაუგებარია სიტუაცია. ყველა პრობლემა გამოწვეულია მხოლოდ ამ თემის აღრევით, მკაფიო, დასაბუთებული ინფორმირების არარსებობით. მოსახლეობა დაბნეულია, მაშინ როდესაც ეს ყველაფერი ხდება ყველა დონეზე ხელისუფლებისადმი უნდობლობის ფონზე“.

ექიმ-რეანიმატოლოგ ალექსანდრ პლიევის განმარტებით, დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტრომ წლის დასაწყისშივე დაგეგმა აპრილში ვაქცინაციის დაწყება, მაგრამ ამ დრომდე შესყიდვა ვერ განახორციელა. მისი თქმით, მთავრობა არ აქტიურობს და პროცესი ამის გამო ჭიანურდება.

ვაქცინის შესაძენი თანხა არის. 72 მილიონი რუბლი რუსეთის ფედერაციამ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოგვიყო. ეს თანხა ბიუჯეტში არ აგვისახავს და ჰაერშია გამოკიდებული. მისით სარგებლობა მანამდე არ შეგვიძლია, ვიდრე მთავრობა ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს არ გამოგვიგზავნის და პარლამენტში მას არ დავამტკიცებთ. მთავრობა აგვიანებს არა მარტო ვაქცინის შესყიდვას, არამედ საინფორმაციო კამპანიის ჩატარებასაც. ხალხი არ არის მზად. ინტერნეტში ბევრი ნეგატიური ინფორმაცია ვრცელდება ვაქცინაციის შესახებ. ამიტომ ბევრს ეშინია და აცრას არ აპირებს“, - აცხადებს ალექსანდრ პლიევი.

აპირებენ „სპუტნიკ-ვ“-ს შემოტანას. ყველამ ვიცით, რომ ამ ვაქცინას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია არ გაუვლია, ამიტომ მისი ნდობა რუსეთშიც კი ნაკლებია...
ცხინვალელი აქტივისტი

ცხინვალში კი, მართლაც, ბევრი ადამიანი იჩენს სიფრთხილეს ვაქცინაციის მიმართ. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ცხინვალელმა წყარომ, სამოქალაქო აქტივისტმა უთხრა. მისი აზრით, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:

აპირებენსპუტნიკ-“- შემოტანას. ყველამ ვიცით, რომ ამ ვაქცინას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია არ გაუვლია, ამიტომ მისი ნდობა რუსეთშიც კი ნაკლებია. გარდა ამისა, მოსახლეობას არავინ უხსნის, რა გვერდითი მოვლენები ახლავს რუსული ვაქცინით აცრას. არც ის ვიცით, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებზე როგორ იმოქმედებს. მოკლედ, ძალიან ცოტა ინფორმაცია გვაქვს და მოსახლეობის სიფრთხილე გასაგებია. რაც შეეხება ინფიცირებულთა სტატისტიკას, ადგილობრივი სანიტარიული სამსახურის მიერ გავრცელებული ციფრები აშკარად შემცირებულია, რადგან სოფლებიდან ხალხი არ მიმართავდა ჯანდაცვის ობიექტებს და ძირითადად სახლში მკურნალობდნენ, ამიტომ მათი რეგისტრაცია არ მომხდარა. ვფიქრობ, 4 ათასზე მეტმა ადამიანმა იავადმყოფა ჩვენთან. სოციალურ ქსელებში იმასაც წერენ, რომ თუ რესპუბლიკის მოსახლეობის ნახევარმა უკვე დაამარცხა კორონავირუსი, გამოდის, რომ კოლექტიური იმუნიტეტი უკვე გვქონია და ვაქცინაცია რაღად გვინდაო. მოკლედ, ამ პროცესთან დაკავშირებით ჯერ დიდი გაურკვევლობა გვაქვს“.

ამასობაში დე ფაქტო ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე არ გადავიდნენ არც სამკურნალოდ და არც ვაქცინაციისთვის, თორემ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ ასცდებათ.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს მოუწოდებს, არ აჰყვნენ თბილისის „პროვოკაციას“ და არ დაარღვიონ ე. წ. საზღვარი. ამის შესახებ განცხადებას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ავრცელებს.

დე ფაქტო რესპუბლიკის სანიტარიული სამსახურის ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსი, ჯამში, 3296 ადამიანს დაუდასტურდა, თუმცა, ადგილობრივი ექიმების განცხადებით, სტატისტიკა არასწორია და ოკუპირებულ რეგონში მცხოვრებთა, დაახლოებით, ნახევარმა, 15 ათასამდე ადამიანმა, ვირუსი უკვე გადაიტანა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG