Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

14 წლის ნინის საქმეში ორგანიზაცია "საფარი" ერთვება


ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის ნინის საქმეში, რომელიც სიცოცხლეში ძალადობის მსხვერპლი იყო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ცდილობს ჩაერთოს ორგანიზაცია "საფარი" მას შემდეგ, რაც გარდაცვლილი გოგონას დამ, როგორც ამ საქმეში დაზარალებულის უფლებამონაცვლემ, უარი თქვა ყოფილიყო მისი ინტერესების დამცველი ამ საქმეში არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის". "საფარის" ხელმძღვანელს, ბაია პატარაიას აქვს ეჭვი, რომ გარდაცვლილი არასრულწლოვნის და არის ზეწოლის მსხვერპლი და მისი გადაწყვეტილებაც ადვოკატის საქმეზე ჩამოცილების შესახებ ამ გარემოებით აიხსნება, შესაბამისად, მიმართავს პროკურატურას, რომ 14 წლის გოგოს უფლებამონაცვლედ მისი დედა ცნონ და ამ გზით გახდეს ორგანიზაცია ჩართული საქმეში, როგორც დედის უფლებადამცველი.

ბაია პატარაია ამბობს, რომ ამ საქმეში ბევრი ხარვეზია გამოძიების თვალსაზრისით, რომელთა დიდი ნაწილიც სწორედ საქმეს ჩამოშორებულმა ადვოკატმა, ანა თავხელიძემ იპოვა და მნიშვნელოვანია ამ საქმეში არასამთავრობო სექტორის ჩართულობა, რათა გამოძიება სწორად წარიმართოს და სისტემაში არსებულ ხარვეზებზე საზოგადოებას ინფორმაცია ჰქონდეს. პირველ ეტაპზე ბაია პატარაია პროკურატურისგან გამოძიების "გაუპატიურების" მუხლით გადაკვალიფიცირებას ითხოვს. წერილობითი მოთხოვნით "საფარმა" პროკურატურას დაზარალებულის უფლებამონაცვლის ცვლილების შესახებ დღეს მიმართა.

14 წლის ნინი, ქობულეთში, 9 თებერვალს, ბაბუამ იპოვა გარდაცვლილი. 21 აპრილის მონაცემებით, საქმეზე ორი პირია დაკავებული. 23 წლის კაცი და გარდაცვლილის ბაბუა, 76 წლის კაცი.

23 წლის ბრალდებულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ორი მუხლით, 115-ე და 140-ე მუხლებით. კაცს გამოძიება მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანას და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას ედავება. როგორც პროკურატურის განცხადებაში ვკითხულობთ, „ბრალდებულმა ნ.ტ.-მ მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ნ.ც. თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი იყო, 2020 წლის ივნისსა და დეკემბერში, მოტყუებით, იმ პირობით, რომ მომავალში ცოლად შეირთავდა, სექსუალური კავშირი დაამყარა, რის შემდეგაც მასთან გაწყვიტა კონტაქტი. მოგვიანებით კი გოგონას განუცხადა, რომ მასზე დაქორწინებას არ აპირებდა. აღნიშნულით დაამცირა მისი ღირსება. ნ.ც.-მ, 2021 წლის 9 თებერვალს თვითმკვლელობა ჩაიდინა“.

რაც შეეხება გარდაცვლილის ბაბუას, მის წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი მუქარისა და ძალადობის ბრალდებით: „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავისი არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ მუქარა და ძალადობა განახორციელა. 2006 წელს დაბადებულმა მოზარდმა მიმდინარე წლის 9 თებერვალს თვითმკვლელობა ჩაიდინა“.

ჯერ კიდევ თებერვალში, ცნობილი გახდა, რომ მოზარდის გარდაცვალების საქმეში გამოიკვეთა კიდევ ერთი დანაშაული, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი ძალადობა. ამ მიმართულებით გამოძიებაც დაიწყო, თუმცა, ბრალი ამ დრომდე არავის აქვს წაყენებული.

XS
SM
MD
LG