Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

14 წლის ნინის საქმე ადვოკატის გარეშე დარჩა - რატომ თქვა ნინის დამ ადვოკატზე უარი?


14 წლის ნინის გარდაცვალების საქმეს ადვოკატი ჩამოაცილეს. გარდაცვლილის უფლებამონაცვლემ, მოზარდის დამ, თამუნა ცეცხლაძემ, 12 აპრილს უარი თქვა ადვოკატზე. მისი გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა ანა თავხელიძისთვის, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტისთვის, რომელიც საქმეში მოზარდის გარდაცვალებიდან ორ დღეში ჩაერთო და რომელიც დაზარალებულის უფლებამონაცვლის ინტერესებს ზუსტად ორი თვის განმავლობაში იცავდა.

ანა თავხელიძე შიშობს, რომ საქმეში აქამდე არსებული ხარვეზების გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული, რომ სათანადო მონიტორინგისა და გამოძიების გარეშე, შესაძლოა, საქმეზე სამართლიანი განაჩენი ვერ დადგეს და ბრალდებულ პირები შესაბამისი სასჯელის გარეშე დარჩნენ.

14 წლის ნინი, ქობულეთში, 9 თებერვალს, ბაბუამ იპოვა გარდაცვლილი. 21 აპრილის მონაცემებით, საქმეზე ორი პირია დაკავებული. 23 წლის კაცი და გარდაცვლილის ბაბუა, 76 წლის კაცი.

23 წლის ბრალდებულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ორი მუხლით, 115-ე და 140-ე მუხლებით. კაცს გამოძიება მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანას და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას ედავება. როგორც პროკურატურის განცხადებაში ვკითხულობთ, „ბრალდებულმა ნ.ტ.-მ მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ნ.ც. თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი იყო, 2020 წლის ივნისსა და დეკემბერში, მოტყუებით, იმ პირობით, რომ მომავალში ცოლად შეირთავდა, სექსუალური კავშირი დაამყარა, რის შემდეგაც მასთან გაწყვიტა კონტაქტი. მოგვიანებით კი გოგონას განუცხადა, რომ მასზე დაქორწინებას არ აპირებდა. აღნიშნულით დაამცირა მისი ღირსება. ნ.ც.-მ, 2021 წლის 9 თებერვალს თვითმკვლელობა ჩაიდინა“.

რაც შეეხება გარდაცვლილის ბაბუას, მის წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი მუქარისა და ძალადობის ბრალდებით: „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავისი არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ მუქარა და ძალადობა განახორციელა. 2006 წელს დაბადებულმა მოზარდმა მიმდინარე წლის 9 თებერვალს თვითმკვლელობა ჩაიდინა“.

ჯერ კიდევ თებერვალში, ცნობილი გახდა, რომ მოზარდის გარდაცვალების საქმეში გამოიკვეთა კიდევ ერთი დანაშაული, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი ძალადობა. ამ მიმართულებით გამოძიებაც დაიწყო, თუმცა, ბრალი, ამ დრომდე არავის აქვს წაყენებული.

რატომ თქვა ნინის დამ ადვოკატზე უარი?

ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს ადვოკატ ანა თავხელიძეს. ნინის დის უეცარი გადაწყვეტილების შესახებ 12 აპრილს შეიტყო, თუმცა, მისი თქმით, არანაირი წინაპირობა, რომ 20 წლის ქალს უარი ეთქვა ადვოკატის მომსახურებაზე, არ ყოფილა.

ანა თავხელიძე ნინის დასთან ერთად ორი თვის განმავლობაში, აქტიურად იყო ჩართული საგამოძიებო პროცესში, ეცნობოდა საქმის მასალებს და მასთან შეთანხმებით მოითხოვდა ყველა იმ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას, რასაც გამოძიება ან აჭიანურებდა ან უგულებელყოფდა. სწორედ ნინის დასთან ერთად მოითხოვდა ის სისხლის სამართლის საქმის გაუპატიურების მუხლით გადაკვალიფიცირებასაც.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე, საქმეზე არც მუხლი შეცვლილა და არც ადვოკატის მთელ რიგ კითხვებს გამოძიების მხრიდან პასუხი არ გასცემია, ნინის და ადვოკატზე უარს ამბობს.

რადიო თავისუფლება თამუნა ცეცხლაძეს ტელეფონით დაუკავშირდა. ქალი არაფერს ამბობს ადვოკატისთვის უარის თქმის მიზეზზე. ერთადერთი, რასაც ნინის და რადიო თავისუფლებას ეუბნება, არის ის, რომ „გამოძიებით ძალიან კმაყოფილია“:

„გამოძიება მიმდინარეობს და რომ დასრულდება, ყველა ყველაფერს იტყვის, მეც ვიტყვი და ყველას ვეტყვით, რომ გამოქვეყნდეს ინფორმაცია. ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან კარგად მიდის გამოძიება. არაფერზე არ მაქვს კითხვის ნიშნები“.

14 წლის ნინის დედა, მერი რომანაძე, რომელიც ცოტა ხნის წინ, კვლავ თურქეთში დაბრუნდა, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ისევე როგორც ნინი, მისი უფროსი ქალიშვილიც, ნათესავების მხრიდან ზეწოლის მსხვერპლია და ადვოკატის მომსახურებაზე უარის თქმის მიზეზიც, მისი თქმით, ბიძების მოთხოვნაა. ქალის თქმით, მას არანაირი ურთიერთობა არ აქვს ქალიშვილთან, რადგან ოჯახის წევრები დედასთან ურთიერთობას უკრძალავენ:

„საქართველოში რომ ვიყავი, ერთხელ მისცა უფლება ბიძამისმა, რომ მოსულიყო ჩემთან და მენახა. მას შემდეგ არანაირი ურთიერთობა არ მაქვს. სოციალურ ქსელში, მეგობრებშიც კი არ მყავს. დარწმუნებული ვარ, რომ ადვოკატებზე უარის თქმის გადაწყვეტილება მან ზეწოლის ქვეშ მიიღო. გარკვეულ ინფორმაციას მაწვდიან საქართველოდან და ვიცი, რომ ბიძები აქტიურობენ, უნდათ, რომ მამამისი ციხიდან დაიხსნან. როგორც ვიცი, ფულიც კი შესთავაზეს გამოძიებას, რაზეც უარი მიიღეს. ამიტომ მაქვს ინფორმაცია, რომ არანაირად არ აწყობთ ამ საქმეში ადვოკატების ყოფნა. მე თავიდანვე ვამბობდი, რომ ჩემი შვილები ზეწოლის ქვეშ არიან. ეს გადაწყვეტილებაც, სავარაუდოდ, ასე ზეწოლის ქვეშ არის მიღებული. ჩემი შვილის ჩართულობით, რომელიც დარწმუნებული ვარ, მძიმე ზეწოლის ქვეშაა, ამ საქმეზე სიმართლე ვერ დადგინდება. მინდა, რომ მკვდრის სულმა მოისვენოს, მინდა, რომ სიზმარში აღარ მეხვეწებოდეს ჩემი შვილი დახმარებას. საქართველოში გვერდში ვერავინ დამიდგა. ნათესავებმაც კი უარი მითხრეს, შენ წახვალ თურქეთში და ჩვენ აქ დაგვტოვებ ცეცხლაძეების პირისპირ, რომ ამოგვხოცონო. ვერ გაბედეს. ჟურნალისტებმა კი ძირითადად, რეიტინგის ასამაღლებლად გამომიყენეს“.

მერი რომანაძე არ გამორიცხავს, რომ შვილის გარდაცვალების საქმეში ჩართვის მოთხოვნით სამართლებრივი ბრძოლა დაიწყოს. უახლოეს პერიოდში ის ადვოკატებთან კონსულტაციასაც გეგმავს: „თუკი ჩემმა შვილმა უარი თქვა ადვოკატზე, მაშინ მე ჩემით უნდა მივაღწიო სიმართლეს და ვინც კი დამნაშავეა ამ საქმეში, დაისაჯოს“.

საქმეში არსებული მნიშვნელოვანი გარემოებები, რომლებიც გამოძიების ყურადღების მიღმა დარჩა

უკვე 9 დღეა, ანა თავხელიძეს აღარ აქვს არანაირი ინფორმაცია 14 წლის ნინის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ. შიშობს, რომ საზოგადოებისა და მედიის მხრიდან აქტიურობის გარეშე, საქმეზე სამართლიანი განაჩენი, შესაძლოა, ვერ დადგეს. ამის თქმის საფუძველს კი ადვოკატს საქმეში არსებული თუ ჯერაც არარსებული მტკიცებულებები აძლევს.

როგორც ანა თავხელიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, რომ არა ადვოკატის დაჟინებული მოთხოვნა, საგამოძიებო მოქმედებების მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერაც კი არ იქნებოდა ჩატარებული.

რაც შეეხება ნინის სიცოცხლეში აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც 140-ე მუხლით, ანუ 16 წელს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის მუხლით დაიწყო, ადვოკატის თქმით, ეს საქმე სისტემური ხარვეზების ნათელი მაგალითია. საქმის მასალების თანახმად, ხარვეზები ვლინდება, როგორც საგამოძიებო, ისე სოციალური მუშაკის საქმიანობის ნაწილში.

სწორედ ამიტომ მოითხოვა ანა თავხელიძემ საქმეში ჩართვისთანავე, საქმეს ჩამოშორებოდა პროკურორი, გამომძიებელი და სოციალური მუშაკი, რადგან ის მისი თქმით, მათ შეეძლოთ და არ მიიღეს შესაბამისი სავალდებულო ზომები 14 წლის მოზარდის დასაცავად. ადვოკატის ეს მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საქმე ჩამოერთვა ბათუმის რაიონულ პროკურატურას და გადაეცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურას.

ადვოკატმა ორჯერ მიმართა წერილობით გენერალურ პროკურატურას და მოითხოვა პროკურორის, გამომძიებლისა და სოციალური მუშაკის მხრიდან სავარაუდო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე გამოძიების დაწყება, თუმცა მის წერილებს რეაგირება ამ დრომდე არ მოჰყოლია.

ჩანაწერი ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც გამოძიებამ ყურად არ იღო?

ერთ-ერთი საკვანძო მოთხოვნა, რასაც ზუსტად ორი თვის განმავლობაში მოითხოვდა ანა თავხელიძე, ეს ნინის გარდაცვალების საქმის მუხლის გადაკვალიფიცირება და 14 წლის მოზარდის მიმართ განხორციელებული ქმედების გაუპატიურებად შეფასებაა. ანა თავხელიძის თქმით, საქმის მასალებიდან დგინდება, რომ ადგილი ჰქონდა ფიზიკური ძალის გამოყენებას. გარდა ამისა, ადვოკატი ამბობს, რომ საქმეში დევს არასრულწლოვნის ნების დამთრგუნველი არაერთი გარემოება. თუმცა, ადვოკატის საქმიდან ჩამოშორების დროისთვის, ანუ 12 აპრილის მონაცემებით, საქმეზე კვალიფიკაცია არ შეცვლილა.

გარდა ნინი ცეცხლაძის 4 თებერვლით დათარიღებული ჩვენებისა, სადაც ის განმარტავს, რომ ფეხზე არსებული დაზიანება მას, სავარაუდოდ, ბრალდებულმა მიაყენა, როდესაც 23 წლის კაცმა მას ფეხზე ხელი მოუჭირა, ანა თავხელიძე ამბობს, რომ სამედიცინო-ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც გამოძიებამ 11 იანვარს მიიღო, ექსპერტები წერენ, რომ მოზარდის თქმით, მასზე მამაკაცმა იძალადა:

„აღმოვაჩინეთ, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც ბავშვის სიცოცხლის დროს მოვიდა, ექსპერტები მიუთითებენ, რომ ბავშვის თქმით, მასზე ფიზიკური ძალა იქნა გამოყენებული სექსუალური კავშირის დროს. ამ ჩანაწერზე არავინ საუბრობდა და ამ ჩანაწერისთვის არანაირი ყურადღება არ მიუქცევია საგამოძიებო ორგანოს. მოვითხოვე, რომ ყველა ექსპერტი, ვინც ბავშვს ესაუბრა, დეტალურად გამოეკითხათ. გამოძიებამ ექსპერტები გამოკითხა, რომლებმაც განაცხადეს, რომ ბავშვი ლაპარაკობდა „ხელების გაკავებაზე“, რაც ავტომატურად ნიშნავს გაუპატიურებას. მივმართე საქმის მწარმოებელ პროკურორს და მომივიდა პასუხი, რომ ამ ეტაპზე, ტარდება საგამოძიებო მოქმედებები და შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას. სამი ექსპერტის ჩვენება სავსებით საკმარისი იყო მუხლის გადაკვალიფიცირებისათვის. ჩვენ მანამდეც, გვქონდა მოთხოვნა საქმის გაუპატიურების მუხლით გადაკვალიფიცირებაზე, რაზეც უარი გვითხრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურამ. სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა ამ საკითხზე და განაცხადა, რომ მათ კომპეტენციას სცდება მსგავსი მსჯელობა. ყველაზე დიდი პრობლემაა ის, რომ ექსპერტიზის დასკვნის პასუხი მათ ძალიან კარგად იცოდნენ, მაგრამ ამაზე ყველამ დახუჭა თვალი, გამომძიებელმაც და პროკურორმაც, არავის მიუქცევია ყურადღება, რომ ექსპერტები საკუთარ დასკვნაში წერდნენ ძალის გამოყენების შესახებ“.

კიდევ ერთი გარემოება, რაც სწორედ გაუპატიურების კვალიფიკაციასთან თანხვედრაშია, ეს არის 14 წლის მოზარდის ტანსაცმელი, რომელიც გამოძიებას არ ამოუღია. ადვოკატის ინფორმაციით, სავარაუდოდ, არსებობდა ნინის დახეული ტანსაცმელი:

„სად არის დახეული ტანსაცმელი და დახეული საცვალი, არ ვიცით. ამ კითხვით ჩვენ მივმართეთ გამოძიებას. ვკითხეთ, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს ამ მტკიცებულების ამოსაღებად ან ახლა რას ატარებენ. კითხვაზე პასუხის მოლოდინის რეჟიმში ვიყავით, როდესაც უეცრად ჩამოვცილდით საქმეს, არ ვიცით, რა დაადგინა გამოძიებამ“.

ანა თავხელიძემ მოითხოვა იმ ნათესავი ქალის გამოკითხვაც, რომელიც ნინის თბილისში, სამედიცინო ექსპერტიზაზე ახლდა. გამოკითხა თუ არა ქალი გამოძიებამ, ამის შესახებ მას ინფორმაცია აღარ აქვს:

„როგორც ჩემთვის ცნობილია, სწორედ ამ ქალს ჰქონდა ინფორმაცია ნინის დახეული ტანსაცმლის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ქალი გამოკითხული იყო, მაგრამ არა გაუპატიურების მიმართულებით“.

ადვოკატმა მოითხოვა ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებაც, რაზეც გამოძიებისგან თანხმობა მიიღო, თუმცა, რა შედეგით დასრულდება ექსპერტიზა, ამ ინფორმაციას ადვოკატი, როგორც საქმის მონაწილე, ვეღარ მიიღებს:

„მოვითხოვეთ ფსიქოლოგიური აუტოფსიის ჩატარება იმ ჩანაწერებზე, რასაც ბავშვი აკეთებდა, წიგნებზე, რვეულებზე მინაწერები და ა.შ. ასევე, მოვითხოვეთ, ჩვენებებიდან გამომდინარე გაკეთებულიყო ფსიქოლოგიური შეფასება. მათ შორის, სუიციდის ნაწილში. სამწუხაროდ, ჩვენთან ფსიქოლოგიური აუტოფსიის პრეცედენტი არ არსებობს, მაგრამ გვითხრეს, რომ დანიშნავდნენ ფსიქოლოგიურ ექსპერტიზას. რამდენადაც ვიცი, ექსპერტიზა დაინიშნა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ, ექსპერტებისათვის დასასმელი კითხვები გამოძიებასთან შევათანხმეთ“.

რატომ არ დაასურათა სრულყოფილად ექსპერტმა გვამი?

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რომლის შესახებაც ანა თავხელიძე ამახვილებს ყურადღებას, ეს არის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც მოზარდის გარდაცვალების შემდეგ გაკეთდა. ანა თავხელიძე ამბობს, რომ საქმეში არსებული დოკუმენტისა და თანდართული ფოტოების თანახმად, ექსპერტიზა არასრულფასოვნადაა ჩატარებული და ის ვერ სცემს კითხვებს პასუხს. ნინის დის ინფორმაციით, ბავშვს დაზიანება აღენიშნებოდა არა მხოლოდ მხრის არეში, რომლის შესახებაც აღნიშნულია ექსპერტიზის დასკვნაში, არამედ წვივზეც, რის შესახებაც არაფერი წერია დოკუმენტში. საქმეს კიდევ უფრო მეტ ბუნდოვანებას სძენს ისიც, რომ დასკვნას არ ახლავს გვამის დეტალური დასურათება:

„დასურათებისას, გარდაცვლილის ფეხები საერთოდ არ არის გადაღებული. ჩვენ ეს გავაპროტესტეთ და მოვითხოვეთ ექსპერტის გამოკითხვა, თუმცა, მან ამის მიზეზი ვერ ახსნა. პრაქტიკაში არ გვქონია შემთხვევა, რომ გვამი ნაწილობრივ იყოს დასურათებული. ექსპერტების მიერ ხდება გვამის სრული დასურათება. გარდაცვლილის უფლებამონაცვლეს ჰქონდა ინფორმაცია, რომ ბავშვს ფეხზე, წვივის მიდამოში, ჰქონდა დაზიანებები, თუმცა, მუხლს ქვემოთ ნაწილი საერთოდ არ არის გადაღებული. არსებობს ვარაუდი, რომ ეს დაზიანებები, შესაძლოა, ბავშვს ძალადობის შედეგად ჰქონდა მიყენებული. რაც შეეხება მხარზე არსებულ დაზიანებას, ეს დაზიანება იმდენად თვალნათელი იყო, რომ ამას ექსპერტი გვერდს ვერ აუვლიდა და წერს, რომ „სხეულზე აღენიშნება სიცოცხლისდროინდელი ნაჭდევი მარცხენა მხრის სახსრის წინა ზედაპირზე, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, გარდაცვალებამდე ახლო პერიოდში“.

კიდევ ვის შეიძლება წაუყენოს ბრალი გამოძიებამ?

ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი მუქარისა და ძალადობის ბრალდებით, 21 აპრილის მონაცემებით, მხოლოდ ბავშვის ბაბუაა დაკავებული, თუმცა, ნინის გარდაცვალების საქმეში იკვეთება კიდევ ერთი დანაშაული, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი ძალადობა. მიუხედავად იმისა, რომ მუხლით გამოძიება დაწყებულია, ბრალი, ამ დრომდე არავის აქვს წაყენებული.

ნინის დედა ირწმუნება, რომ მას შემდეგ, რაც ოჯახის წევრებმა შეიტყვეს ნინის გაუპატიურების შესახებ, მისი შვილი უმოწყალოდ სცემა არა მხოლოდ ბაბუამ, არამედ ბიძებმაც.

რადიო თავისუფლებამ ნინის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ მეტი ინფორმაციის მოსაძიებლად, კითხვებით მიმართა გენერალურ პროკურატურას. თუმცა, მათგან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

ნინის გარდაცვალების საქმეზე წინასასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 5 მაისს გაიმართება. ანა თავხელიძის ინფორმაციით, ამ სხდომაზე, სასამართლოს წინაშე წარდგება ორივე ბრალდებული, 23 წლის კაციც და მოზარდის ბაბუაც. თუმცა, სავარაუდოდ, წინასასამართლო სხდომის შემდეგ, პროკურატურა მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეების გაყოფის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG