Accessibility links

site logo site logo

მთავრობამ ნამახვანჰესის საკითხზე დისკუსიაში ჩართვისთვის ევროკავშირის ენერგეტიკულ გაერთიანებას მიმართა 


ნათია თურნავა, ლევან დავითაშვილი

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ნამახვანჰესის საკითხზე არასამთავრობო სექტორთან დიალოგის პროცესში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი ჩაერთვება, - აღნიშნულ განცხადებას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. განცხადების თანახმად, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრს საქართველოს ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებმა ერთობლივი წერილით მიმართეს. სამინისტროები მიიჩნევენ, რომ ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით არსებული დისკუსიის პროცესში ნეიტრალური მხარის შუამავლობა სასარგებლო იქნება ნდობის განმტკიცებისათვის და ასევე დისკუსიის პროცესის სწორად და საქმიანად წარმართვისთვის.

„მადლიერი ვიქნებით თქვენი, როგორც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის თავმჯდომარის, მიერ აღნიშნული პროცესით დაინტერესებითა და პერსონალური ჩართულობით, რომლის დროსაც შედგება კომუნიკაცია როგორც მთავრობის, ასევე ნამახვანი ჰესის პროექტის მოწინააღმდეგე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის,“ - ნათქვამია წერილში.

წერილის მიხედვით, მთავრობა მზადაა, საჭიროების შემთხვევაში მოხდეს ყველა დოკუმენტის, კვლევისა და პროცედურის(მათ შორის გარემოზე ზემოქმედების პროცედურის) შესწავლა ევროკავშირის კანონმდებლობისა და საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისად.

„საქართველოში, ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად, განახლებადი ენერგიის პროექტები მწვავე დისკუსიის საგანი გახდა სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან. ამიტომ, მთავრობა მიზნად ისახავს, გამონახოს ბალანსი განახლებადი ენერგიის პოპულარიზაციასა და შესაძლო დამატებით ღონისძიებებს შორის,“ - აღნიშნულია მინისტრების განცხადებაში.

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა თითქმის 6-თვიანი პროტესტის შემდეგ, 24 აპრილს საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული განცხადება გამოაქვეყნა. განცხადების თანახმად, კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადდა მორატორიუმი 9-12 თვის ვადით, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება. ამავე გადაწყვეტილებით, კომპანია "ენკა" ამ ეტაპზე პროექტის პირველი ეტაპის მოსამზადებელ სამუშაოებს გააგრძელებს, ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მოქმედი სამშენებლო ნებართვის ფარგლებში.

აქციის ორგანიზატორებმა განცხადების შინაარსი გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს სრულ იგნორირებას უკეთებს.

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტი 183 დღეა გრძელდება. 3 აპრილის შემდეგ საპროტესტო მოძრაობა ნამოხვანიდან გუმათშია დაბანაკებული. მთავრობასთან წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ "რიონის ხეობის მცველებმა" 23 მაისს თბილისში დაგეგმეს მასშტაბური აქცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG