პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ამბობს, რომ "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შეტანილ ცვლილებებზე ვეტოს მოთხოვნით ოპოზიცია აღიარებს, რომ მომავალში ხულიგნობასა და ლანძღვა-გინებას აპირებს. ვოსლკის კომენტარს "რუსთავი 2" ავრცელებს.
"ვეტო ლეგიტიმური, რა თქმა უნდა, იქნება, თუ პრეზიდენტი გამოიყენებს, მაგრამ ამის საფუძველი არ არსებობს. ფაქტობრივად, ოპოზიცია აღიარებს, რომ ხულიგნობა და ლანძღვა-გინების დამკვიდრებული კულტურა პოლიტიკურ ბრძოლაში არის ის, რასაც ისინი იარაღად გამოიყენებენ მომავალში", - ამბობს ვოლსკი.
პარლამენტმა 29 აპრილს დაამტკიცა ცვლილებები "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში", რითაც გამკაცრდა სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის და გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები.
კანონის გამკაცრებას მისი ინიციატორები იმით ხსნიან, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სახდელების მიუხედავად, 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შემთხვევები მზარდია. სწორედ ამ მუხლებით აკავებენ ხოლმე აქციებზე მონაწილეებს სამართალდამცავები.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, კრიტიკულად აფასებს ასევე აშშ-ის საელჩო საქართველოში.