Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა მელიას საქმეზე: სასამართლოს მივმართავთ მას შემდეგ, რაც გირაოს თანხა ანგარიშზე აისახება, ან ჩარიცხვის დოკუმენტს წარგვიდგენენ


საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განმარტავენ, რომ ძალაშია უწყების წინადადება იმის შესახებ, რომ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართავენ. უწყებისვე ცნობით, სასამართლოს ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მას შემდეგ მიმართავენ, რაც გირაოსთვის განკუთვნილი თანხა შესაბამის ანგარიშზე აისახება, ან შესაბამის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დოკუმენტს წარადგენენ.

ამ უკანასკნელთან დაკავშირებით „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ განმარტავენ, რომ გირაოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი უწყებაში უკვე გაიგზავნა. საია-ში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ დოკუმენტაცია კანცელარიის ელექტრონულ მისამართზე 17 საათსა და 40 წუთზე გაიგზავნა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, დღეს გადახდილი იყო 40 000 ლარის ოდენობის გირაო "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მელიას წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, რაც 2021 წლის 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით მიღებული შეთანხმების კონტექსტში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღწეულ ურთიერთგაგებას მოჰყვა.

ევროკავშირი აღნიშნულთან დაკავშირებით მადლობას უხდის ორ დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც დათანხმდა ამ პროცესში მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გაწევაზე. ეს ორგანიზაციებია "ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის" (European Endowment for Democracy), რომელმაც თანხა გამოყო და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" (საია), რომელმაც აღნიშნული თანხა ხელისუფლებას გადასცა.

კერძოდ, "საიას" ანგარიშის გავლით, თანხა თბილისის სააღსრულებლო ბიუროს ანგარიშზე 8 მაისს, დაახლოებით 15 საათისთვის გადაირიცხა.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან გამართული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა ელექტრონული მონიტორინგი და გირაო, 30 000 ლარი, რომელიც მან გადაიხადა. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური საჯაროდ მოიხსნა.

ამის შემდეგ, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, გირაო გაიზარდა 40 000 ლარით და მელიას გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. ნიკა მელიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა. სასამართლომ მას გირაო წინასწარი პატიმრობით შეუცვალა.

მელია 23 თებერვალს დილით, საპოლიციო ძალებმა "ნაციონალური მოძრაობის" მთავარ ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააპატიმრეს. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის დაკავებამ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი გააღრმავა. რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ კი შედგა შეთანხმების დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მელია პარლამენტმა "ამნისტიის კანონით" უნდა გაათავისუფლოს.

პარალელურად კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი მზად იყო გადაეხადა მელიასთვის შეფარდებული გირაოს საფასური - 40 ათასი ლარი. ამ გირაოს გადახდაზე მელია უარს აცხადებდა. მისი ერთ-ერთი პირობა ევროკავშირის გირაოს ძალით საპატიმროს დატოვებისა, იყო ამნისტიის კანონპროექტის გაწვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG