Accessibility links

site logo site logo

მელია თავისუფალია. შევა თუ არა ენმ პარლამენტში? - რა არ უნდა გამოგრჩეს 11 მაისს


თავისუფალი მელია, შეცვლილი პოლიტიკური ვითარება და გასარკვევი მომავალი

77-დღიანი პატიმრობის შემდეგ, რუსთავის ციხიდან გამოსულ ნიკა მელიას სრულიად სხვაგვარი პოლიტიკური რეალობა ხვდება. მისგან ოპოზიციის ერთი ნაწილი მნიშვნელოვნად დაზიანებული ოპოზიციური ერთობის კვლავ განმტკიცებას მოელის.

„ჩემს მეგობრებთან, კოლეგებთან, საზოგადოების აქტიურ წევრებთან ერთად, ვიქნები საფრთხე ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებისთვის“, - განაცხადა ნიკა მელიამ 10 მაისს, რუსთავის ციხის დატოვების შემდეგ. მან ციხე ევროკავშირის შუამავლობით გადახდილი გირაოს სანაცვლოდ დატოვა.

როცა მელია დააკავეს, პოლიტიკურ ველზე სულ სხვა ვითარება იყო: ოპოზიციური პარტიების უდიდესი ნაწილი ჯერ ისევ განაგრძობდა საპარლამენტო ბოიკოტს და ძველი მოკავშირეებიდან პარლამენტში მხოლოდ ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეების“ 2 დეპუტატი იყო შესული.

ახლა პარლამენტში ოპოზიციის ნაწილი შესულია. გამწვავებულია დაპირისპირება „შარლ მიშელის შეთანხმებაზე“ ხელმომწერებსა და არა არახელმომწერებს შორის.

შევა თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში მას მერე, რაც პარტიის ლიდერი თავისუფალია? ეს ჯერ უცნობია, თუმცა, როგორც მელია ამბობს, ამ საკითხზე პარტიამ „პრაგმატული გადაწყვეტილება“ უნდა მიიღოს.

„პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე გაიმართება მჭიდრო კონსულტაციები, პირველ რიგში, პარტიაში და ბლოკში და ასევე, არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებთან. ამას დასჭირდება არაერთი დღე, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღოთ. პარტიაში არის განსხვავებული პოზიციები... ყველა ჩემს კოლეგას უნდა დაველაპარაკო და ამის მერე მივიღო ბლოკ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად პასუხი... გადაწყვეტილება უნდა იყოს პრაგმატული, რაციონალური. ამ ბრძოლის გამარჯვების გვირგვინი ვერანაირად ვერ ვიქნები... ჩვენ პერიოდულად გვავიწყდება, რა დაუნდობელ მოწინააღმდეგეს ვებრძვით... მე არ გამოვრიცხავ, რომ ვარ ბოლო პოლიტიკური პატიმარი. თუ ოპოზიცია ვიქნებით აქტიურები და ბრძოლის მუხტი გაიზრდება, კიდევ ვიღაც მოხვდება ციხეში, რადგან ისინი გონებრივი შესაძლებლობებით ვერ გვიპირისპირდებიან“, - თქვა მან.

აღდგება თუ არა ოპოზიციის ერთობა და რა როლს შეასრულებს ნიკა მელია ამ პროცესში? წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.

შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმომწერი პარტიები საარჩევნო ცვლილებებზე მსჯელობენ

„ქართული ოცნება“ და ის ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც შარლ მიშელის შეთანხმებას მოაწერეს ხელი, გუშინ კაჭრეთში საარჩევნო ცვლილებებზე მსჯელობის მიზნით ჩავიდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა მედიასთან კონკრეტული ცვლილებები დააანონსეს. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ გაყალბების თავიდან აცილების მიზნით არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ ID ბარათების მეშვეობით იქნება შესაძლებელი და ამომრჩეველი ძველი პირადობის მოწმობით ხმას ვეღარ მისცემს. მისი თქმით, ამ საკითხზე ყველა მხარე შეთანხმდა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, პარტია „მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერის ლევან იოსელიანის თქმით, ცვლილებების მიზანი იქნება, გაქრეს განცდა, რომ არჩევნების გაყალბება შესაძლებელია.

„შემოგვაქვს ელექტრონული დათვლისა და ელექტრონული ანაბეჭდების მექანიზმი, შემოგვაქვს ავტომატურ რეჟიმში შემთხვევითი შერჩევის წესით 10%-ის სავალდებულოდ გადათვლის ვალდებულება, შემოგვაქვს საჯარიმო სანქციები შეკრებაზე, 100 მეტრის რადიუსით იზრდება შეკრება საარჩევნო უბნებთან და დაუბალანსებელი ოქმების შემთხვევაში ავტომატურად დაექვემდებარება გადათვლას, თუ დაუბალანსებელი იქნება ოქმი, ეს ყველაფერი ერთობლიობაში ნამდვილად გააჩენს იმის განცდას, რომ საქართველოში არჩევნები შეუძლებელი იქნება, რომ გაყალბდეს”, - თქვა ლევან იოსელიანმა.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების ლენტაში.

ისრაელმა ღაზის სექტორზე საჰაერო იერიში განახორციელა სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ

10 მაისს, საღამოს ისრაელის არმიამ საჰაერო იერიში განახორციელა ღაზაზე და მიზანში ამოიღო ექსტრემისტული დაჯგუფებები და მათი ნაღმსატყორცნები. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შედეგად დაღუპულია 20 ადამიანი, მათ შორის, ცხრა ბავშვი. სააგენტო ფრანს პრესი ანონიმურ ადგილობრივ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაღუპულებს შორისაა აგრეთვე ჰამასის მაღალი რანგის მეთაური.

ისრაელის იერიშს წინ უძღოდა ჰამასის ექსტრემისტების მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმები ღაზის სექტორიდან იერუსალიმის მიმართულებით. ამან კიდევ უფრო გააღრმავა დაძაბულობა პალესტინელ დემონსტრანტებსა და ისრაელის პოლიციას შორის, რომელიც რამდენიმე დღეა გრძელდება.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავის განცხადებაში თქვა, რომ ჰამასმა წითელი ხაზები გადაკვეთა.

წაიკითხე მეტი.

ვაქცინაციის პროცესი საქართველოში

გუშინ ქვეყანაში დაიწყო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის განმეორებითი ინექციების ეტაპი. მეორე დოზისთვის რეგისტრაცია 5 მაისს დაიწყო პორტალზე booking.moh.gov.ge.

დღეს ქვეყანაში აცრა სამი ტიპის ვაქცინითაა შესაძლებელი - „ფაიზერით“, „ასტრაზენეკათი“ და „სინოფარმით“. ამ უკანასკნელით ვაქცინაცია 4 მაისიდან 18 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვის დაიწყო.

"სინოფარმით" ვაქცინაზე რეგისტრაციისთვის საქართველოს ყველა რეგიონში ადგილები ფაქტობრივად სრულად დაჯავშნილია. 10 მაისის მონაცემებით, ადგილები აღარ არის: თბილისში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, იმერეთში, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში.

წაიკითხე მეტი.

მცოცავი ოკუპაცია კასპის მუნიციპალიტეტშიც გაგრძელდა

მცოცავი ოკუპაცია კასპის მუნიციპალიტეტშიც გაგრძელდა. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები სოფელ გორაკას მიმდებარე ტერიტორიაზე გამოჩნდნენ და ტყის მასივში გზის გაყვანა დაიწყეს. ანტისაოკუპაციო მოძრაობის მიერ გავრცელებულ ფოტო და ვიდეომასალაში ჩანს ტყის მასივში დაწყებული სამუშაოები. მოძრაობის წევრები ადგილზე აღებულ კოორდინატებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ საოკუპაციო ხაზი ასი მეტრით საქართველოს მიერ კონტროლირებული ტერიტორიის შიგნით იწევს, რაც ასობით ჰექტარ დაკარგულ ტყესა და საძოვარს ნიშნავს.

სოფლის მიმდებარე ქედზე მდებარეობს ორკაპას ისტორიული ციხე, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა იქ მისვლას გატაცების შიშით ვეღარ ბედავს, რადგან ნებისმიერ ბუჩქთან შეიძლება შეიარაღებული სამხედრო პირი იყოს ჩასაფრებული და ეს ადგილობრივ მცხოვრებთა შიშს იწვევს.

წაიკითხე მეტი გოგა აფციაურის სტატიაში.

„ბ-9“, ანუ რა აშფოთებს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგს

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, მონაწილეობა მიიღო „ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტში, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო ჰიბრიდულ რეჟიმში იმართება. ევროპის დროით 22 საათზე კი სამიტის მონაწილეებს მიმართავს აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი.

სამიტის დაწყებამდე რუმინეთისა და პოლონეთის პრეზიდენტებმა, კლაუს იოჰანისმა და ანჯეი დუდამ, ბუქარესტში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოხატეს შეშფოთება უკრაინასა და რუსეთს შორის არსებული დაძაბულობის თაობაზე, ილაპარაკეს ბელარუსში შექმნილი ვითარებისა და მოლდოვის ევროპული არჩევანისადმი მხარდაჭერის შესახებ.

რადიო თავისუფლების რუმინული სამსახურის ცნობით, ორ ლიდერს შორის მოლაპარაკება ასევე კონცენტრირებული იყო, მთლიანობაში, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე და, კერძოდ, შავი ზღვის რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების საკითხებზე.

წაიკითხე მეტი კობა ლიკლიკაძის სტატიაში.

რა გზა გაიარა ქართულმა მოდამ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ?

90-იანი წლები, განადგურებული წარმოებები, ბაზრობები და თურქეთიდან შემოსული ტანსაცმელი.

რა ეცვა ხალხს, როგორ იპრანჭებოდნენ? საიდან იღებდნენ ინსპირაციას ქართველი დიზაინერები მაშინ და როგორ უყურებენ დამოუკიდებელი ქართული მოდის საწყისებს დღეს?

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG