Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასსელის საქმე - რას უყვება ბრალდებული გამოძიებას? სუიციდი თუ მკვლელობა?


26 წლის ასსელ აიტპაევას ცხედარს საქართველოდან სამშობლოში, ყაზახეთში, 11 მაისს, ღამით, გადაასვენებენ. ასსელის დედა, აისუსუ აიტპაევა, შვილის გარდაცვალების საქმის მასალების გასაცნობად და ცხედრის გადასასვენებლად, საქართველოში 9 მაისს ჩამოვიდა.

უკანასკნელად ქალიშვილს გარდაცვალებამდე ორი საათით ადრე ელაპარაკა. დედა ამბობს, რომ მის შვილს მღელვარება ეტყობოდა, თუმცა, რატომ იყო განერვიულებული, დედისთვის არ უთქვამს.

26 წლის ყაზახი ქალი, ასსელ აიტპაევა საქართველოში 27 აპრილს, სამუშაოდ ჩამოვიდა. ერთ კვირაში, 5 მაისს, ის თბილისში, კედიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრების ქვეშ, გარდაცვლილი იპოვეს. პროკურატურის ოფიციალური განცხადების თანახმად, 5 მაისს, თბილისში, 56 წლის ბესიკ თორდუამ ქალი ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააუპატიურა, რის შემდეგაც, ასსელ აიტპაევა მერვე სართულიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

სამართალდამცავებმა ბესიკ თორდუა 6 მაისს დააკავეს. მას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია და თვითმკვლელობამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი მუქარით მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით), რაც სასჯელის სახედ 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

ასსელის დედა დარწმუნებულია, რომ მის შვილს თავი არ მოუკლავს. ამბობს, რომ მოკლეს. ბესიკ თორდუას გარდა, დედა ასახელებს კიდევ სამი პირის სახელსა და გვარს, რომლებსაც, ქალის ვარაუდით, მისი შვილის სიკვდილში მიუძღვით ბრალი. მათ შორის, ორი ყაზახეთის, ერთი კი საქართველოს მოქალაქეა.

ერთ-ერთი პირი, რომელსაც აისუსუ აიტპაევა შვილის სიკვდილში ადანაშაულებს, ეს არის მისი სიძე, მურატ მეირბეკოვი, რომელიც ამჟამად ყაზახეთში იმყოფება:

„ჩემი შვილი თავს არ მოიკლავდა. ის არ იყო ასეთი ადამიანი. ჩემი ვერსია, ისევ და ისევ მკვლელობაა. მე მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, რომ მოითხოვონ მურატ მეირბეკოვის საქართველოსთვის გადმოცემა“.

ასსელის დედა პოლიციის განყოფილებაში 10 მაისს, თითქმის 10 საათის განმავლობაში იმყოფებოდა გამოკითხვაზე. როგორც დედის ადვოკატი, ნინო ანდრიაშვილი გვეუბნება, ამ ეტაპზე, გამოძიება მკვლელობის ვერსიას არ განიხილავს, თუმცა, ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს და საქმეს დაემატოს სხვა ბრალდებულიც:

„დედა ამბობს, რომ იმ ოთახში, საიდანაც გოგო გადმოვარდა, იმყოფებოდა კიდევ მეორე პირი. თუმცა, ჯერჯერობით, გამოძიება რა კუთხით წარიმართება, არ ვიცით. გამოძიებას ამის შესახებ არაფერი უთქვამს. სავარაუდოდ, ეს არის იმ კომპანიის თანამშრომელი, სადაც გარდაცვლილი მუშაობდა. ეს ადამიანი საქმეში, ამ ეტაპზე, მოწმის სახით ფიგურირებს. ჩვენი პოზიციაა, რომ 26 წლის ქალს თვითმკვლელობა არ ჩაუდენია. ვფიქრობთ, რომ ეს იყო გამიზნულად დანაშაულებრივი ქმედება და ჩვენ ნამდვილად ამ კუთხით წავალთ“.

ასსელის დედა არ გამორიცხავს, რომ მისი შვილი, შესაძლოა, ტრეფიკინგის მსხვერპლი იყოს. თუმცა, როგორც ადვოკატი ნინო ანდრიაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, ამ კუთხით საგამოძიებო მოქმედებები ჯერ არ დაწყებულა.

ტრეფიკინგის საკითხს გამორიცხავს, დაკავებული ბრალდებულის ადვოკატი ლაშა შუკაკიძე. ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ქალის ნივთებიდან ამოღებულია მისი პასპორტი და გარკვეული რაოდენობის თანხა:

„მას ყველა საჭირო საბუთი ჰქონდა იმ ბინაში, სადაც ცხოვრობდა. ტრეფიკინგზე საუბარი არასერიოზულია. სამართლებრივად და მტკიცებულებების დონეზე დადგენილია, რომ მსგავსი რამ გამორიცხულია“.

როგორ მოხვდა ასსელი საქართველოში?

ასსელი საქართველოში აპრილის მიწურულს ჩამოვიდა. საქმის მასალებისა და გარდაცვლილი ქალის დედის თანახმად, მისი შვილის საქართველოში ჩამოსვლის ინიციატორი მათი ნათესავი კაცი, მურატ მეირბეკოვი იყო. კაცი რუსთავში, ახლად დაფუძნებულ ყაზახურ-ქართულ საავტომობილო ფირმაში, „ყაზავტოტრანსში“ მუშაობდა და მან ნათესავი ქალი სწორედ ამ ფირმაში სამუშაოდ მიიწვია. ქალს ყაზახურ ენაზე უნდა ეწარმოებინა ავტომობილების ყიდვა-გაყიდვისათვის საჭირო დოკუმენტაცია. ქალი რუსთავში მდებარე ფირმაში სამუშაოდ 28 აპრილს მივიდა. უკანასკნელად ის იქ 4 მაისს იყო.

აუდიოჩანაწერი, რომელიც ქალმა გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე გააკეთა

26 წლის ქალის გარდაცვალების საქმეში დევს ტელეფონით გაკეთებული, თითქმის ერთსაათიანი აუდიოჩანაწერი. ჩანაწერის ამონარიდები ქართულ მედიაში 8 მაისს გავრცელდა. ასსელის ბიძაშვილი, აინა აიტპაევა, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ჩანაწერი ასსელმა მეგობარს, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, ყაზახეთში გაუგზავნა. მისი ინფორმაციით, ჩანაწერი ქართულ მედიას ერთ-ერთმა ყაზახურმა ტელეკომპანიამ, „ხაბარმა“ მიაწოდა. ქალის თქმით, სწორედ ამ აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, რომ ასსელი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, მალევე გააუპატიურა მისმა ნათესავმა, მურატ მეირბეკოვმა.

აუდიოჩანაწერი ქალისა და კაცის დიალოგისგან შედგება. ჩანაწერი, სავარაუდოდ, საცხოვრებელ ბინაშია გაკეთებული. დიალოგი, სავარაუდოდ, მიმდინარეობს ასელ აიტპაევასა და ბესიკ თორდუას შორის. ჩანაწერის თანახმად, კაცი ქალს შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი სიტყვებით მიმართავს, აგინებს, ემუქრება „დამდუღვრით“ და ფანჯრიდან გადაგდებით.

ბესიკ თორდუას ჩვენება: „ჩავიხედე ქვევით, დავინახე, რომ კორპუსის ქვევით, ხრეშზე ესვენა ასსელის გვამი“

56 წლის ბესიკ თორდუა წაყენებულ ბრალს არ აღიარებს. მისი ადვოკატი, ლაშა შუკაკიძე ამბობს, რომ გამოძიებას ბესიკ თორდუას ბრალეულობის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება არ აქვს, გარდა აუდიოჩანაწერისა, რომლის ავთენტურობაც, მისი თქმით, ჯერჯერობით, დადასტურებული არ არის:

„დაკითხულია ხუთამდე მოწმე, რომლებიც არანაირ ინფორმაციას არ გადმოსცემენ იმასთან დაკავშირებით, რომ ბესომ რაიმე სახის ძალადობა ან რაიმე სახის იძულება განახორციელა გარდაცვლილის მიმართ. ერთადერთი, სასამართლოში წარდგენილია აუდიომასალა, სადაც, სავარაუდოდ, საუბრობს გარდაცვლილი. ხოლოდ მედიაც და სასამართლოც ამტკიცებს, რომ მეორე მხარე, მამაკაცის ხმა, რომელიც ისმის, ეს არის ბესოს ხმა. სამართლებრივად, ნებისმიერი დოკუმენტის ან აუდიომასალის იდენტიფიკაცია უნდა მოხდეს. უნდა მოხდეს ხმის იდენტიფიკაცია, ანუ, ვინ ლაპარაკობს. აქედან გამომდინარე, სასამართლოს არ ჰქონდა იმის მტკიცებულება, რომ მეორე მხარე, მამაკაცის ხმა, ეს არის მაინცდამაინც, ბესო და არა სხვა მამაკაცი. ამ ეტაპზე, გამოძიებას სხვა დამადასტურებელი მტკიცებულება არ გააჩნია და აღმკვეთი ღონისძიების გამოყენებისა და მისი საპატიმროში დატოვების საფუძველი სასამართლოს არ ჰქონდა“.

11 მაისს, რადიო თავისუფლებამ მოიპოვა ბესიკ თორდიას გამოკითხვის ოქმი. ის თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარ სამმართველოში ასსელის გარდაცვალებიდან 20 საათში, 5 მაისს, ღამით გამოიკითხა.

ბესიკ თორდია ჰყვება, რომ მას შემდეგ, რაც აპრილის დასაწყისში, ყაზახ პარტნიორთან, აიდოს შაიმერდენოვთან ერთად დააფუძნა კომპანია „ყაზტრანსაუტო“, გადაწყდა დამატებით თანამშრომლების აყვანა. ამავე კომპანიაში დასაქმდა აიდოსის პარტნიორი, ასევე ყაზახეთის მოქალაქე მურატ მეირბეკოვი, რომელმაც საქართველოში სამუშაოდ მოიწვია მისი ცოლისდა, ასსელ აიტპაევი. ასსელი საქართველოში 27 აპრილს ჩამოვიდა და სიძესთან, რუსთავში დაბინავდა. სამსახურში კი 28 აპრილს გამოცხადდა. ამავე კომპანიაში დაიწყო მუშაობა საქმის კიდევ ერთმა მოწმემ, თ.გ.-მ.

ბესიკ თორდიას თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ თანამშრომელ ქალებს „კლასიკურად ჩაცმა“ სჭირდებოდათ, 30 აპრილს, ბესიკ თორდია, მძღოლთან, თ.გ.-სთან და ასელთან ერთად, სადგურის მოედანზე მდებარე მოლში, ტანსაცმლის საყიდლად წავიდნენ.

ბესიკ თორდია ჰყვება, რომ იმ საღამოს ასსელმა რუსთავში, სიძის სახლში დაბრუნება აღარ მოისურვა და ბესიკ თორდიას გაუმხილა, რომ ის მურატ მეირბეკოვმა ორჯერ გააუპატიურა. ბესიკ თორდიამ ასსელს მის სახლში, თბილისში, კედიას ქუჩაზე მდებარე, ნაქირავებ ბინაში შესთავაზა ღამის გათენება.

ბრალდებულის ჩვენების თანახმად, მას ასსელი „შეეცოდა“, მურატის საქციელმა „ძალიან გააბრაზა“ და ამიტომ, 2 მაისს, მურატს სამსახურში მიაკითხა, ჩაისვა მანქანაში, ოფისის „შორი-ახლოს“ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და საქართველოს დატოვება მოსთხოვა: „მაგრამ შემდეგ თავი დავანებე, დავტოვე აეროპორტში და წამოვედი სახლში“, - ჰყვება ბესიკ თორდია.

მისი ჩვენების ოქმის მიხედვით, მომდევნო დღეებში, 4 მაისის ჩათვლით, ასსელი ღამეს ბესიკ თორდიას სახლში ათენებდა. ბრალდებული ჰყვება, რომ ქალი ოთახში იკეტებოდა, ტიროდა და მხოლოდ საჭმელად გამოდიოდა, თუმცა, მისი თქმით, 4 მაისს, სამსახურიდან დაბრუნებულებმა, მაღაზიაში ალკოჰოლური სასმელი შეიძინეს, დალიეს, რის შემდეგაც მათ ნებაყოფლობითი სექსუალური კავშირი დაამყარეს:

„01:30-ზე შევედი სააბაზანოში, რათა გადამევლო ტანზე. ასსელი იყო ისევ საწოლში. აბაზანის კარი ჩავკეტე. დამჭირდა დაახლოებით 3-5 წუთი და გარედან რაიმე საეჭვო ხმაური არ გამიგია. როდესაც გამოვედი აბაზანიდან, შევედი საძინებელში, რა დროსაც ვნახე, რომ ასსელი საწოლში არ იწვა. მაშინ შევამჩნიე, რომ საძინებლიდან აივანზე გასასვლელი კარი ღია იყო. მე ვიფიქრე, რომ ასსელი შეიძლება ეწეოდა სიგარეტს, მაგრამ აივნისკენ როდესაც გავიხედე, იქ ასსელი ვერ დავინახე. მე მაშინვე მივედი სახლის კართან, რათა გამეხედა, სადარბაზოში ხომ არ იყო გასული, მაგრამ კარი დაკეტილი იყო. მე ავფორიაქდი, რადგან ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. მაშინვე გავვარდი აივანზე და ჩავიხედე ქვევით, რა დროსაც დავინახე, რომ კორპუსის ქვევით, ხრეშზე ესვენა ასსელის გვამი. ის აივნიდან გადახტა თუ გადავარდა, ვერ მოგახსენებთ. ეს იყო ჩემთვის ძლიერი შოკი და შიში. მაშინვე ჩავიცვი ტანსაცმელი. ეს ყველაფერი ხდებოდა წამებში. მაშინვე თავში გამიელვა, რომ ასსელთან მე მქონდა სექსი, რაც შეიძლებოდა საეჭვო ვითარება ყოფილიყო მომხდარ სიტუაციაში, მაგრამ მაინც გადავწყვიტე, ჩავსულიყავი, იქნებ ცოცხალი იყო. როდესაც ჩავედი, ის ადგილი, სადაც ასსელის სხეული იყო, შემოსაზღვრული იყო მაღალი ღობით და გადასვლა ვერ შევძელი. ღობე თუნუქისაა და მეორე მხარეს რა ხდებოდა, არ დამინახავს. მე არ დამიძახია ასსელისთვის. მხოლოდ მივუახლოვდი იმ ადგილს და ყური დავუგდე, ხომ არ საუბრობდა ან შველას ხომ არ ითხოვდა. დაახლოებით გავჩერდი 2 წუთი, მაგრამ არანაირი ხმა არ გამიგია“.

ბესიკ თორდია აგრძელებს თხრობას და ამბობს, რომ მას ძალიან შეეშინდა, სახლში ავიდა, ჩანთაში ჩაალაგა რამდენიმე ხელი ტანსაცმელი და ზუგდიდში წასვლა გადაწყვიტა:

„ჩემი მხრიდან ასსელის მიმართ რაიმე მუქარასა და ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ჩემი აზრით, ასსელმა თავი მოიკლა იმის გამო, რომ გააუპატიურა მისი დის ქმარმა, მურატმა“.

ბრალდებულის ჩვენების ოქმისგან აბსოლუტურად განსხვავებულ ვერსიას ჰყვება მისი ადვოკატი, ლაშა შუკაკიძე. რადიო თავისუფლების კითხვაზე, სად იყო ბესიკ თორდია, როდესაც ქალი აივნიდან გადავარდა, ის გვპასუხობს:

„ბესიკს, სავარაუდოდ, ეძინა. მან მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო ასსელის გარდაცვალების ფაქტის შესახებ, როდესაც მეორე დღეს, პოლიციამ დააკავა. წარმოდგენა არ ჰქონდა. ბესიკმა იმ ღამეს არ იცოდა, სად წავიდა ასსელი, მით უმეტეს, ნივთები სახლში ჰქონდა დატოვებული, მაგრამ იყო კომენდანტის საათი და როდესაც დილით დააკავეს, მერე შეიტყო, რაც მოხდა, არც ხმა გაუგია, არაფერი იცოდა, ფაქტი შეიტყო პოლიციისგან“.

რას პასუხობს მედიას მურატ მეირბეკოვი?

26 წლის ქალის გარდაცვალების საქმის მასალების თანახმად, მურატ მეირბეკოვმა, გარდაცვლილის სიძემ, საქართველო 4 მაისს, ქუთაისის აეროპორტიდან დატოვა და აქტაუს მიმართულებით გაფრინდა.

10 მაისს მას ყაზახეთში, „ტელეგრამის“ საშუალებით დავუკავშირდით. ის მოკლე პასუხით შემოიფარგლა: „მიმდინარეობს გამოძიება, არ მაქვს უფლება, გავახმაურო ეს ინფორმაცია. არ შემიძლია არაფრის თქმა, მიმართეთ პოლიციას“.

საქმის მოწმე: „თითქოს ბესომ რაღაც ანიშნა თვალებით და ასსელი გაჩუმდა“

26 წლის ქალის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მოწმე, თ.გ., რომელიც ასსელთან ერთად მუშაობდა კომპანიაში, გამოკითხვის ოქმში ჰყვება, რომ ასსელსა და ბესიკს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ქალი ჰყვება, რომ მას შემდეგ, რაც ასსელი ბესიკთან საცხოვრებლად გადავიდა, მიზეზი ჰკითხა როგორც ბესიკს, ისე ასსელს, რაზეც ორივესგან პასუხად მოისმინა, რომ ასსელი ნათესავმა კაცმა ორჯერ გააუპატიურა და მას რუსთავში, მის სახლში დაბრუნება აღარ სურდა:

„როდესაც ბესომ მითხრა, რომ ასსელი, მგონი, მურატმა გააუპატიურაო, ამის შესახებ ვკითხე ასსელს, ხომ არ უძალადია მურატს შენზე-მეთქი, რაზეც მან მიპასუხა, რომ რუსთავში, მურადის ნაქირავებ ბინაში, როდესაც ასსელი ჩამოვიდა ყაზახეთიდან, 29 აპრილს, ორჯერ იძალადა მურადმა ასსელზე და გააუპატიურა და ამბობდა, რომ მასთან ამიტომ არ უნდოდა ცხოვრება. 3 მაისს, მე, ასსელი და ბერდია (მძღოლი), წავედით მცხეთაში ჯვარზე და სვეტიცხოველში. ასსელი ძალიან ბედნიერი იყო და ძალიან მოეწონა მცხეთა. ამ სეირნობისას მე ვკითხე, ბესო როგორ ექცეოდა და კარგად თუ გრძნობდა თავს. მან მითხრა, რომ თავად საძინებელში ეძინა, ხოლო ბესიკს დივანზე და ამბობდა, რომ ძალიან კარგად ექცეოდა ბესიკი და მასთან ყოფნაზე არ ჰქონდა პრეტენზია“.

თ.გ.-ს თქმით, ფირმის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, აიდოს შაიმერდენოვმა ასსელს 4 მაისს ცალკე ბინის გასაღებიც შესთავაზა და უთხრა, რომ იქ გადასვლა შეეძლო, რადგან ბინა ცარიელი იყო, თუმცა, მისი თქმით, ასსელმა ამ შეთავაზებაზე უარი თქვა:

„გამიკვირდა, რადგან 4 მაისს, ასსელმა მე მითხრა, რომ ცალკე უნდოდა გადასვლა, რათა უფრო კომფორტულად ყოფილიყო. ბესომ ასსელს ჰკითხა, რაზე ელაპარაკებოდა აიდოსი. ასსელმა უპასუხა, რომ მან ცალკე გადასვლა შესთავაზა და თან ასსელმა ბესოს შეხედა თვალებში, თითქოს ბესომ რაღაც ანიშნა თვალებით და ასსელი გაჩუმდა. ჩემი აზრით, ბესომ თვალებით აგრძნობინა, რომ უარი ეთქვა ცალკე გადასვლაზე. ასევე ბესომ ასსელს უთხრა, რომ გამოერიცხა ეს თემა და ასევე ეუბნებოდა, რომ მისი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ყოფილიყო ასსელი. შესაბამისად, მეც შევამჩნიე, რომ ბესოს არ სურდა ასსელის გადასვლა“.

არსებობს თუ არა ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, როგორ აგდებენ 26 წლის ქალს აივნიდან?

ინფორმაცია, რომ შესაძლოა, არსებობდეს ვიდეოჩანაწერი, სადაც, სავარაუდოდ, ჩანს ყაზახეთის მოქალაქის აივნიდან გადმოგდების კადრი, ტელეკომპანია „მთავარ არხს“ ყაზახეთის მოქალაქემ 10 მაისს, ღამით მიაწოდა. ინფორმაცია, სავარაუდოდ არსებული კადრების შესახებ, 11 მაისს შეიტყო გარდაცვლილის დედამაც:

„თუკი მართლა არსებობს ასეთი კადრი, ძალიან ვთხოვ ამ ადამიანს, მივიდეს პოლიციაში და განაცხადოს“...

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG