Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლ ფაშინიანი: ჩვენი, ორი ქვეყნის ხალხი მრავალი ძაფითაა გადაჯაჭვული


ირაკლი ღარიბაშვილი, ნიკოლ ფაშინიანი.
ირაკლი ღარიბაშვილი, ნიკოლ ფაშინიანი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ სომხეთის მთავრობის რეზიდენციაში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოსთან ურთიერთობის შესახებ ილაპარაკა.

ფაშინიანის თქმით, საქართველოსთან განსაკუთრებული კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებას საკვანძო ადგილი უკავია სომხეთის საგარეო პოლიტიკაში.

„ჩვენი, ორი ქვეყნის ხალხი მრავალი ძაფითაა გადაჯაჭვული, ჩვენი საუკუნოვანი მეგობრობა, ისევე როგორც დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საერთო ღირებულებები ქმნის იმ მყარ საფუძველს, რასაც ეფუძნება ჩვენი ორი სახელმწიფოს პარტნიორობა. საქართველოს სომხური სათვისტომო, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, არის ის ხიდი, რომელიც აკავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას. ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის დინამიურად განვითარების ფართო დღის წესრიგი. დღეს ბატონ ღარიბაშვილთან შესაძლებლობა გვქონდა გაგვეგრძელებინა საქართველოს მთავრობასთან განმტკიცებული კონსტრუქციული დიალოგი. ჩვენ შევეხეთ ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ეკონომიკის და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში თანამშრომლობის ამჟამინდელ მდგომარეობას და განვითარების პერსპექტივებს. გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს ურთიერთობებში კიდევ უფრო მეტი ყურადღება გავამახვილოთ სავაჭრო და ეკონომიკურ კავშირებზე. ჩვენს მიერ განსაკუთრებით ხაზი გაესვა რეგიონალური სატრანსპორტო-საკომუნიკაციო გზების მეტად ეფექტური გამოყენების და სატრანზიტო პოტენციალის განვითარების საჭიროებას“, - განაცხადა ნიკოლ ფაშიანიანმა.

როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რეგიონულ პრობლემებზე საუბრისას გამოთქვა „ღრმა რწმენა“, რომ ყარაბაღის კონფლიქტი საბოლოოდ უნდა მოგვარდეს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ეგიდით და მათ მიერ შემოთავაზებული პრინციპების საფუძველზე.

სომხეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით, დღეს, 12 მაისს, ჩავიდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG