Accessibility links

site logo site logo

სასამართლომ დააყადაღა „რუსთავი 2“-ის უძრავი ქონება


ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლო განჩინებით ყადაღა დაედო „რუსთავი 2“-ის უძრავ ქონებას - მიწის ნაკვეთებსა და მათზე არსებულ ყველა შენობა-ნაგებობას. ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის ადვოკატი კახა კოჟორიძე.

„აქამდე, ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე, დაყადაღებული იყო რ2-ის 60% წილი. ახლა, ასევე დაყადაღდა რ2-ის უძრავი ქონება სრულად.ჩვენ ასევე ვითხოვდით რ2-ის მოძრავი ნივთების დაყადაღებას და ქ.ხალვაშისთვის გარკვეული უფლებამოსილებების შეზღუდვას. ჯ.აქიმიძე და დ.დვალი ითხოვდნენ ზუსტად იმ ღონისძიებებს, რაც სასამართლომ ქ.ხალვაშის მიერ 2015 წელს შეტანილ სარჩელზე გამოიყენა. მიუხედავად ამისა, რ2-ის დამფუძნებელთა მიმართ სასამართლომ კვლავ შერჩევითად იმოქმედა და ამ ნაწილში მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდება კანონით დადგენილი წესით“, - აღნიშნავს კახა კოჟორიძე. მისი თქმით, გამოყენებული იქნება ყველა სამართლებრივი მექანიზმი, რათა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ მის დამფუძნებლებს დაუბრუნდეთ.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორმა პაატა სალიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სასამართლოს განჩინება უძრავი ქონების დაყადაღების შესახებ კომპანიას ჯერ არ ჩაბარებია, თუმცა დაყადაღება დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის მიმართვის საფუძველზე მოსალოდნელი იყო.

სასამართლომ ჯერ კიდევ 2019 წლის ოქტომბერში დვალისა და აქიმიძის მიმართვის საფუძველზე დააყადაღა „რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილი. დამატებითი საჩივარი „რუსთავი 2“-ის საქმეზე დვალმა და აქიმიძემ მიმდინარე წლის 19 მარტს შეიტანეს. ეს დაკავშირებული იყო „რუსთავი 2“-ისა და „პრაიმტაიმის“ ჰოლდინგის შექმნის გადაწყვეტილებასთან. დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე შიშობდნენ, რომ ამ გაერთიანებით სამაუწყებლო კომპანიის ქონებას საფრთხე ექმნება და სასამართლოში რომც გაიმარჯვონ, შესაძლოა მხოლოდ ფურცელზე დარეგისტრირებული კომპანია დარჩეთ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ 2019 წლის ზაფხულში დაიბრუნა ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა „რუსთავი 2“-ის სარჩელი და საქართველოში აღსრულდა ხალვაშის სასარგებლოდ უზენაესი სასამართლოს მიერ 2017 წელს მიღებული გადაწყვეტილება.

ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანიის დამფუძნებლებს და ყოფილ მფლობელებს, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს, შესთავაზა 40%-იანი წილი, რომელზეც მათ უარი თქვეს. ტელეკომპანიის დამფუძნებლები ხალვაშისგან 60%-იანი წილის დაბრუნებას ითხოვენ. ეს საქმე სასამართლოშია.

დვალი და აქიმიძე აცხადებენ, რომ 2004 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ „რუსთავი 2“-ის წილები იძულებით დაათმობინა. იმავე წელს ტელეკომპანიის მფლობელი გახდა ქიბარ ხალვაში, რომელიც ირწმუნება, რომ „რუსთავი 2“ იძულებით შეაძენინეს და 2006 წელსაც იძულებით დაათმობინეს.

პროკურატურამ დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე დაზარალებულად 2015 წელს ცნო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG