Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

USAID-ი საქართველოს 67 მილიონი დოლარის ოდენობის გრანტს გამოუყოფს მომავალში გაზრდის შესაძლებლობით


„დღეს, ჩვენ ხელს ვაწერთ ძალიან მნიშვნელოვან საგრანტო შეთანხმებას, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. "საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის" შეთანხმება მიზნად ისახავს მაღალანაზღაურებადი და ხარისხიანი დასაქმების შესაძლებლობას, ანგარიშვალდებული მმართველობის გაძლიერებას და დემოკრატიული მიღწევების განმტკიცებას“, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის საგრანტო შეთანხმების „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის“ ხელმოწერის ცერემონიის გახსნაზე განაცხადა.

ამერიკის შეერთებულ შტატებთან განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმებას „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის“ ხელი მთავრობის ადმინისტრაციაში მოეწერა. შეთანხმების შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს გამოუყოფს 67 მლნ აშშ დოლარამდე ოდენობის გრანტს 330 მლნ აშშ დოლარამდე გაზრდის შესაძლებლობით.

საგრანტო შეთანხმების ფარგლებში, დაგეგმილია პროექტების განხორციელება შემდეგი მიმართულებებით: კონფლიქტების მოწესრიგება და სტაბილიზაცია, ადამიანის უფლებები, სოფლის მეურნეობა, კერძო სექტორის პროდუქტიულობა, კანონის უზენაესობა, დემოკრატიული მმართველობა, სამოქალაქო საზოგადოება, საბაზისო განათლება, სოციალური სერვისები, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა.

შეთანხმებას ხელი ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და USAID-ის მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა მოაწერეს. ცერემონიას ესწრებოდა შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი.

„მე ძალიან მახარებს, რომ დღეს თქვენ წინაშე ვიმყოფები და ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს აღვნიშნავთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის”, - თქვა კელი დეგნანმა. მისი თქმით, ახალი საგრანტო შეთანხმება არის საქართველოსა და შეერთებული შტატების ერთობლივი ფასეულობების განმამტკიცებელი პროგრამა განვითარებისთვის, რომელიც გააძლიერებს საქართველოს მედეგობას და გამძლეობას გარედან მომდინარე საზიანო ეფექტების მიმართ, გააძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და მოიტანს ეკონომიკურ ზრდას.

„ეს დახმარება ბევრი მიმართულებით შექმნის შესაძლებლობებს. ახალი პროგრამა შეიქმნება ენერგეტიკის უსაფრთხოების მიმართულებით, საქართველო შეძლებს ენერგორესურსების დივერსიფიკაციას და რუსეთზე დამოკიდებულებას შეამცირებს. ეს შესაძლებელს გახდის საქართველოს მოსახლეობისთვის ხარჯების შემცირებას. ჩვენ ამ მიმართულებით ახალ ინიციატივებს ვამუშავებთ იმისთვის, რომ ეკონომიკური შესაძლებლობები გაიზარდოს, ხალხთაშორისი ურთიერთობა გაიზარდოს და ეს ასევე მოიცავს ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა მყოფ თემებს და საზოგადოებას. ჩვენ გავაგრძელებთ ინვესტიციებს საბაზისო განათლებაში იმ 7 მლნ-ის მიღმა, რომელსაც ვახორციელებთ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის ფარგლებში, რომელიც გასულ წელს დაიწყო.

ახალი პროგრამა დაიწყება სამოქალაქო განათლების კუთხით, რაც სამომავლოდ შექმნის იმ რესურსს, რომ კადრები მზად იყოს ამ სფეროში. ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო დაეხმარება საქართველოს ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე, რომ მეტი გამჭვირვალობა, მეტი ანგარიშვალდებულება არსებობდეს და ლიდერები ანგარიშვალდებულნი იყვნენ ხალხის წინაშე. და ბოლოს, ეს დაფინანსება შესაძლებელს გახდის, რომ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ ახალი პროგრამები დააფინანსოს საქართველოში, მათ შორის, ერთ-ერთი ახლახან გამოცხადებული, რაც გულისხმობს უმუშევრობის დონის შემცირებას, საშუალო და მცირე საწარმოების განვითარებას და გაფართოებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით“, - თქვა შეერთებული შტატების ელჩმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

„ჩვენი ქვეყნისადმი USAID-ის დახმარება შეადგენს 1.8 მილიარდ აშშ დოლარს. უკვე განხორციელდა დაახლოებით 335 პროგრამა. სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის, განათლების და ჯანდაცვის მიმართულებით. მინდა აღვნიშნო, რომ ეს ყველაფერი, ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის სწრაფ აღდგენას. მინდა კიდევ ერთხელ, ჩვენი მთავრობისა და ხალხის სახელით, მადლობა გადავუხადო ამერიკის მთავრობას, ქალბატონ ელჩს, ასეთი მნიშნელოვანი დახმარებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა საგრანტო ხელშეკრულებაზე ხელმოწერამდე.

XS
SM
MD
LG