Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა გვარამიას ნომრის გასაჯაროებისთვის თეა წულუკიანს ინსპექტორმა პასუხისმგებლობა არ დააკისრა


სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა დაასრულა შესწავლა პარლამენტის დარბაზში დეპუტატ თეა წულუკიანის მიერ ტელეკომპანია "მთავარის" ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას პირადი ტელეფონის ნომრის საჯაროდ გამოცხადების საქმეზე და არ ჩათვალა საჭიროდ, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაკისრებოდა იმ დროისთვის განათლებისა და კულტურის კომიტეტის ხელმძღვანელს. სახელმწიფო ინპექტორის აპარატმა თეა წულუკიანის მხრიდან ნიკა გვარამიას პირადი ინფორმაციის გამჟღავნება საპარლამენტო ტრიბუნიდან განიხილა სხვა ორ შემთხვევასთან ერთად, რაც ამ ინცინდენტთან იყო დაკავშირებული, კერძოდ, მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანმა ნიკა გვარამიას ნომერი გაასაჯაროვა, წულუკიანის ნომერი სოციალურ მედიაში ღიად დაწერეს ჟურნალისტებმა ელისო კილაძემ და ნანუკა ჟორჟოლიანმა.

თეა წულუკიანმა ნიკა გვარამიას პირადი ნომერი პარლამენტის ტრიბუნიდან 2 თებერვალს გამოაცხადა საჯაროდ.

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა სამივე განხილულ შემთხვევაზე გამოხატვის თავისუფლება უპირატესად მიიჩნია და თქვა, რომ უფრო მართებული იქნება, თუ ამ საქმეებს პარლამენტის ეთიკის კომისია და ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განიხილავს. აი, რას წერს სახელმწიფო ინსპექტორი შესწავლის შედეგად:

"პარლამენტის წევრი სარგებლობს იმუნიტეტით და მას უფლებამოსილების განხორციელებისას მინიჭებული აქვს გამოხატვის თავისუფლების ფართო ფარგლები, მისი მხრიდან სადეპუტატო საქმიანობის ფარგლებში პერსონალურ მონაცემთა გასაჯაროება ვერ გახდება საპარლამენტო იმუნიტეტის შეზღუდვის საფუძველი. პარლამენტის წევრებისთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მინიჭების მიზანი არის ის, რომ მათ მიეცეთ მნიშვნელოვან დებატებში მონაწილეობის მიღების საშუალება მათზე დაკვირვებების, შეზღუდვების ან მოსაზრებების რედაქტირების, ასევე, სასამართლოს ან სხვა ამგვარი ორგანოს წინაშე წარდგენის საშიშროების გარეშე. იმუნიტეტი, პარლამენტარისთვის „გარე პირის“ (ხელისუფლების სხვა შტოს) მიერ პასუხისმგებლობის დაკისრებისგან დაცვის გარანტიაა და პარლამენტარს მის მიერ გამოთქმული აზრებისა და შეხედულებების გამო, პოტენციურად გაუთავებელი სამართლებრივი დავებისაგან იცავს. ამგვარ დავებს, შეუძლიათ შეზღუდონ პარლამენტარების მიერ საკუთარი შეხედულებების გამოხატვის თავისუფლება იმდენად, რომ ეჭვის ქვეშ დადგეს სადეპუტატო მანდატის ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ინსპექტორმა თეა წულუკიანს არ დააკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
"ჟურნალისტებმა ტელეფონის ნომერი მოიპოვეს ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით დაცულია ჟურნალისტის პროფესიული საიდუმლოება. რაც შეეხება ტელეფონის ნომრის გასაჯაროებას, მათი განმარტებით თეა წულუკიანი არის პოლიტიკური თანამდებობის პირი და იგი ანგარიშვალდებულია მოსახლეობის წინაშე. მოქალაქეებს უფლება აქვთ იცოდნენ მისი ტელეფონის ნომერი, რათა დაუკავშირდნენ სხვადასხვა საკითხზე. შესაბამისად, თეა წულუკიანის ტელეფონის ნომრის გასაჯაროვების მიზნად მათ მიუთითეს საზოგადოების ინფორმირება. ვინაიდან ჟურნალისტებმა ელისო კილაძემ და ნანა ჟორჟოლიანმა გაასაჯაროვეს, პროფესიული საქმიანობის ფარგლებში მოპოვებული, საჯარო პირის (საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის) სატელეფონო ნომერი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ, ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობის გათვალისწინებით, საჯარო ინტერესი განიმარტა ფართოდ და საკითხი გადაწყდა გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების უფლების სასარგებლოდ. შესაბამისად, ნანა ჟორჟოლიანს და ელისო კილაძეს არ დაეკისრათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა".

წულუკიანის მიერ გვარამიას ნომრის გასაჯაროება კანონსაწინააღმდეგოდ შეაფასა "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" და აღნიშნა, რომ ამგვარი ქმედება ნეგატიურ კამპანიას ახალისებს.

თეა წულუკიანის მიერ ნიკა გვარამიას ნომრის გაჟღერება არაეთიკურად შეაფასა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატიც წერს, რომ ის, რაც თეა წულუკიანმა გააკეთა, საშიში პრეცედენტია და საპარლამენტო დებატების დროს გაკეთებული განცხადება იყო ცალსახად არასაჭირო მიმდინარე დებატების კონტექსტში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG