Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალის რაიონიდან წალენჯიხის სოფელში გადასვლის დროს კაცი ცხენთან ერთად ხევში გადავარდა   


ენგურის ხიდი
ენგურის ხიდი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში გალის რაიონიდან ცხენით გადასვლის დროს კაცი ხევში გადავარდა. ის ოკუპირებული აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში გადმოსვლას შემოვლითი გზით, ტყით ცდილობდა.

როგორც რადიო თავისუფლებას მერის წარმომადგენელმა სოფელ მუჟავაში მამუკა ჩხაპელიამ განუცხადა, კაცი მძიმე მდგომარეობაშია და გადაიყვანეს საავადმყოფოში. მისივე ცნობით, თავდაპირველად გავრცელდა ცნობა, რომ ტყით მოდიოდა ორი მგზავრი, თუმცა ეს ინფორმაცია ამ ეტაპზე არ დასტურდება: „ერთი არის გადავარდნილი ხევში, რომელიც უგონო მდგომარეობაში ქუთაისში გადაიყვანეს. თქვეს, რომ იყო მეორე, მაგრამ ამაზე ინფორმაცია ვერ დავაზუსტეთ. ზუსტად ვიცი ის, რომ ცხენი გადაიჩეხა. ცხენი ადგილზე მოკვდა და ეს მამაკაცი უგონოდ არის“.

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორი სულხან ორჟონია ამბობს, რომ პაციენტი თავდაპირველად მათთან შეიყვანეს და მოგვიანებით გადაიყვანეს ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში. როგორც სულხან ორჟონია განმარტავს, მამაკაცს ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა​ აქვს და იმყოფება უგონო მდგომარეობაში.

„მას ჰქონდა თავის ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა, ქალა-ფუძის მოტეხილობა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, თავის ტვინის ტრავმული შეშუპება, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა. მდგომარეობა მძიმეა და იმყოფება კომატოზურ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე“, - განაცხადა სულხან ორჟონიამ.

წალენჯიხის სოფელ მუჟავას ოკუპირებული გალის სოფელი ლეკუხონა ესაზღვრება.

XS
SM
MD
LG