Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს და უკრაინის პრემიერ-მინისტრები ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებაზე შეთანხმდნენ


2020 წელს საქართველოსა და უკრაინას შორის სავაჭრო ბრუნვა 15%-ზე მეტით შემცირდა. მიზეზად კორონავირუსის პანდემია დასახელდა თბილისში, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. ირაკლი ღარიბაშვილის და დენის შმიგალის მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ აუცილებელი არის გააქტიურება ამ მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, უკრაინა საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია და დღევანდელ შეხვედრაზე მიზნად დაისახეს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის გაორმაგება. ღარიბაშვილის თანახმად, აუცილებელია გააქტიურება ტრანსპორტის და ლოგისტიკის სფეროებშიც. პრემიერ-მინისტრმა ისიც თქვა, რომ საქართველოს უკრაინიდან ბევრი ტურისტი ჰყავს: „ჩვენ მოხარული ვიქნებით ყოველთვის მეტი უკრაინელი ტურისტის მიღებით საქართველოში“.

უკრაინის პრემიერ-მინისტრი, როგორც თავად განაცხადა, დარწმუნებულია, რომ დღევანდელი მოლაპარაკების შედეგად მიღწეული შეთანხმებები იქნება იმპულსი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებისთვის, ერთობლივი საინვესტიციო, ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური პროექტების განვითარებისთვის და ხელს შეუწყობს კოორდინაციის გაძლიერებას ტურიზმის სფეროში და კორონავირურსის წინააღმდეგ ბრძოლაში. დენის შმიგალმა მნიშვნელოვანი უწოდა დღეს მიღწეულ შეთანხმებას, რომ უკრაინა და საქართველო აღიარებენ დოკუმენტებს ვაქცინაციის შესახებ, რაც ორივე ქვეყნის მოქალაქეებს საზღვრების კვეთას გაუადვილებს.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანახმად, პანდემიამ უარყოფითად იმოქმედა ორმხრივი ვაჭრობის დინამიკაზე და 2020 წელს საქონელბრუნვა შემცირდა 15.6%-ით, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ პირველი კვარტლის შედეგებით, ისევ გაზრდილია 4%-ით. შმიგალის ინფორმაციით, შეთანხმდნენ, რომ ნეგატიური ტენდენციების დასაძლევად წლის ბოლოს ჩატარდება ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობო კომისიის მეათე სხდომა, მანამდე კი, უახლოეს ხანში გაიმართება ტრანსპორტის, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის და ტურიზმის სამუშაო ჯგუფების შეხვედრები.

უკრაინის და საქართველოს პრემიერ-მინისტრები ასევე, შეთანხმდნენ, რომ დიდ ყურადღებას დაუთმობენ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების ერთობლივ განვითარებას და სატვირთო გადაზიდვებს შავ ზღვაზე, საქართველოს და უკრაინის პორტებს შორის. დენის შმიგალმა თანამშრომლობის ერთ-ერთ საკვანძო მიიმართულებად დაასახელა ენერგეტიკული უსაფრთხოებაც.

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით გვიან ღამით ესტუმრა. დღეს დილით გაიმართა მისი და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა, რომელიც სამთავრობო დელეგაციების გაფართოებული შეხვედრით გაგრძელდა.

XS
SM
MD
LG