Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ გაბუნიას თქმით, ნინოწმინდის პანსიონში ბავშვების საჭიროებებს შეაფასებენ


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონში არსებულ ვითარებას ამოწმებენ, რათა ბავშვების საჭირობებს გაეცნონ და შესაძლო ძალადობის ფაქტები არ განმეორდეს. ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ მედიასთან საუბარში განაცხადა.

„ამ საქმით დაკავებულია ზრუნვისა და ტრეფიკინგის სააგენტო. გადაწყვეტილება მიღებული იყო ბავშვების საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, 6 ბავშვის გადმოყვანის შესახებ და მიმდინარეობს მუშაობა სხვა ბავშვებთან იმისთვის, რომ შეფასდეს მათი საჭიროებები და გადაწყვეტილება იქნას მიღებული მათი საუკეთესო ინტერესების დაცვის პირობებში. მსგავსი სირთულეები, რა თქმა უნდა, ძალიან საყურადღებოა და როგორც პრევენციულად და ამ კონკრეტულ შემთხვევაში რეაგირების კუთხით ჯანდაცვის სამინისტროც და ზრუნვის სააგენტოც მაქსიმალურს გააკეთებენ იმისთვის, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს და იმ ბავშვების ინტერესები, რომლებიც ამჟამად იქ იმყოფებიან, ფსიქოლოგებისა და სხვა უწყებების დახმარებით დაიცვან ბოლომდე“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

4 ივნისს, ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“, თბილისის საქალაქო სასამართლოს დროებითი განჩინების გამოცემის შესახებ შუამდგომლობით მიმართა. ორგანიზაცია მოსამართლისგან ითხოვს გამოსცეს განჩინება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში მცხოვრები ბენეფიციარების დაუყოვნებლივ გამოყვანის შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავს მედიასაშუალებებს, რომლებიც შეიძლება ფლობდნენ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესაძლო დანაშაულზე გამოძიებისთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაციას, მათ მიაწოდონ. ამ შინაარსის განცხადება უწყების პრესსამსახურმა გაავრცელა.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინფორმაციით, პანსიონატში ამჟამად 56 ბენეფიციარი ცხოვრობს. თუმცა, სხალთის მთავარეპისკოპისი, მეუფე სპირიდონ აბულაძე ამბობს, რომ იქ 150-მდე ბავშვი ცხოვრობს.

ნინოწმინდის პანსიონში, სადაც ბავშვებზე, სავარაუდოდ, ძალადობა ხდება, წლებია არ უშვებენ სახალხო დამცველს. 2 ივნისს, ნინო ლომჯარიამ სამართალდამცავი უწყებებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე განაცხადა, რომ 4 გამოძიებაა დაწყებული ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG